Intel, თავისი ახალი ჩიპით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ახორციელებს ინვესტიციას. ეს უკანასკნელი შექმნილია კრიპტოვალუტის მაინინგისთვის. კომპანია ფოკუსირებულია მდგრადობაზე და “ყველაზე ენერგოეფექტური გამოთვლითი ტექნოლოგიების განვითარებას” გეგმავს.
Intel-ის პირველი კრიპტო-ფოკუსირებული ჩიპი, რომელსაც კომპანია “ბლოკჩეინის ამაჩქარებელს” უწოდებს, ამ წლის ბოლოს გამოვა. ორმა კომპანიამ უკვე შეუკვეთა ტექნოლოგია — მათ შორისაა ბიტკოინის მაინინგის კომპანია GRIID Infrastructures და Block, ჯეკ დორსის მფლობელობაში მყოფი ფინტექ კომპანია, ადრე ცნობილი როგორც Square.
“ველით, რომ ჩვენი მიკროსქემის ინოვაციები თითო ვატზე ბლოკჩეინის ამაჩქარებელს 1000-ჯერ მეტი ეფექტურობით უზრუნველყოფს, ვიდრე ჩვეულებრივი SHA-256 მაინინგის GPU-ები”, — განმარტავს რაჯა კოდური, Intel-ის უფროსი ვიცე პრეზიდენტი. SHA-256 არის ალგორითმი, რომელიც ბიტკოინების და მრავალი სხვა კრიპტოვალუტის გენერირებისთვის გამოიყენება.
კრიპტოვალუტის მაინინგის გარემოზე ზემოქმედება მთავარ პრობლემად იქცა და “ინტელის” ახალი ჩიპი, შესაძლოა, ამ საკითხის გადაჭრის მცდელობას წარმოადგენდეს. ენერგო ინტენსიური სამთო დანადგარები ხშირად იკვებება ქვანახშირისა და გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებით — ეს კი გარემოსთვის საფრთხეს ქმნის და ასევე, იწვევს როგორც ენერგიის მაღალ ხარჯებს, ისე ელექტროენერგიის გათიშვას. ამერიკელმა კანონმდებლებმა ეს საკითხი კონგრესშიც კი წამოჭრეს, განიხილეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ენერგიის მზარდ მოხმარებას, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის მაინინგთან…
კომპანიის თქმით, ჩიპის შესახებ დეტალურ ინფორმაციას International Solid-State Circuits Conference-ზე შევიტყობთ, რომელიც 20 თებერვალს დაიწყება.