in

როგორ ამოვიცნოთ გასაუბრებაზე რეალური უნარები, როცა კანდიდატს AI ეხმარება?

წარმოდგინეთ სიტუაცია: გასაუბრების პროცესში ხართ, რამდენიმე კითხვა უკვე დასვით, მაგრამ რაღაც ვერ არის რიგზე. კანდიდატის პასუხები ზედმეტად დახვეწილი, შეიძლება ითქვას, გაპრიალებულიცაა. ყოველ პასუხს მცირე პაუზა უსწრებს წინ, რესპონდენტის მზერა კი პერიოდულად კამერას გაურბის. დიდი ალბათობით, თქვენი ეჭვი საფუძვლიანია – მას პასუხებს ChatGPT კარნახობს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასაქმების ახალ რეალობაში, სადაც ტექნოლოგია კანდიდატებს არა მხოლოდ მომზადებაში ეხმარება, არამედ ზოგჯერ მათ მაგივრად გადის გასაუბრებას. ეს შეიძლება არაკომფორტული იყოს, მაგრამ ექსპერტების აზრით, გასაკვირი ნამდვილად არ არის. Coda Search & Staffing-ის ტექ რეკრუტინგის დირექტორის, მაიკ კაილის მოსაზრებით, თუ კომპანიები თავად იყენებენ ChatGPT-ს ვაკანსიის აღწერის შესადგენად და ხელოვნურ ინტელექტს აპლიკანტების გადასარჩევად, არ უნდა გაგვიკვირდეს და გავბრაზდეთ, როცა კანდიდატები იმავე ხერხს გასაუბრებისას მიმართავენ.

იმ დროს, როცა AI გარდაუვალი მოცემულობაა, ლიდერები ახალი გამოწვევის წინაშე დგანან: როგორ უნდა შეფასდეს ადამიანის რეალური შესაძლებლობები, როცა საუბარს შესაძლოა ჩატბოტი წარმართავდეს? დამსაქმებლებს შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება, მოსთხოვონ კანდიდატს ეკრანის გაზიარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ის დამხმარე საშუალებებს არ იყენებს. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად უკურეაქციას იწვევს, რადგან უნდობლობის სიგნალს უგზავნის პოტენციურ თანამშრომელს და შესაძლოა, სულაც დააფრთხოს ის.

როტმანის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი, ტიციანა კაშიარო გვთავაზობს უფრო გონივრულ მიდგომას – გასაუბრების ფორმატის გადააზრებას. მისი რჩევით, „დეტექტივის რეჟიმში“ გადართვასა და პოლიციელივით ქცევას სჯობს, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ChatGPT-ის ტექსტის კითხვა უბრალოდ არ იმუშავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუ იდარდებთ იმაზე, იყენებს თუ არა კანდიდატი AI-ს. ყურადღება გაამახვილეთ იმ ადამიანურ უნარებზე, რომელთა იმიტირებაც ტექნოლოგიას არ შეუძლია.

