რამდენიმე დღის წინ marketer.ge-ს სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ქართველის წარმატების შესახებ დაიდო ფოტოპოსტი – გიორგი დალაქიშვილი პირველი Microsoft MVP (Most Valuable Professional) გახდა საქართველოდან, Developer Technologies მიმართულებით.
თავად ამბავი რომ ძალიან სასიხარულოა, ამაზე პოსტის გამოხმაურებებიც მეტყველებს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, უფრო ვრცლად მოგვეთხრო ამ ამბის შესახებ და ჩვენი მკითხველისთვის გიორგიც უფრო ახლოდან გაგვეცნო. გარდა ამისა, მსგავსი მაგალითები შესაძლოა, მოტივაცია იყოს ახალბედებისთვის, რომლებიც თავიანთ პროფესიულ ნაბიჯებს პირველად დგამენ.
სანამ უშუალოდ ინტერვიუს ნაწილზე გადავალთ, მოკლედ გეტყვით, რას ნიშნავს Microsoft MVP სტატუსის მიღება. ეს არის პროგრამა, რომელიც გამოარჩევს ტექსაზოგადოების ლიდერებს მათი გამოცდილების მიხედვით. ის ასევე აკვირდება მათ მიღწევებსა და გავლენას რეალური პრობლემების ტექნოლოგიებით გადაჭრის საქმეში.
გიორგი დალაქიშვილი:
პროფესიით პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ვარ. ბევრ კომპანიაში და საკმაოდ დიდ პროექტებზე მიმუშავია. ამჟამად Space International-ში პროგრამული არქიტექტორის პოზიციაზე ვმუშაობ.
დაახლოებით ერთი თვეა, რაც Microsoft MVP-ს წოდება მივიღე, რაც, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ კარს გააღებს და ახალ შესაძლებლობებსაც გააჩენს, რადგან ყველამ იცის, რომ Microsoft MVP ძალიან მაღალი თამასაა.
M: როგორ მიიღეთ Microsoft MVP-ს წოდება და რა ნაბიჯები გაიარეთ ამისთვის?
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე კონფერენციაზე წარვდექი, როგორც სპიკერი. მათ შორის იყო Microsoft-ის მიერ ჩატარებული .NET Conf. გარდა ამისა, აქტიურად ვიმუშავე რამდენიმე open-source პროექტზე, რომელთაგან გამოვარჩევდი EFCore.Visualizer და DuckDB.NET. ასევე, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე podcast-ში, როგორებიცაა: .NET Rocks და The Modern .NET Show.
M: რა უპირატესობებით სარგებლობს Microsoft MVP? გარდა სტატუსისა, რა სარგებელს იღებს MVP კომპანიისგან?
ყველა MVP იღებს ე.წ. Award Crystal-ს და დისკს, რომელიც ამ კრისტალზე მაგრდება და აწერია, რომელ წელს მიიღო ეს ჯილდო. ასევე მაქვს Azure-ის კრედიტები ყოველთვიურად და წვდომა Microsoft-ის რამდენიმე, ფასიან პროდუქტზე, როგორებიცაა: LinkedIn Premium, GitHub Copilot, Office 365 და სხვა.
ასევე, ყველა MVP მიწვეულია Global MVP Summit კონფერენციაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ, Redmond-ში, Microsoft-ის კამპუსში იმართება.
M: ვის ანიჭებს მაიკროსოფტი MVP-ს სტატუსს, რის მიხედვით არჩევს ის კანდიდატებს?
MVP-ს სტატუსს Microsoft ანიჭებს გამორჩეულ ლიდერებს ტექსაზოგადოებაში. ამის მისაღწევად საჭიროა, იყოთ ექსპერტი თქვენს სფეროში და აკეთოთ ის, რაც თქვენი სტიქიაა. ეს შეიძლება იყოს სპიკერობა, ტექნიკური მასალის შექმნა, open-source პროექტებში კონტრიბუციების კეთება და ასე შემდეგ.
M: რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი დიდი მიზნები აქვს, მაგრამ თამამი ნაბიჯების გადადგმა აშინებთ?
თუ მიზანი გაქვთ და ამ მიზნის მისაღწევად ნაბიჯებს არ დგამთ, მაშინ ეს მიზანი მხოლოდ ოცნებად დარჩება. ამიტომ დაისახეთ გეგმა, დაიწყეთ თუნდაც პატარა ნაბიჯებით, იყავით თანმიმდევრული და ნუ დანებდებით წარუმატებლობის დროს. გახსოვდეთ, რომ ყველა წარმატების უკან ბევრი შრომა დგას!
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი