ვალენტინობის დღე ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი სიყვარულს შოკოლადებით, საჩუქრებით და წერილებით გამოხატავს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, გაცილებით მარტივი გზა, რათა პარტნიორი გაახაროთ — საუბარია შეხებაზე…
კვლევების მიხედვით, ინტერპერსონალური კონტაქტი აუცილებელია ჩვენი მენტალური კეთილდღეობისთვის და მას შეუძლია როგორც სტრესის, ისე ტკივილის შემცირება. კორონავირუსის პანდემიისას სოციალურმა იზოლაციამ ბევრ ჩვენგანში ე. წ. „კანის შიმშილის“ განვითარება გამოიწვია, რასაც თან ახლდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გართულებები.
როგორ ვგრძნობთ „ინტერპერსონალურ შეხებას“?
ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისთვის, რომ კანის სპეციალური უჯრედებიც კი გვაქვს, რომლებიც მის აღქმაში გვეხმარება. უფრო კონკრეტულად, კანი შეხების აღქმის უნარს გვაძლევს — ასე ვგრძნობთ ობიექტის წნევას, ტექსტურას და ვიბრაციას. თუმცა ჩვენს კანს ასევე აქვს სენსორები, რომლებიც ცნობილია, როგორც C-ტაქტილური ბოჭკოები — ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ადამიანის შეხების და საყვარელი პიროვნების მოფერებისას.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ მოძრაობა ძალიან სწრაფი ან ძალიან ნელია, C- ტაქტილური ბოჭკოები არა მხოლოდ ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, არამედ ადამიანები ნაკლებ სასიამოვნოდ აღიქვამენ შეხებას.
თუმცა არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები კომუნიკაციის საჭიროებასა და სურვილში. „ვფიქრობ, შეხება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ინდივიდუალურ განსხვავებებთან დაკავშირებით, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა სახის კომუნიკაცია ურჩევნიათ“, — განმარტა მარიანა ფონ მორმა, მკვლევარმა, რომელიც სპეციალიზებულია სოციალურ შემეცნებაში. უბრალოდ, ზოგადად, ახლობლებს შორის მსგავსი კონტაქტი მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციისა და სოციალური კავშირებისთვის, სადაც სხვებთან კომუნიკაცია სტრესთან გამკლავებაში გვეხმარება.
რა სარგებელი აქვს „ინტერპერსონალურ შეხებას“?
ინტერპერსონალური კომუნიკაცია ტვინში ოქსიტოცინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც შფოთვისა და ტკივილის შემცირებასთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, ის ადამიანების დაახლოებას მეტად ამარტივებს.
ერთ-ერთ კვლევაში 84-მა ზრდასრულმა ქალმა ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შეხების დამამშვიდებელი ძალიც გამოვლენაზე იყო ორიენტირებული. თითოეული ცდისპირი ონლაინ თამაშს თამაშობდა, ორ ადამიანთან ერთად — მთავარი პრინციპი ვირტუალური ბურთის სროლას ეფუძნებოდა, რაც სოციალური იზოლაციის განცდას იწვევდა.
ხოლო როდესაც მონაწილეთა ნახევარმა მოგვიანებით ნელი, ემოციური შეხება მიიღო ექსპერიმენტატორისგან, მათი სოციალური იზოლაციის გრძნობა ნაწილობრივ შემსუბუქდა. „ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად კარგი და აუცილებელია ეს ჩვენთვის. ყველა ძუძუმწოვარს აქვს C-ტაქტილური ბოჭკოები, სენსორული განცდისთვის. ეს ევოლუციურად გამომუშავებული, აუცილებელი რამ არის“, — აღნიშნავს იშმაილ აბდუს საბორი, ბიოლოგი და შეხების მეცნიერების მკვლევარი.