თუ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება აღარ წარმოგიდგენიათ, ამ პრობლემას მთვარეზე და მარსზეც მოაგვარებენ… სტარტაპის — Aquarian Space მიზანი ამ ორ კოსმოსურ ობიექტზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფა, მანამდე კი ტექნიკური საკითხების მოგვარებაა…
Draper Associates-ის დაფინანსებით, კომპანიის მიზნებიც უფრო რეალური გახდა, მათ ჯამურად 650 000 დოლარი შეაგროვეს. სამომავლოდ კი დედამიწას, მთვარესა და მარსს შორის ინტერნეტ ქსელის განვითარებას გეგმავენ — თანაც ისეთის, რომ 4K ვიდეოს ნახვაც შეძლოთ. ხოლო თუ გეგმები ისე განვითარდება, როგორც მოელიან, 2024 წლისთვის მთვარის პირველი საკომუნიკაციო სისტემაც გვექნება.
და ჩვენ თუ ჯერ მხოლოდ Silknet ვიცით, ახალი სტარტაპი Solnet-ის შექმნას აპირებს, რომელიც წამში 100 მეგაბიტს მოგვაწვდის. ეს მაჩვენებელი კი იმაზე უფრო სწრაფად ითვლება, ვიდრე ინტერნეტის საშუალო სიჩქარეა.

„2021 წლისთვის თუ მთვარეზე და მის გარშემო 13 მკვლევარი რობოტი იყო, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 200-ს მიაღწევს და მრავალმილიარდიან მთვარის ეკონომიკას შექმნის, თუმცა ეს საიმედო დედამიწა-მთვარის კომუნიკაციების გარეშე ვერ მოხდება“, — ამბობს კელი ლარსონი, Aquarian Space-ის აღმასრულებელი დირექტორი.
სტარტაპი პროექტის ტექნიკურ მიმოხილვას რამდენიმე კომპანიასთან ერთად ახორციელებს. ერთად კი NASA-ს პროგრამაში — Commercial Lunar Payload Services (CLPS) არიან ჩართული. ეს კი ნასას, თავის მხრივ, „არტემისის მისიის“ განხორციელებაშიც დაეხმარება, რომელიც მიზნად ასტრონომების მთვარეზე დაბრუნებას ისახავს…
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გარდა, Aquarian Space ადამიანებში ცნობიერების ამაღლებასაც გეგმავს. ისეთ საკითხებში, როგორიცაა, კოსმოსური ნარჩენები, კოსმოსური ამინდის თვალყურის დევნება ან თუნდაც, მთვარედან და მარსიდან სამეცნიერო ინფორმაციის მიწოდება.











