თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც ყოველ ჯერზე განსაკუთრებულად ველოდებით. თან წლევანდელი ფესტივალი ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 25-დან 28 მაისის ჩათვლით ექსპო ჯორჯიას მე-11 და მე-6 პავილიონებში შეგვეძლება მისვლა და სასურველი წიგნების დათვალიერება, შეძენა, საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება, ლიტერატურაზე საუბარი, აზრების გაცვლა…
ამ დღეებისთვის გამომცემლობები განსაკუთრებულად ემზადებიან, რათა ფესტივალზე მისულ მრავალრიცხოვან მკითხველს საინტერესო ლიტერატურა და აქტივობები დაახვედრონ. მათ შორისაა ორი ცნობილი გამომცემლობა – „ინტელექტი” და „არტანუჯი”. ისინი საფესტივალო გამოცემების გარდა არაერთ ღონისძიებასაც გთავაზობენ, რომლებსაც ამ სტატიაში თანმიმდევრობით გაგაცნობთ.
დავიწყოთ გამომცემლობა „ინტელექტით”.
პირველი დღე, 25 მაისი, მე-11 პავილიონი
14:30-15:00 საუბარი რეზო გაბრიაძეზე – სპიკერები: ზვიად კვარაცხელია, ლეო გაბრიაძე, თამთა თურმანიძე.
წიგნი რეზო გაბრიაძის ნახატებითაა გაფორმებული და კრებულში შესულია მისი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.
26 მაისი, მე-11 პავილიონი, 15:20-15:40, სთ
ეკა ტოგონიძის ახალი წიგნის, „ექვსი ნოეს კიდობანი” წარდგენა. სპიკერები: ეკატერინე ტოგონიძე, ზვიად კვარაცხელია.
ამ წიგნში 6 პერსონაჟის 6 ამბავია წარმოდგენილი, რომლებიც 1918-1921 წლების საქართველოდან არიან და რომლებიც ავტორმა დღევანდელ ყოფით სივრცეს მხატვრულად მოარგო. როგორც გახსოვთ, ამ წლების საქართველო დროებით, მაგრამ რაღაცნაირად, მოულოდნელად იქცა პროგრესულ და დემოკრატიულ ქვეყნად, რაც ამძაფრებს თანამედროვე მკითხველის დაინტერესებას ამ ნაწარმოების მიმართ.

26 მაისი, მე-6 პავილიონი, 15:30 – 16:00
„შვილისთვის დაწერილი ზღაპრების“ წარდგენა. წარმდგენები: დავით ნატროშვილი, მანანა გოგაშვილი, გამომცემლობა „ინტელექტი“.
ეს არის ზღაპრების კრებული, სახელად, „დადუდა“, რომელიც ბავშვებს მხიარულ და ფერად სამყაროში ეპატიჟება. მთავარი მასპინძელია დადუდა, ბიჭი, რომელსაც ერთხელ დაესიზმრა, რომ ბუნების ენა იცოდა.
19:00 – 19:30, „როგორ გავუფრთხილდეთ ოთხფეხა მეგობრებს” – შეხვედრა ნინო ლომიძესთან
წიგნის შესახებ
„უშბა მქვია. ოთხი ფეხი მაქვს. ფუმფულა კუდი, დაცქვეტილი ყურები და გრძელი ბეწვი. დედა ამბობს, მგელს ჰგავხარო. მე არ ვიცი, ვგავარ თუ არა მგელს. კუდზე თეთრი მწვერვალი მაქვს. თეთრი სამკუთხედი. ამიტომ დამარქვეს უშბა, თოვლიანი მწვერვალის სახელი.
ამ წიგნში ჩემს მეგობრებს გაგაცნობ: დარიკოს, ბრუნოს, კიდოს, ჩაქვის, ღომის, პელეს, ვენიკოს და მოხუც რიჩის. მიყვარს მეგობრები. მიყვარს სეირნობა, სირბილი, კითხვების დასმა, ბალახების სუნი, მოხუც რიჩისთან საუბარი, დარიკოსთან ერთად, ახალი ამბების გაგება, ნაგვის სურნელოვანი მანქანა, ძამიკო ბუბა, დაიკო ანა, კატა ფოსო და დედა.
როცა ვკოტრიალობ, ბალახის სიმღერას ვუსმენ, დაჭერობანას ვთამაშობ, აფრენილ ჩიტებს შევყურებ და გუბეებში ვტყაპუნობ, გული სიხარულით მევსება. შენ როდის გევსება გული სიხარულით?”
27 მაისი, მე-11 პავილიონი, 18:30-19:00 სთ
სპიკერები, გვანცა ჯობავა და ქეთი ხუციშვილი ისაუბრებენ ვოლოდიმირ ზელენსკის წიგნზე „ომი ევროპის წინააღმდეგ“. მოდერატორი ზურაბ ბატიაშვილი იქნება.
ეს წიგნი ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს აერთიანებს. ფაქტობრივად, ეს უკრაინის ისტორიაა, მისი პრეზიდენტის მიერ მოყოლილი.
28 მაისი, მე-6 პავილიონი, 13:30 – 14:00
წიგნის „დათუნია დრუნჩა – ქართული საბავშვო პოეზიის შედევრები“, წარდგენა, წარმდგენები: ლელა კოტორაშვილი, დათო ადამაშვილი.
ახლა კი გამომცემლობა „არტანუჯის” საფესტივალო კალენდარი ვიხილოთ:
25 მაისს, მე-11 პავილიონში, 13:40 – 14:00 საათზე გამომცემლობა არტანუჯს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის წარდგენა ექნება – „ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. წარმდგენები იქნებიან თავად ავტორი, ზვიად კვარაცხელია და შოთა არველაძე.
წიგნი ნახევრად ბიოგრაფიულია. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს წინ ჯერ კიდევ დიდი კარიერა აქვს, ეს წიგნი უფრო მისი, მისი ოჯახისა და წინაპრების პორტრეტია. ამასთან, ეს არის წიგნი საქართველოზეც, სამეგრელოზეც, ქართულ ფეხბურთზეც და წარსულში მოგზაურობაზეც.
26 მაისი, მე-11 პავილიონი, 17:30 – 18:00 სთ
ასევე, საინტერესო მეორე დღეს გვთავაზობს არტანუჯი. აქ ახალი წიგნის „ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის რესპუბლიკა. 1918 წელი“ წარდგენა გაიმართება, რომელსაც ბექა კობახიძე, სტივენ ჯონსი და შტეფან მალერიუსი გაუძღვებიან.

27 მაისი, მე-6 პავილიონი, 13:30 – 14:00
ახალი საბავშვო გამოცემის – „კურკა” წარდგენა. წარმდგენები: თამარ ლონდარიძე, ნინო ჯიჯავაძე, გამომცემლობა „არტანუჯი“.

28 მაისი, მე-11 პავილიონი, 17:00-17:40
ოლეგ პანფილოვის მიერ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისა და კავკასიელ ბავშვთა წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ დაწერილი წიგნების წარდგენა. სპიკერები: ალექსანდრე კრასავეცკი, ბუბა კუდავა და ოკსანა მასლაკი.
28 მაისი, მე-11 პავილიონი, 17:40 – 18:00
„არტანუჯის“ ახალი გამოცემის – „ქართული ფილმი. ფოტოისტორიები, კულისები, ქრონიკები“ წარდგენა. წარმდგენები: თინათინ კიღურაძე, სოფიო ლაპიაშვილი, გურამ წიბახაშვილი.

28 მაისი, მე-6 პავილიონი
13:00 – 13:30 წიგნის, „მიგრანტები: ამბავი, პერსონაჟები, ილუსტრაცია“ წარდგენა. წარმდგენი: ზვიად კვარაცხელია, გამომცემლობა „არტანუჯი“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია.
14:00 – 14:30 როგორ შეიქმნა ვაჟა–ფშაველას პოემების გრაფიკული ვერსიები. წარმდგენები: ნინია სადღობელაშვილი, თამარ კაკუბავა, გამომცემლობა „არტანუჯი“.
15:00 – 15:30 წიგნის „მოდი ერთად დავითვალოთ” წარდგენა. წარმდგენები: ლიკა ჭალაგანიძე, თათა ჭანტურია, თინათინ ქართველიშვილი, გამომცემლობა „არტანუჯი“.
აღსანიშნავია, რომ ორივე გამომცემლობის შემთხვევაში, სტენდებთან მათი ავტორები დაგხვდებიან, რომლებთანაც მკითხველი გასაუბრებასა და მათი ავტოგრაფების მიღებას შეძლებს. ავტორებს შორის არიან: პაატა შამუგია, ნანა აბულაძე, რატი მუჯირი და სხვები „ინტელექტიდან”, ხოლო „არტანუჯიდან”: ლევან ბერძენიშვილი, თინათინ კიღურაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები.
[R]











