ხშირად, სავაჭრო ქსელში ისე ვყიდულობთ ალუმინის, პლასტმასას ან თუნდაც მინის ბოთლებს, რომ არც ვუფიქრდებით, რა ბედი ელით მათ მომავალში. ერთ დღეში მოხმარებულ ცელოფანთა რაოდენობაზე საუბარი ხომ უკვე ზედმეტიცაა.. გადამუშავების კულტურის დანერგვას მსოფლიოში საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ყველაფერ ამისკენ პირველი ნაბიჯი კი ამ თემის შესახებ ხალხის ინფორმირებულობაა. ერთი კონკრეტული ნარჩენის გადამუშავებასაც კი უამრავი ენერგიის დაზოგვა შეუძლია დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, თუ დავფიქრდებით, ჩვენ მიერ მათ გადამუშავებაზე დახარჯული ენერგია ნამდვილად ღირს საამისოდ.
ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ 25 საინტერესო ფაქტს:
1. გადამუშავება ახლის შექმნის პროცესია, რომელიც უკვე გამოყენებული საგნებისგან ხერხდება. ყველაფერი ეს კი ხელს უწყობს ენერგიისა და რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვას.
2. ალუმინის ქილების გადამუშავებასა და თქვენი უბნის მაღაზიაში მოხვედრას დაახლოებით 2 თვე სჭირდება.
3. ალუმინის ქილები და ზოგადად ალუმინი ყველაზე მარტივად გადამუშავებადი რამაა.
4. ალუმინის გადამუშავებით საკმაოდ დიდი ენერგიის დაზოგვაა შესაძლებელი – მაგალითად, იმდენის, რამდენიც ჩართულ ტელევიზორს 3 საათის განმავლობაში სჭირდება.
5. ქილები ყველაზე ხშირად ალუმინისგან მზადდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი დამზადება სხვა მასალისგანაც თავისუფლადაა შესაძლებელი.
6. თუ თქვენ ალუმინის ქილას მოისვრით ბუნებაში, მას გასახრწნელად დაახლოებით 500 წელი დასჭირდება – სწორედ ამიტომაა გადამუშავება საუკეთესო გზა.
7. უამრავი მასალის გადამუშავებაა შესაძლებელი დღესდღეობით: ქაღალდი, მეტალი, მინა, პლასტმასა, ტექსტილი..
8. ალუმინის გადამუშავებას “საზღვარი არ აქვს”, იგი იმდენჯერ შეგიძლიათ გადაამუშავოთ, რამდენჯერაც მოგინდებათ.
9. დაახლოებით 80 მილიარდი ალუმინის ქილას იყენებს მსოფლიო წელიწადში.
10. ალუმინი დიდი ხნის წინ ოქროზე ღირებულ მასალად მოიაზრებოდა, დღეს კი მას უბრალოდ ნაგავში ვისვრით.
11. დაახლოებით ნახევარი მილიონი ხე უნდა მოიჭრას იმისათვის, რომ საკვირაო გაზეთები იწარმოოს ერთ კვირაში.
12. გადამუშავება ხელს უწყობს შემდეგი ნატურალური რესურსების დაზოგვგას: ქვანახშირი, გაზი, ნავთობი.
13. თუ ჩვენ მსოფლიო მასშტაბით მთელ ჟურნალ-გაზეთებს გადავამუშავებთ, წელიწადში 250 მილიონამდე ხეს შევინარჩუნებთ.
14. ამერიკაში ერთი ადამიანი საშუალოდ 7 ხეს მოიხმარს წელიწადის განმავლობაში. თუკი ამ მაჩვენებელს ამერიკის მოსახლეობაზე გადავამრავლებთ, მივიღებთ, რომ ერთ წელში ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 2 ტრილიონ ხეს მოიხმარს.
15. გადამუშავება ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ატმოსფეროში ნაკლები სათბური ეფექტი გამოიყოს.
16. ამერიკელები ყოველ ნახევარ საათში დაახოებით 2,5 მილიონ პლასტიკურ ბოთლს მოიხმარენ და მათი უმეტესობა არ გადამუშავდება.
17. ოკეანეში მოსროლილი ცელოფნები წელიწადში მილიონამდე ზღვის ცხოველს კლავს.
18. სანაგვეში მოთავსებული ნარჩენების დაახლოებით 60% გადამუშავებადია.
19. ჩვეულებრივი მინის ბოთლს დაახლოებით 4000 წელი სჭირდება იმისთვის, რომ გაიხრწნას. ხოლო, თუკი სანაგვეზეა, მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება.
20. გადამუშავებული ქაღალდი ჰაერის დაბინძურებას 70%-ით ამცირებს.
21. მინის გადამუშავება 100%-ით შესაძლებელია, თანაც – უსასრულოდ. თუმცა, მინის გადამუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ფერი, რადგანაც გადამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს იგი ამ ფერს.
22. სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოება დღესდღეობით ნაკლებად მიმართავს გადამუშავებას, წუთში დაახლოებით 4 000-მდე კვ.მ ტყე იჩეხება.
23. ხისა და ქაღალდის იმ რაოდენობას, რაც ყოველწლიურად ნაგავში ხვდება, შეუძლია, 50 მილიონი სახლის გათბობა 20 წლის განმავლობაში.
24. ერთი ტონა პლასტმასას გადამუშავება 1000-დან 2000 გალონამდე ბენზინს ზოგავს.
25. და ბოლოს, პრიმიტიული თუმცა, ხშირად შესახსენებელი ჭეშმარიტება – თქვენ მიერ ერთხელ უკვე მოხმარებული საგნის გადამუშავება მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებს დედამიწას სიცოცხლეს.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.