in

რატომ ვერ განვითარდა ინტერაქციული აუდიო რეკლამა?

ერთ დროს ინტერაქციულ აუდიო რეკლამებს ინდუსტრიის რევოლუციად მიიჩნევდნენ, თუმცა მასთან დაკავშირებული მღელვარება მალევე გაქრა. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, მსგავსი ტიპის რეკლამა ასეთ პრინციპს ეფუძნება: რეკლამა ჩართულია ჭკვიან დინამიკზე, მომხმარებელი კი რეალურ დროში ამყარებს მასთან კავშირს — მაგალითად, შეუძლია იქ ნახსენები პროდუქტები პირდაპირ დაამატოს საყიდ კალათში.

შეიძლება ითქვას, ხმით გააქტიურებული ასისტენტების გაჩენით, მსგავსი სარეკლამო ელემენტების დანერგვაც გარდაუვალი იყო. უბრალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მილიონობით სახლსა და ოფისშია წარმოდგენილი, მაინც ვერ შეასრულა „წინასწარმეტყველური“ დაპირება — ვერ გაზარდა ინდუსტრიის ხმოვანი ინტერაქციულობა.

„რეკლამებთან ინტერაქციული კავშირი ნაგულისხმევად არ ჩამოყალიბებულა. მარკეტერებმა კი ვერ შეძლეს მყარი მიზეზის დასახელება, თუ რატომ შეიძლება გვაინტერესებდეს ამგვარი კონტენტი. თან ზოგჯერ ისედაც რთულია რეკლამებისთვის თვალის დევნება, როცა დაკავებულები ვართ სხვადასხვა საქმით, ინტერაქცია კი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს“, — აღნიშნავს ბიზნესის ტრანსფორმაციის კონსულტანტი, ტომ გუდვინი.

Insider Intelligence-ის თანახმად, 123,5 მილიონი ამერიკელი ზრდასრული იყენებდა ხმოვან ასისტენტებს თვეში ერთხელ მაინც, როგორიცაა Alexa და Nest. ხოლო მათი 48% აღნიშნული ტექნოლოგიების ყოველდღიური მომხმარებლები ხდებოდნენ. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ უამრავმა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ დადო ფსონები ინტერაქციული ხმოვანი რეკლამების პოპულარიზაციაზე.

მაგალითად, 2019 წელს, ექვსთვიანი ტესტირების შემდეგ, მუსიკის სტრიმინგის სერვისმა Pandora ინტერაქციული აუდიო რეკლამის ფუნქცია დაამატა. დიდი მიზნების მიუხედავად, სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ინიციატივა დასრულდა. Amazon-საც გაუჩნდა ამ მიმართულებით გეგმები, რომელთა განხორციელებაც 2021 წლიდან დაიწყო — ჯერჯერობით რამდენიმე კომპანიასთანაც თანამშრომლობს და შეიძლება მართლაც განავითაროს რეკლამირების ამგვარი სახე. თანაც თავად პარტნიორი ბრენდები აღნიშნავენ, რომ მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერაქციული აუდიო რეკლამების შემდეგ.

თანაც საგულისხმოა, რომ ამაზონი გაცილებით ფართო ჭრილში აფასებს ინტერაქციულ აუდიო რეკლამებს. ტექნოლოგიური გიგანტისთვის ეს მხოლოდ გაყიდვებთან არაა დაკავშირებული — გასულ წელს What Is Love კამპანიაც წამოიწყო, რათა მეტად ემოციური ძაფი გაება მომხმარებლებთან… როგორც თავად ამბობენ, ამან ინტერაქციული ხმოვანი რეკლამის პოტენციალის აღქმა საგრძნობლად გააფართოვა.

რას უნდა ელოდნენ მარკეტერები Google-ის სარეკლამო AI ფუნქციებისგან?

საგადახდო მომსახურების ლიდერი – თიბისი ფეი 15 წლისაა