როდესაც წარმოადგენ ბრენდს, რომელსაც აქვს თავისი იდენტობა და ის კარგადაა ასახული შენ მიერ წარმოებულ პროდუქციაში, რა თქმა უნდა, არ გსურს, რომ ვინმემ დააკოპიროს ის, მიითვისოს იდეა, კონცეპტი, ვიზუალი და, რაც მთავარია, შენი სახელით ისარგებლოს.
ზარაფხანა ერთადერთი უძველესი ბრენდია საქართველოში, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია ქმნის უნიკალურ საიუველირო ნაკეთობებს ქართული საოქრომჭედლო ტრადიციებით და გამორჩეული ნიშაც აქვს ბაზარზე. საიუველირო ნაკეთობები, რომლებსაც ის აწარმოებს, ყოველთვის ზარაფხანას შემოქმედებითი სამსახურის მიერ, დიდი ფიქრისა და მუშაობის შედეგად იქმნება. ყველა ნაკეთობა, რომელიც საბოლოოდ მომხმარებლამდე მიდის, დაპატენტებულია და წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას.
თუმცა მის წარმატებულ საქმიანობას ერთი უსიამოვნო ფაქტიც ერთვის – კომპანია ხშირად აწყდება შემთხვევებს, როცა მისი ნაკეთობების დაკოპირებას ცდილობენ და ისე ყიდიან, როგორც ზარაფხანას პროდუქციას. ეს ადამიანები თავს ზარაფხანას შვილობილ კომპანიებად ასაღებენ და მომხმარებელიც სწორედ ასე შეჰყავთ შეცდომაში. იმის გამო, რომ მსგავსი ფაქტები კომპანიასაც ზიანს აყენებს და მომხმარებელიც ტყუვდება, მან გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას მოუყვეს ამ პრობლემის შესახებ და საჭირო რჩევებიც მისცეს.
Marketer ბრენდის აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე სამხარაძეს გაესაუბრა.
M: თორნიკე, დავიწყოთ იმით, თუ რამ დააყენა ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის საჭიროება?
ზარაფხანა თავისი დროის, ფინანსებისა და ინტელექტუალური აქტივის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ შექმნას ხარისხი, რომელიც ზარაფხანას აქცევს ზარაფხანად. ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მომხმარებლისთვის აღვიქმებოდეთ ლიდერ კომპანიად ბაზარზე.
დროდადრო ჩნდებიან ადამიანები და კოლექტივები, რომლებიც ცდილობენ, დააკოპირონ ზარაფხანას ნაკეთობები და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ. უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა მოვიდა ჩვენამდე, როდესაც ამ ადამიანებმა მომხმარებელს განუცხადეს, თითქოს ზარაფხანას შვილობილი კომპანიები არიან და უფრო ნაკლებ ფასად შეუძლიათ იდენტური საიუველირო ნაწარმის დამზადება, რომელიც ხარისხითაც არ ჩამოუვარდება ბრენდს. ეს, რა თქმა უნდა, არის სიცრუე, რაც იმით აშკარავდება, რომ გაწბილებული მომხმარებელი, როცა აღმოაჩენს, რომ ხარისხი ფასს არ შეესაბამებოდა, მოდის ზარაფხანაში და ჩვენგან ითხოვს პასუხს. ჩვენ ამ დროს ყოველთვის ვეხმარებით მომხმარებელს და პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვამოწმებთ პროდუქტს, რა დროსაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის არ არის ზარაფხანაში დამზადებული, სრულიად არ შეესაბამება ჩვენს ხარისხს, არ აქვს ჩვენი დამღა და არც სინჯია ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს.
ასეთ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუხსნით მომხმარებელს, რაშიცაა საქმე და მაქსიმალურად ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია, თუმცა, თუ ამ საკითხს მარკეტინგულად შევხედავთ, დაგვეთანხმებით, რომ ერთი ადამიანის გამოხატული წყენაც კი ძალიან ცუდად აისახება კომპანიაზე. ის შეიძლება 50 სხვა ადამიანს მოედოს და საბოლოო ჯამში, სრულიად დაუმსახურებლად, სერიოზული პრობლემა შეუქმნას ბრენდს.
სწორედ ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ბრენდის პრობლემა, არამედ ჩვენ ვართ ცივილური სახელმწიფო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს საუბარი ინტელექტუალურ საკუთრებაზე. ამისთვისაა შექმნილი საქპატენტიც, სადაც ადამიანები არეგისტრირებენ თავიანთ ნაწარმს, ნაწარმოებს და სჯერათ, რომ მათი ინტელექტუალური საკუთრება იქნება დაცული. ზარაფხანასაც აქვს დაპატენტებული თავისი ნაწარმი, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც უხარისხოდ აკოპირებენ ჩვენს პროდუქტს და მას ზარაფხანას აწერენ. ამას კი ბრენდისთვის მოაქვს როგორც რეპუტაციური, ისე ფინანსური ზარალი.
M: განსაკუთრებით რომელ პროდუქციაზე შეინიშნება გაყალბების ფაქტები?
