ანტრეპრენუარების ორგანიზაციამ (Entrepreneurs’ Organization – EO) ჩამოაყალიბა 8 კითხვა, რომელიც ადამიანის ხასიათს, შინაგან მოტივაციებსა და პირად მიზნებს კარგად წარმოაჩენს, რაც დაგეხმარებათ იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა კანდიდატი იყოს თქვენი მომავალი პროდუქტიული და სამაგალითო თანამშრომელი.
- ვინ დაგეხმარათ იქამდე მოსვლაში, სადაც დღეს იმყოფებით?
სასურველია, თუკი თანამშრომელი თავმდაბალი და გულისხმიერი იქნება. ეს კითხვა ერთ-ერთია, რომელიც კარგად წარმოაჩენს, რამდენად აფასებს სხვებს ადამიანი.
- ისეთი რა მახასიათებელი გაქვთ, რომელიც ჩვენთვის არ გითქვამთ, მაგრამ უახლოეს თვეებში მაინც აღმოვაჩენთ?
ადამიანის ბუნება ასეთია – იგი ცდილობს გასაუბრებაზე მაქსიმალურად კარგი მხარეები წარმოაჩინოს და დამალოს ნაკლებად სასურველი თვისებები. თუმცა, რადგანაც ადამიანები ვართ, ჩვენს ცუდ და კარგ მხარეებს მეტ-ნაკლებად ოდესმე მაინც გამოვავლენთ. ეს კითხვა კი სწორედ იმას ემსახურება, რომ მომავალში “მოულოდნელობის ეფექტი” არ შეიქმნას.
- რომელ ცხოველს შეადარებდით თქვენს თავს მუშაობის მომენტში?
ეს ერთ-ერთი საუკეთესო კითხვაა, რომელიც ადამიანის მახასიათებლებს, განსაკუთრებით, სისწრაფესა და პროდუქტიულობას წარმოაჩენს.
- მოგვიყევით თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომაზე – როგორ გაუმკლავდით მას?
ამ შემთხვევაში საინტერესოა, კანდიდატი აღიარებს თუ არა შეცდომას და თუკი აღიარებს, როგორი გზებით უმკლავდება იგი მას..
- გამოგიყენებიათ თუ არა თქვენი სრული პოტენციალი ადრინდელ სამუშაოებზე?
ამ კითხვაზე პასუხი კარგად წარმოაჩენს ადრინდელ გუნდთან და ხელმძღვანელებთან დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანია, როგორ ისაუბრებს იგი თავის წარსულ გამოცდილებასა და პოტენციალის გამოყენებაზე.
- რა საჩუქარი აჩუქეთ ბოლოს თქვენს ახლობელ ადამიანს და რატომ აჩუქეთ ის?
მოცემული კითხვა ნათელს ჰფენს ფიქრის პროცესს, გადაწყვეტილების მიღების გზებს და ასევე, ემოციურ ინტელექტს.
- რომელ საკითხებში ხართ ყველაზე ნაკლებად მომთმენი?
ამ კითხვაზე პასუხით ცხადი ხდება, რისი გაკეთება არ სურთ კანდიდატებს. თუკი ამბობენ, რომ არ მოსწონთ, როცა სულელურ კითხვებს უსვამენ, მაშინ ისინი ვერ იქნებიან თანამშრომლები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ექნებათ სხვა თანამშრომლებთან, რაც საბოლოო ჯამში, თქვენს ბიზნესს/კომპანიას აზარალებს.
- რომელ საქმიანობაში ხართ განსაკუთრებით კარგი?
ეს კითხვა კვლავაც განსაზღვრავს, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს მომავალი თანამშრომლისგან და რაში შეიძლება ისინი იყვნენ გამოსადეგნი.
წყარო: Inc.com