28
Nov
2019

გასაუბრებაზე ნუ უარყოფთ თქვენს შეხედულებებს! მაგრამ მაქსიმალურად დელიკატური იყავით 

28 Nov 2019

გასაუბრებაზე ყველა აპლიკანტის მიზანი ერთია – ინტერვიუერზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და სამსახურში აიყვანონ. რაც არ უნდა უთხრან ან ჰკითხონ, ყველაფერს ეთანხმებიან და თავს აქნევენ, იმის მიუხედავად, რეალურად რას ფიქრობენ. როგორც წესი, დამსაქმებელიც და აპლიკანტიც ასე იქცევა. თქვენც? მაშინ იცოდეთ, ამ პატარა, მიზანმიმართულმა ტყუილმა, შესაძლოა, სასურველი შედეგი მოგიტანოთ – სამსახურში აგიყვანონ. მაგრამ ეს დადებითი ეფექტი, როგორც წესი დროებითია. როცა უკვე საქმეს შეუდგებით, ერთმანეთზე წინასწარ ჩამოყალიბებული ეს არასწორი შეხედულება, მინიმუმ, გაუგებრობას გამოიწვევს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია, გასაუბრებაზევე დააფიქსიროთ ყველა თქვენი მოსაზრება. დამსაქმებელს ისე კი არ გააცნოთ თავი, როგორიც, შესაძლოა, მას მოეწონოთ, თქვენი პიროვნება წარუდგინეთ. ორივე მხარე რომ საკუთარ აზრს აფიქსირებს, ყველაზე საინტერესო ინტერვიუ სწორედ მაშინ გამოდის. თუნდაც, მათი მოსაზრებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ეს ჯანსაღი პროცესია. არავითარ შემთხვევაში არ აღიქვათ, როგორც კონფლიქტი. პირიქით, დისკუსიაა და კარგია. თუმცა, დეტალები მაინც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ იტყვით, „მე არ გეთანხმებით“, ჩათვალეთ, საუბარი უკვე დასრულდა. სჯობს, გამოიყენოთ ფრაზები: „ჩემი გამოცდილებით, ვფიქრობ, რომ . . .“; „ამ საკითხს მე ასე ვხედავ. . . “.

თუ გასაუბრებაზე გეუბნებიან, რომ კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის Waterfall მეთოდს იყენებს, თქვენ კი ეჯაილს ანიჭებთ უპირატესობას, სჯობს, პოზიციის დასაფიქსირებლად ასეთი რამ თქვათ: „მართლა ძალიან საინტერესოა, ის მეთოდი თქვენ რომ იყენებთ. მაგალითად, მე ეჯაილი მომწონს. მგონია, რომ უფრო მოწესრიგებული, დალაგებული და მეტად ეფექტურია“. მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზეა დამოკიდებული, რას გიპასუხებთ ინტერვიუერი. თუ გეტყვით: „ეჯაილის ადგილი ჩვენთან არასოდეს იქნება“, წინასწარ გეცოდინებათ, რომ მათ მეთოდებზე მოგიწევთ მორგება, თუ სამსახურში აგიყვანენ და თქვენც დასთანხმდებით. მოკლედ, გეცოდინებათ რეალური სურათი და მათთან მუშაობის დაწყების შემდეგ, ნაკლები მოულოდნელობა გექნებათ.

თუმცა, გასაუბრებაზე საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება მარტივი არ არის. არსებობს ძალების დისბალანსი და რისკი, ინტერვიუერმა ჩათვალოს, რომ თქვენთვის რთული ან არაკომფორტული იქნება მათ გუნდში მუშაობა. შესაძლო გართულებების თავიდან აცილება, გასაუბრებამდე, ინტერვიუს დროს და მის შემდეგ, რამდენიმე ხერხის გამოყენებით შეგიძლიათ.

გასაუბრებისთვის კარგად მოემზადეთ!

ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ კომპანიის კულტურა და ის, თუ როგორ იღებენ სიახლეებს ან განსხვავებულ იდეებს. კომპანიაში არიან მზად, ნებისმიერი ინიციატივა მიიღონ, თუ მათი აზროვნება და მიდგომები, ცოტა არ იყოს, მოძველებულია? გუნდის ხელმძღვანელობა ღიაა კომუნიკაციისა და ინოვაციისთვის? ამის გარკვევა მარტივია – დაათვალიერეთ კომპანიის LinkedIn, Facebook ან Instagram გვერდი, ნახეთ მათი სოციალური მედიის სხვა არხებიც. თუ ვინმეს იცნობთ ამ ორგანიზაციაში, ჰკითხეთ რა მოსწონს ყველაზე მეტად და პირიქით, რას შეცვლიდა?“. მიღებული პასუხებით მიხვდებით, რა ხდება კომპანიის შიდა სამზარეულოში.

