in

„ჩვენ ვიბრძვით ერთად!“ – 4 თებერვალი კიბოს საერთაშორისო დღეა

როგორი იყო განვლილი წელი ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრისთვის?

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ონკოლოგიისა და ზოგადად, მედიცინის წინაშე არსებულ გამოწვევებს 2020 წელს მსოფლიო პანდემიაც დაერთო. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ გასული წელი ყველასთვის მძიმე იყო, განურჩევლად ადამიანების პროფესიისა და საქმიანობისა, თუმცა, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის:

„მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის დიდი რესურსის მობილიზაცია დასჭირდა პანდემიასთან ბრძოლას, მაგრამ ამავდროულად, არსად წასულა ძველი დაავადებები, რომლებიც კვლავინდებურად ითხოვენ ყურადღებას და გადაუდებელ ჩარევას“.

როგორი იყო განვლილი წელი და ონკოლოგიასთან ბრძოლის რა შესაძლებლობები აქვს ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს – ამ თემებზე გიორგი დიასამიძეს ვესაუბრეთ.

გიორგი დიასამიძე: პანდემიის პირობებშიც კი, მთავარ გამოწვევად ისევ ონკოლოგია დარჩა. ყოველ წელს, მსოფლიოში, 9 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება სიმსივნური დაავადებებით. ონკოპათოლოგია არის სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზი, გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ.

წლების წინ, ჩვენს ინსტიტუტში გადაწყდა ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება, რადგან აქ, იმ დროისთვის, უკვე თავმოყრილი იყო დიაგნოსტიკის თანამედროვე უნიკალური საშუალებები. ონკოლოგიური პათოლოგიის შემთხვევების გამოვლენის ზრდამ, ლოგიკურად მოითხოვა თანამედროვე მკურნალობის მეთოდების დანერგვა. ჩვენ გვქონდა ამბიცია, რომ ეს იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში ახალი სამედიცინო კულტურის ჩამოყალიბების, ონკოლოგიაში ახალი აზროვნების და ინტელექტის განვითარების საფუძველი.

დღეს რა ვითარებაა, ამ კუთხით, თქვენს სამედიცინო ცენტრში? 

მინდა ვთქვა, რომ დღესაც ჩვენ არ ვღალატობთ ამ იდეას. ამ იდეით ვიყავით მოტივირებული გასულ წელსაც, ვცდილობდით, მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პაციენტებისთვის საერთო სტრესული ფონი, ძალ-ღონეს არ ვიშურებდით ამისთვის და ვფიქრობ, გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც. ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება, რამე გადაგვედო, დროში გაგვეწელა, ვინმესთვის უარი გვეთქვა. მერწმუნეთ, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ონკოლოგიაში გადამწყვეტია პაციენტის  სიცოცხლის შენარჩუნების და ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ამცირებს აგრესიული ჩარევის საჭიროებას, გართულებების რისკს და ზრდის კიბოს დამარცხების შანსს.

არ შეგვიწყვეტია მუშაობა ონკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის. გვქონდა რამდენიმე პროექტი ამ მიმართულებით. ვბეჭდავდით საინფორმაციო ფლაერებს და ბუკლეტებს პაციენტებისთვის, ვეწეოდით პროფილაქტიკური კვლევების პოპულარიზაციას, გვქონდა უფასო კვლევის დღეები სხვადასხვა სახის სიმსივნური დაავადების ადრეული გამოვლენისთვის.

რას გულისხმობს თქვენს მიერ შექმნილი ინსტიტუცია? 

ის ონკოლოგიური პაციენტის კვლევის და მკურნალობის სრულ სერვისს მოიცავს – უპირობოდ საუკეთესო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რენტგენოლოგია, კომპიუტერული და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება, რადიაციული განყოფილება, ბირთვული მედიცინა, ონკო-გენეტიკის ლაბორატორია.

სხივური თერაპიის და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფის (PET) განყოფილებების გახსნამ, ონკოქირურგიის თანამედროვე მეთოდების დანერგვამ 80%-ით შეამცირა ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში მკურნალობისთვის წასულთა რიცხვი.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, არ არსებობს არც ერთი ონკო სერვისი, რომლის მიღებაც პაციენტებს ჩვენთან არ შეეძლოთ და საჭიროება იყოს დიაგნოსტიკის ან მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების. ერთ სივრცეში ყველა საჭირო მომსახურების მიღება –  ეს არის მკურნალობის მთავარი, ოქროს წესი.

მედპერსონალზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

ჩვენი კლინიკის მთავარი სიამაყე და წარმატების თავი და ბოლო არის საუკეთესო, მაღალკვალიფიციური მედპერსონალი, ორიენტირებული განათლებაზე, განვითარებაზე, სიახლეების დანერგვაზე. ეს თანაბრად ეხება როგორც ექიმებს, ისე – ექთნებს. განახლებული ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება წარმოდგენილია საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ექიმებით, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ანალოგიური პროფილის უცხოელ კოლეგებთან მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებიდან, აგრეთვე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. ახალგაზრდები მუდმივად მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო პროგრამებში და კონფერენციებში.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩვენი მონაწილეობა კლინიკურ კვლევებში, რომლებიც, როგორც წესი, საერთაშორისო მონიტორინგით მიმდინარეობს ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით.

რა საერთაშორისო სტანდარტებია დანერგილი ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში?

უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის შემთხვევაში!როდესაც ვსაუბრობთ პერსონალიზებულ მედიცინაზე, მულტიდისციპლინური გუნდი ყველა პაციენტს განიხილავს ინდივიდუალურად, საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით, იმისთვის, რომ შეირჩეს კონკრეტულად მათზე მორგებული, ყველაზე სასარგებლო მეთოდი. ყველაზე მნიშვნელოვანია ონკოლოგის, როგორც ადამიანის როლი, რომელიც არის პაციენტის მეგზური, გზამკვლევი.

მე მახსოვს, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის ბოლო კონგრესზე,  მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ონკოლოგის სიტყვები: „ახლა დგება ერა, როდესაც განსხვავება ჩვენ შორის არის არა ჩვენი კომპეტენცია, ჩვენი გამოცდილება, არამედ ჩვენი დამოკიდებულება პაციენტისადმი, ეს არის მთავარი რის გამოც ირჩევენ პაციენტები ექიმს“. უნდა გავაცნობიეროთ ექიმის როგორც პირველი მრჩეველის როლი, როგორც პაციენტებისთვის, ისე მათი ახლობლებისთვის.

როგორ ახერხებთ, პაციენტებსა და ექიმებს, პანდემიის პირობებში, უწყვეტად ჰქონდეთ კომუნიკაცია? 

გვაქვს ახალი პლატფორმა – Oncolo.ge, სადაც ონკოლოგიურ პაციენტებს, მათ ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი – „შეკითხვა ონკოლოგს“, სადაც ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგები მზად არიან ნებისმიერ შეკითხვაზე გასცენ პასუხი პაციენტებს, მათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ სხვა პაციენტების გამოცდილებას. მიმდინარე პანდემიის დროს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, დისტანციურად იყვნენ ხაზზე კვალიფიციურ ექიმებთან, არ გაწყვიტონ კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ამ გზას მათთან ერთად გადიან და იყვნენ მუდმივად ინფორმირებულები.

WHO-ს (World Health Organization) წარმომადგენელთან ბოლო საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მისი მთავარი რეკომენდაციაც იყო – გავხდეთ კიდევ უფრო მზრუნველები პაციენტის მიმართ. ექიმები იყვნენ არა მარტო მკურნალები, არამედ მათი ცხოვრებისეული მეგზურები, გააქტიურდეს პაციენტთა და მათ ახლობელთა სკოლები.

ონკოლოგია არ არის მხოლოდ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესი გულისხმობს მთელი გზის გავლას ექიმებთან, ექთნებთან, ფსიქოლოგებთან და მათ კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანებთან ერთად არცთუ ხანმოკლე დროის შუალედში –  სწორედ ეს არის დასავლური ხარისხის სტანდარტი!

ჩვენს კლინიკაში ტარდება Tumor Side Board შეხვედრები, ეს კიდევ ერთი განსხვავებული სიტყვაა ონკოლოგიაში, როდესაც კონსილიუმები ტარდება ცალკეული ტიპის სიმსივნის განხილვის და ანალიზის მიზნით.

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი არის რეგიონში ერთადერთი, სადაც ორგანოთა სისტემების მიხედვით ტარდება მსგავსი კონსილიუმები. მაგ: სარძევე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში იკრიბებიან – მამოლოგი, ონკოლოგი, მორფოლოგი, რადიოლოგი, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კლინიკური ონკოლოგი. პაციენტის მკურნალობის დაგეგმვის და მონიტორინგის პროცესში ასეთი მიდგომა არის საუკეთესო საბოლოო შედეგების მისაღებად.

