13
Feb
2020

თბილისში მეწარმეობის საერთაშორისო სამიტი იწყება

13 Feb 2020

11 მარტს, Rooms Hotels Tbilisi-ში თბილისის მეწარმეობის ყოველწლიური სამიტი ტარდება. საერთაშორისო ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით იმართება.

სამიტის მონაწილეები არიან: დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, ქართული და უცხოური სტარტაპები და სხვა პარტნიორები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ამბობენ, რომ სამიტის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობაა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვევა ინვესტორთა ჯგუფი ისრაელის „სილიკონ ვადიდან“, სტარტაპები, მეცნიერები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, დელეგატები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან.

„ამ მასშტაბური სამიტის ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსიები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის შესახებ. ასევე დაგეგმილია: საქართველოსა და მსოფლიოს სტარტაპ ეკოსისტემის განხილვა, კვლევების პრეზენტაცია, სტარტაპ პრეზენტაციები „სილიკონ ველი თბილისის“ გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებში სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიპოვონ მილიონამდე ლარის ოდენობის დაფინანსება. სამიტის ფარგლებში, დამწყებ და წარმატებულ სტარტაპებს/მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და გააცნონ ის ფართო საზოგადოებას“.

სამიტის პარტნიორია „თიბისი სტარტაპერი“, სამიტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, აწარმოე საქართველოში, თბილისი მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბრიტანულ – ქართული სავაჭრო პალატა, ევროპის საინვესტიციო ბანკი, USAID, „სილიკონ ველი თბილისის“ გლობალური სტარტაპ ფონდი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი, Impact Hub და სხვა.

სამიტზე დასწრება თავისუფალია. თუმცა, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც 2 მარტამდე გაგრძელდება.

სამიტის ფარგლებში, „სილიკონ ველი თბილისის“ გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის „სილიკონ ვადიდან“ მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს დარეგისტრირება შეუძლიათ 25 თებერვლამდე.

ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები.

სამიტზე დასასწრებად და მის გასაშუქებლად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ  რეგისტრცია.

[R]

განხილვა