წარმოიდგინეთ, 1996 წელია და ჯიბეში 2-ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათი გიდევთ. იმ დროისთვის ეს ფანტასტიკის სფეროა, თუმცა რეალობა ისაა, რომ მასზე მაშინდელი World Wide Web თავისუფლად დაეტეოდა. დღეს, ეს ციფრები ღიმილისმომგვრელია, მაგრამ Internet Archive-ისთვის, რომელმაც წელს არსებობის 30 წელი აღნიშნა, ციფრული მეხსიერების შენარჩუნება არასოდეს ყოფილა მარტივი საქმე. ის, რაც ოდესღაც ფირებზე ჩაწერილი ვებგვერდების ასლებით დაიწყო, დღეს მონაცემთა გლობალურ ცენტრებში განთავსებულ 1 ტრილიონზე მეტ გვერდად იქცა.
Internet Archive-ის Wayback Machine ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს შანსს, წარსულში იმოგზაუროს. აქ შეგიძლიათ ნახოთ GeoCities-ის ნოსტალგიური საიტები, გადაავლოთ თვალი Google-ის პირვანდელ კოდექსს, სადაც ეწერა „არ იყოთ ბოროტები“, ან წაიკითხოთ გარემოს დაცვის სააგენტოს ის მონაცემები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ მოგვიანებით საჯარო სივრციდან გააქრო.
ეს არის გიგანტური ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს ცოცხალ კონცერტებს, უფასო ელექტრონულ წიგნებსა და ყველასგან მივიწყებულ ძველ DOS-თამაშებს. ყოველდღიურად ამ რესურსს 2 მილიონამდე ადამიანი იყენებს. დამფუძნებლს, ბრიუსტერ კეილის მას სურს კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველა საჯარო ნაშრომი ერთად შეკრიბოს. მისი ფილოსოფია ასეთია – თუ რამე ჯერ კიდევ არ აქვთ, ე.ი. ის აუცილებლად უნდა მოიპოვონ.
ბრიუსტერ კეილი ამ პროექტზე ჯერ კიდევ 80-იან წლებში ოცნებობდა, როცა MIT-ში ხელოვნურ ინტელექტს სწავლობდა. მას სჯეროდა, რომ ოდესღაც სუპერკომპიუტერები ნებისმიერი ადამიანის სამუშაო მაგიდაზე „კონგრესის ბიბლიოთეკას“ მიიტანდნენ.
ნამდვილი გარდატეხა 1995 წელს მოხდა, როცა კეილი ერთ-ერთი პირველი საძიებო სისტემის, AltaVista-ს ოფისს ეწვია. მან დაინახა, რომ ინტერნეტის „დასკანერების“ ტექნოლოგია შეიძლება ვებგვერდების სრული ასლების შესანახად გამოეყენებინათ. კეილმა საკუთარი დანაზოგი ჩადო საქმეში და პარალელურად დააფუძნა კომპანია Alexa Internet. საინტერესოა, რომ Amazon-მა, რომელმაც 1999 წელს Alexa შეიძინა, 20 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად შეასრულა კონტრაქტი და არქივს მონაცემებით ამარაგებდა. კეილი დღესაც მადლიერებით იხსენებს Amazon-ის ამ ნაბიჯს – მათ შეეძლოთ გზების მოძებნა და ხელშეკრულებიდან გასვლა, მაგრამ ასე არ მოიქცნენ, რამაც ახალგაზრდა არამომგებიან ორგანიზაციას უმნიშვნელოვანესი ბაზა შეუქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ Wayback Machine დღეში საშუალოდ 1 მილიარდ მისამართს აფიქსირებს, მის უკან ადამიანები დგანან. დირექტორი მარკ გრემი ყოველდღიურად აკვირდება, რა შეიძლება დაიკარგოს სამუდამოდ.
ბოლო წლებში, არქივის მშვიდი ცხოვრება დასრულდა. დღეს, ინტერნეტის შენახვა ბევრად რთულია, რადგან მისი დიდი ნაწილი „დახურულ კარს მიღმაა“. გამომცემლებმა დაიწყეს ბოტების ბლოკირება, რადგან ეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიები მათ კონტენტს უფასოდ გამოიყენებენ. ისეთმა პლატფორმებმაც კი, როგორიცაა Reddit ან The Guardian, წვდომა შეზღუდეს.
გარდა ამისა, AI ბუმმა მონაცემთა ცენტრებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მეხსიერების დისკების ფასი გაასამმაგა. კეილი აღნიშნავს, რომ ახლა ბევრად უფრო „ჭკვიანურად“ მოუწევთ მუშაობა, რადგან ვიდეო-კონტენტი გიგანტურ რესურსს მოითხოვს, მათ კი ყველაფრის დატევის ფუფუნება აღარ აქვთ.
პრობლემებს დაემატა სასამართლო დავებიც. პანდემიის დროს წიგნების ციფრული სესხების გამო, არქივს 500,000-ზე მეტი წიგნის წაშლა მოუხდა. კეილის თქმით, 90-იან წლებში ამერიკა ინოვაციებით იყო დაინტერესებული, დღეს კი ყველაფერი სასამართლო დავებისა და მონოპოლიების გარშემო ტრიალებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ბრიუსტერ კეილი იმედს არ კარგავს. ის AI-ს შესაძლებლობად ხედავს – მაგალითად, ძველი ჩანაწერების გასაშიფრად ან სათარგმნად. მისი ხედვით, გამოსავალი ინტერნეტის კვლავ დეცენტრალიზაციაშია.
არქივი ახლა ისეთ სისტემებზე მუშაობს, რომლებიც მხარს დაუჭერენ საზოგადოებებს და არა მხოლოდ კორპორაციებს. კეილის სურვილია, შეიქმნას „დემოკრატიის ბიბლიოთეკა“, სადაც ინფორმაცია იქნება საერთო სიკეთე და არა ლიცენზირებული პროდუქტი. მისი თქმით, ადამიანებს ყოველთვის ექნებათ სურვილი, რომ მათი ნაშრომები შენარჩუნდეს და მომავალ თაობებს დარჩეს.
წყარო: Fastcompany