დაიტოვეთ ფიქრის დრო და სივრცე! 

თუ ინტერვიუერი, გასაუბრებაზე, საკუთარ შეხედულებებს გიზიარებთ ან რამეს გეკითხებათ და დრო გჭირდებათ მოსაფიქრებლად, ნუ შეგეშინდებათ პაუზის. კარგად გააანალიზეთ შეკითხვა და უხერხული სიჩუმის თავიდან ასაცილებლად, მომენტალურად ნუ უპასუხებთ. თავი მოუყარეთ საკუთარ აზრებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ საუბარი. დროის მოგება ასეთი ფრაზებითაც შეგიძლიათ: „ ძალიან საინტერესო მოსაზრება გაქვთ, თუ დავფიქრდები, გეტყვით . . . “. ეს ნიშნავს, რომ სიტუაციის და მოვლენების კრიტიკულად შეფასება და პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ.

ითხოვეთ გულწრფელად საუბრის ნებართვა! 

თუ იმ ადამიანს, ვისაც თქვენზე მეტი გავლენა აქვს, რამეში არ ეთანხმებით, წინასწარ გააფრთხილეთ. სანამ საწინააღმდეგო აზრს გაუზიარებთ, აიღეთ ნებართვა: „მე ამ საკითხს ცოტა განსხვავებულად ვუყურებ, შეიძლება გიამბოთ/მოგახსენოთ? “. ასეთი დამოკიდებულებით ორ რამეს მოიგებთ: პირველი – თქვენი თანამოსაუბრე არ დაიბნევა. მაგალითად, თუ ეტყვით „არ გეთანხმები“, მას თავდაცვის პოზიციაში ჩააყენებთ და შესაძლოა, საერთოდ დასრულდეს გასაუბრება. მაგრამ ფრაზა „ამ საკითხს, მე, განსხვავებულად აღვიქვამ“ საუბრის გაგრძელების საშუალებას გაძლევთ. და მეორე – შეკითხვის დასმა, ადამიანს, ცნობისმოყვარეობას უღვივებს – აქვს განცდა, რომ თქვენს აზრს კი არ ახვევთ თავზე, პირიქით, მისი აზრი საინტერესოა და მხოლოდ შეფასებას ან განხილვას სთავაზობთ.

ენდეთ თქვენს ინსტინქტებს! 

გასაუბრებისას, ბუნებრივია, თქვენს ინტუიციას უნდა მიჰყვეთ. თუ ფიქრობთ, რომ შეწინააღმდეგება ან საპირისპირო მოსაზრება საქმეს გააფუჭებს, როგორც იტყვიან, სჯობს „ენას კბილი დააჭიროთ“. გასაუბრების შემდეგ დეტალურად გაიაზრეთ მთელი ინტერვიუ. იფიქრეთ, რა განცდა გაქვთ? ღელავთ თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ? როგორ ფიქრობთ, ეს „ბრძოლა“ მოიგეთ, თუ დამარცხდით და ემოციურად დაცლილი ხართ? რა შეგრძნებებიც გაგიჩნდებათ, დაახლოებით, ის სიტუაცია დაგხვდებათ კომპანიაში. ასე რომ, ახლა უკვე იმაზე უნდა დაფიქრდეთ, მოგწონთ თუ – არა?! გიღირთ და გინდათ იქ მუშაობა, თუ – არა?!

გასაუბრებაზე, თქვენს განსხვავებულ მოსაზრებებს არ მოუსმინეს ან არასერიოზულად აღიქვეს? მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ, თუ ამ გუნდთან იმუშავებთ, მზად უნდა იყოთ, რომ, კონკრეტულ მომენტში, ხელმძღვანელობა არ გაიზიარებს მისი საწინააღმდეგო მოსაზრებას და არგუმენტებს. კარგად აწონ – დაწონეთ ყველაფერი და ისე გააკეთეთ არჩევანი. გადაწყვიტეთ, რომ არ გინდათ ამ კომპანიაში მუშაობა? მაშინ თქვენს ინტერვიუერს მადლობა გადაუხადეთ [წერილობით/ზეპირად] შერჩევისთვის და ეცადეთ, მაქსიმალურად მოზომილი ტექსტით აუხსნათ მიღებული  გადაწყვეტილება. არ დაგავიწყდეთ, იყოთ გულახდილი და დამაჯერებელი. რა იცით, ხვალ რა ხდება?! ნუ გადაწვავთ ყველა ხიდს, შესაძლოა, ამ გუნდთან მუშაობა მომავალში მაინც მოგიწიოთ.

 



განხილვა