Interest Map – არის აპლიკაცია Android მოწყობილობებისთვის, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს აქვს საშუალება, იპოვოს მახლობლად მყოფი, მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანი. სისტემაში შესული თითოეული მომხმარებლის ადგილსამოფელი რუქაზეა მონიშნული.
https://www.youtube.com/watch?v=BvjgMtDzfoc
„აპლიკაციის მეშვეობით შეგვიძლია განსაზღვროთ, თუ რამდენად მსგავსი საერთო ინტერესები გაგვაჩნია ამა თუ იმ ადამიანთან. შეგვიძლია გავეცნოთ მათ დეტალურ ინფორმაციას, ვიხილოთ მისი ზოგადი ინფორმაცია და ინტერესები. ამ პიროვნებით დაინტერესების შემთხვევაში ვუგზავნით დაინტერესებას/მოთხოვნას/შეთავაზებას და ამის შემდეგ შეგვიძლია მას ფიზიკურად შევხვდეთ და გავატაროთ თავისუფალი დრო ერთად“,- ამბობს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტი მიხეილ ჟღენტი (Android developer).
M: როგორ ხდება მისი ინსტალაცია ?
აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც აქვს Android ოპერაციული სისტემის მობილური. Interest Map უკვე რამდენიმე კვირაა ატვირთულია Google Play Market-ზე. მისი გადმოწერა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: play.google.com . ამ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ უშუალოდ აპლიკაცია, მისი screenshot-ები და კიდევ დამატებითი აღწერა.
M: როგორ გაჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა ?
ეს იდეა თავდაპირველად დაიბადა ერთ-ერთ ჰაკათონზე და მის განსახორციელებლად არასაკმარისი დროის გამო ჩავთვალეთ, რომ ჰაკათონის ფარგლებში მასზე ორიენტირება გაგვიჭირდებოდა. ჰაკათონის დამთავრებისთანავე შევუდექით მასზე მუშაობას და რამდენიმე თვიანი აქტიური მუშაობის შემდეგ მივიღეთ საბოლოო პროდუქტი. გვინდოდა ისეთი რამ შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა მარტივი, სახალისო და ხშირად გამოყენებადი. ბოლოს, შევჯერდით ერთ აზრზე, შეგვექმნა, უხეშად რომ ვთქვათ, რუკა, რომლის მეშვეობითაც დავადგენდით თუ ვინ სად იყო და ჩვენთვის სასურველი/საინტერესო ადამიანები გვეპოვა მასზე. იდეა ეკუთნის ლევან გოდერძიშვილს. აპლიკაციაზე ვმუშაობდით მე- მიხეილ ჟღენტი (Android developer), მიშა ცანკაშვილი (PHP), დიმიტრი გოდერძიშვილი (დიზაინერი). ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა GeoLab-ის ბაზაზე.
M: რამდენი ხანია, რაც არსებობს Interest Map? რამდენად პოპულარულია ?
აპლიკაცია გამოქვეყნდა დაახლოებით 3 კვირის წინ და Play Market-ის მონაცემებით, “გადმომწერთა” რაოდენობა 500-მდეა. მომხმარებელთა უმეტესობა ჩემი უნივერსიტეტის სტუდენტები არიან (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტიდან), მაგრამ, ასევე, ბევრი უცნობი ადამიანიც დაინტერესდა, მათ შორის, საქართველოს საზღვრებს გარეთაც.
M: რა არის ამ პროექტის მიზანი ? ვისთვისაა ეს აპლიკაცია ?
ამ პროექტის მიზანია, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ მათთვის საინტერესო ადამიანები აღმოაჩინონ ახლო-მახლო, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, კარგად და სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო.