ზარაფხანას აქვს სერიული ნაკეთობები და კოლექციები. კოლექციები არის სახელობითი და ერთი ფორმატის გარშემო ერთიანდება. ჩვენს კოლექციებზე მუშაობს ძალიან დიდი გუნდი. მუშაობა იწყება დიზაინერის მიერ დახატვით, შემდეგ განხილვით გრძელდება, დეტალების კორექტურით და საბოლოო ნაკეთობის ჩამოყალიბებით სრულდება. ვცდილობთ, რომ ბევრი გზა გავატაროთ ნაკეთობას საბოლოო ჩამოყალიბებამდე, გავფილტროთ და საუკეთესო მოდელებამდე მივიყვანოთ. ის, რასაც საზოგადოება პროდუქტის სახით იღებს, იმის მესამედია, რა გზასაც ესა თუ ის ნაკეთობა გადის.
შესაბამისად, კოლექციებს განსაკუთრებით ვიცავთ და დაკოპირების მცდელობებიც სწორედ მათზე მოდის, იმის მიუხედავად, რომ ისინი დარეგისტრირებული გვაქვს საქპატენტში და ექსკლუზიურად ზარაფხანას პროდუქციაა, რომლის გამოყენების უფლებაც იურიდიულად არავის გააჩნია ჩვენ გარდა.
M: როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ორიგინალია პროდუქცია თუ არა? რას ურჩევდით, როგორ არ შევიდეს შეცდომაში საზოგადოება, ვისაც ნამდვილი ზარაფხანას სამკაულის შეძენა უნდა?
მინდა ყველას ვუთხრა, ვინც საიუველირო ნაწარმის ყიდვას აპირებს და ზარაფხანას ნაკეთობებითაა დაინტერესებული, რომ ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფილიალებში და კომპანიის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში. ჩვენ არ გვყავს შვილობილი კომპანიები და თუ ოდესმე გვეყოლება, ამას ჩვენ თვითონ ვიტყვით, ინფორმაციას გავავრცელებთ და მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც ამას ცივილიზებულ ქვეყნებში ცივილიზებული კომპანიები აკეთებენ. ასევე, ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ თუ ჩვენ გვეყოლება შვილობილი კომპანია, მას აუცილებლად ექნება ზარაფხანას ბრენდინგი, იმისთვის, რომ მომხმარებელი მარტივად მიხვდეს, თუ ვის პროდუქციას არჩევს. ნივთის ყიდვისას აუცილებლად უნდა შემოწმდეს დამღა. დამღის წაკითხვა ყველამ არ იცის, ამიტომ სასურველია მიმართოთ იმ ადამიანებს, ვინც ამაში ერკვევა. დამღაზე აუცილებლად უნდა იყოს ბრენდირებული ზეტი და იქსი, რაც აღნიშნავს ზარაფხანას. ასევე, უნდა შევამოწმოთ სინჯი.
M: და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც არ უფრთხილდება სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას?
ჩემი სათქმელია, რომ ნებისმიერი ადამიანის ინტელექტუალური საკუთრება უნდა იყოს დაცული, თუ გვინდა, რომ ცივილიზებული ქვეყანა გავხდეთ. თუ გვაქვს სურვილი, რომ ევროპული ქვეყანა ვიყოთ, იქ, მაგალითად, გერმანიაში, ბრიტანეთში, ესპანეთში თუ სხვაგან, ინტელექტუალური საკუთრება არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი და თუ ვინმე გაბედავს მის დაკოპირებას, ამაზე სახელმწიფოს აქვს მკაცრი რეაგირება. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ სხვის ნაფიქრს, ნაშრომსა და იდეას.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იურიდიული საკითხია და მას ოფიციალურად, კანონმდებლობაც ეხება. იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ამ დეტალებში, „ზარაფხანას” იურისტს, მარიამ ჯავახიშვილს გავესაუბრეთ.
M: ზოგადად რა პირობებია საიუველირო სფეროში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით და როგორ ხდება დაპატენტება?
ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ-შემოქმედებით საქმიანობასთან და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. საიუველირო საქმიანობა, თავისი არსით, ადამიანის იდეის მატერიალური ფორმით გადმოცემას გულისხმობს და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით. ნებისმიერი ნაკეთობა დაცვის ღირსია, თუ ის აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს და აქვს ინდივიდუალური ხასიათი. უფლების მოპოვებისთვის საჭიროა დიზაინის რეგისტრაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“. განაცხადი უნდა შეიცავდეს განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე და უნდა ახლდეს დიზაინის გამოსახულება. გარდა ამისა, შეიძლება დამატებით წარედგინოს დიზაინის აღწერილობა, რაც გულისხმობს გამოსახულებების სიტყვიერ ახსნას. დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, განკარგოს იგი. ასევე, მას აქვს უფლება, ნება დართოს ან აკრძალოს დიზაინის გამოყენება, დამზადება, გაყიდვა, ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება, მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
M: არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული სასჯელი სხვისი კოლექციის გაყალბების შესახებ?
დიზაინის მფლობელის ნებართვის გარეშე მისი ინტელექტუალური შრომის შედეგად მოპოვებული პროდუქტის დამზადება, გამოყენება კომერციული მიზნებისთვის ან გამჟღავნება, საქპატენტის მიერ დიზაინის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე, დამრღვევზე შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი ნორმები. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევისას დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
M: როგორ უნდა დაიცვან თავი იმ კომპანიებმა, ვინც საავტორო პროდუქციას ქმნის?
უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისთვის მნიშვნელოვანია უფლების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრაცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ერთგვარ სამართლებრივ გარანტიას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა პერიოდულად განახორციელონ ბაზრის კვლევა ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის პოტენციური შემთხვევების გამოსავლენად. ასეთი ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში კი, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
[R]