მსოფლიოში ცნობილი ონკოლოგი ბრანისლავ ერემიჩი ჩვენი კლინიკის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელია, ის ყოველდღიურ რუტინაშია ჩართული, მონაწილეობს კონსილიუმებში, კონსულტაციებში, პაციენტების შემთხვევების განხილვაში, მენტორობს ახალგაზრდა ონკოლოგებს. მასთან მუშაობა და გამოცდილების გაზიარება ნამდვილად ფასდაუდებელია ექიმებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს ონკოლოგიაში გააგრძელონ მუშაობა.

ონკოლოგიური დაავადებების მართვისა და მკურნალობის პროცესებთან დაკავშირებით, ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება გვსმენია. შეგიძლიათ, გვითხრათ, რომელი მათგანია მითი? ზოგადად, ამ სტერეოტიპებზე რომ ვისაუბროთ. 

ქიმიოთერაპიის შემთხვევაში ვისაუბრებდი მკურნალობის პროცესის მიმართ პაციენტის შიშზე და რიდზე. დიახ, ქიმიოთერაპია რიგ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის, მკურნალობის საკმაოდ აგრესიული მეთოდია, მაგრამ უპირობო დებულება – ქიმიოთერაპია ანგრევს – საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. როდესაც ექიმი სწორად ადგენს მკურნალობის გეგმას, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად, შესაძლო გართულების და გვერდითი მოვლენების მართვა ბევრად მარტივდება. ადეკვატურად, დროულად და ინდივიდუალური მიდგომით ჩატარებული ქიმიოთერაპია არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ პროცედურას.

ნებისმიერ მკურნალობას შესაძლოა ჰქონდეს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები, ამისათვის იყენებენ ონკოლოგები ინდივიდუალურ მიდგომას. ვცდილობთ დავნერგოთ საშუალებები, რომლებიც უიოლებენ პაციენტებს სხვადასხვა გვერდითი ეფექტების გამოვლინებას – ვთქვათ, პაციენტს არ სურს თმის დაკარგვა, არსებობს სპეციალური, სკაპლის გაგრილების ქუდი (Paxman Scalp Cooling), რომელიც 89%-ით ამცირებს თმის ცვენის საშიშროებას.

კიდევ ერთი მითი – სხივური თერაპია წვავს! დიახ, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნურ წარმონაქმნამდე სხივი ვერ შეაღწევს ისე, რომ არ გაიაროს მისი ზედაპირი – კანი. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნე ახლოს მდებარეობას კანთან, ან სხივის მაღალი კონცენტრაცია ღია ფერის, პრობლემურ კანს ეხება, შეიძლება განვითარდეს ე.წ. რადიაციული დერმატიტი.

ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მოსალოდნელი გვერდითი მოვლენა, რომლის მართვა უნდა მოახდინოს არამხოლოდ რადიციულმა ონკოლოგმა არამედ, მასთან ერთად დერმატოლოგმა, ალერგოლოგმა, ფიზიოთერაპევტმა. ასეთი მიდგომით გვერდითი ეფექტი მინიმალურია და სწრაფად კუპირებადი, ისე რომ პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს არც უქმნის.

რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, როდესაც სიმსივნესთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ?

ჩვენს კლინიკაში არაერთხელ ჩატარებულა ცნობიერების ამაღლებისთვის მიძღვნილი ღონისძიება და კამპანია. 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ეს ის დღეა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი კლინიკა არის ერთ-ერთი პირველი საქართველოდან, რომელიც მსოფლიოს სხვა ცნობილ ორგანიზაციებთან ერთად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის არაერთი კამპანიის ინიციატორი გახდა.

წელს დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ადამიანებს ჩვევაში გაუჯდეთ საკუთარი სხეულის, ორგანიზმის მოსმენა და დაკვირვება. მივიდნენ ექიმთან და ენდონ მას. დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე გვაძლევს შანსს, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც კიბო აღარ იქნება სტიგმა. ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი იმედი მაქვს და ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რათა რაც შეიძლება ადრე დადგეს ასეთი რეალობა.

 

[R]

Google ხანძარსაწინააღმდეგო დრონის გამოყენებას გეგმავს!

შეწყვიტეთ ზეპირი პრეზენტაციისთვის ტექსტის წერა!