პირველ რიგში, დაკვირვება სოციალურ ინტერაქციასა და სიტუაციის ადეკვატურ აღქმაზე უნდა მოხდეს. მართალია, არსებობს ტექნიკური მინიშნებები – უხერხული პაუზები ან არაბუნებრივი თხრობა, მაგრამ ეს შეიძლება ნერვიულობის ბრალიც იყოს. მთავარია, აქვს თუ არა კანდიდატს საბაზისო ინტერპერსონალური უნარები. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ინტერვიუს ძირითად ნაწილზე გადასვლამდე გავაბათ მცირე დიალოგი (small talk), რათა დავადგინოთ კანდიდატის საუბრის ბუნებრივი მანერა. ამ „საბაზისო ნიშნულის“ დადგენის შემდეგ, დააკვირდით, როგორ უმკლავდება ის საუბრის მიმართულების ცვლილებას. შეცვალეთ ტონი, სხეულის ენა, ან მსუბუქად შეეწინააღმდეგეთ მის მოსაზრებას. სწორედ ეს რეაქცია გიჩვენებთ მის თვითშეგნებასა და ემოციურ ინტელექტს, რაც კომპეტენციის განუყოფელი ნაწილია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რთული იდეების მსჯელობისა და ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების უნარია. მაშინაც კი, თუ კანდიდატი ჩატბოტს იყენებს, არის დიდი განსხვავება მასზე სრულად დამოკიდებულებასა და მის დამხმარე ინსტრუმენტად გამოყენებას შორის. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები გამოირჩევიან არგუმენტირებული ლოგიკით და შეუძლიათ „წერტილების ერთმანეთთან დაკავშირება“, მაშინ როცა სხვები უბრალოდ იმეორებენ მიღებულ ინფორმაციას. ამიტომ, რეკომენდებულია ბუნდოვანი, არასტანდარტული სცენარების განხილვა, სადაც არ არსებობს ერთი სწორი პასუხი. ნაცვლად იმისა, რომ იკითხოთ – „რა იცით X საკითხზე?“, სჯობს სთხოვოთ – „ამიხსენით, როგორ მოაგვარებდით ამ სიტუაციას?“. აქცენტი უნდა გაკეთდეს აზროვნების პროცესზე და არა მეხსიერებაზე.

ცნობისმოყვარეობა და კრიტიკული აზროვნება ასევე ვლინდება იმაში, თუ როგორ სვამს კანდიდატი კითხვებს. მიზანმიმართულად დასვით ისეთი კითხვები, რომლებსაც აკლია საკვანძო დეტალები. თუ კანდიდატი ზოგად, „დაზეპირებულ“ პასუხს გაგცემთ, სავარაუდოდ, სკრიპტს კითხულობს. მაგრამ თუ ის დაზუსტებას ითხოვს და დეტალებში ჩაღრმავებას ცდილობს, ეს მის ანალიტიკურ უნარებზე მეტყველებს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ რეაგირებს აპლიკანტი, როცა საუბარი მოულოდნელი მიმართულებით მიდის. თუ ის ნაცნობ თემებზე თავისუფლად საუბრობს, მაგრამ იბნევა უცხო ტერიტორიაზე, ეს ბევრს ამბობს მის ადაპტაციის უნარზე. ერთ-ერთი მეთოდია, ინტერვიუს შუაში სთხოვოთ კანდიდატს ეკრანის გაზიარება და რომელიმე ძველი პროექტის, მონახაზის ან კოდის განხილვა. ეს არ ემსახურება მისი „ტაბების“ კონტროლს; მიზანია დაინახოთ, შეუძლია თუ არა მას მომზადების გარეშე ახსნას თავისი გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეიძლება პირდაპირ ჰკითხოთ AI-ს გამოყენების ჩვევებზე – ეს გამოაჩენს მის გულწრფელობასა და ტექნოლოგიურ მზაობას.

მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობისა და პრობლემების ადგილზე გადაჭრის უნარი. ზოგიერთი კომპანია ჰიბრიდული გრაფიკისთვის ფინალურ გასაუბრებას ფიზიკურ სივრცეში ატარებს, რაც კარგია, მაგრამ ხშირად ლოგისტიკურად რთული. ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ ჯგუფური ონლაინ გასაუბრებები, სადაც რამდენიმე კანდიდატი ერთად მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე. ეს ფორმატი უფრო დინამიკურია და კარგად აჩენს, ვინ უსმენს სხვებს, ვინ ითვალისწინებს სხვის აზრს და ვინ ცდილობს დომინირებას. ტექნიკური ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ადამიანების გაერთიანებისა და რთული ინტერაქციების მართვის უნარი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

წყარო: HBR



ჯერ კიდევ არ ხართ მზად შავი პარასკევისთვის? — ბოლო წამის რჩევები eCommerce სექტორს

როგორი იქნება OpenAI-ის AI მოწყობილობა? — პროტოტიპი მზად არის