14
Aug
2015

საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიზაციის პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

14 Aug 2015

IMG_8418

საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა დღეს თბილისში „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია „დეტეკონსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტს“ შორის. პროექტი „ფონდი ქართუს“  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის დარეგისტრირდა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი“.

საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია. ყველა კომპანიამ, წარმოადგინა წინასწარი წინადადება და წინსაწარი საბიუჯეტო შეფასება. დავალების უკეთ გასაგებად და სრულყოფილი წინადადების ჩამოსაყალიბებლად კომპანიებთან დაიგეგმა შეხვედრები და ვიდეო კონფერენციები.

წინასწარი შეფასებისა და ბაზრის შესწავლის შედეგად საუკეთესო კომპანიად, როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია „დეტეკონი“, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის ისეთი მოდელის შერჩევა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, განსაზღვრული ბიუჯეტით, მაქსიმალურად მეტი დასახლებული პუნქტის დაფარვა, რათა ადგილობრივ მომხმარებელს თანამედროვე ინტერნეტ-მომსახურება გაეწიოს.

საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, რომლის ფარგლებში სათანადო ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება საშუალება, თავისი სერვისი მიაწოდოს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს. ასევე, ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.

აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინება.  სრული საკონსულტაციო სამუშაო მოიცავს 7 ფაზას, კერძოდ, მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას, ეკონომიკური მოდელირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა- შეფასებას.

 

 

 

განხილვა