in

„ყველაზე დიდი სირთულე მთარგმნელისთვის, იმ წიგნის თარგმნაა, რომელიც არ მოსწონს”, – ანა კოპალიანი

ერთხელ, უნივერსიტეტში სემინარის მოსმენისას, ერთმა ლიტერატურათმცოდნემ ასეთი რამ თქვა: ქვეყანა, სადაც ლიტერატურა აქტიურად ითარგმნება, კულტურის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებსო…

მსოფლიო დონის მწერლებს სწორედ თარგმანის მეშვეობით ეცნობა საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რადგან უცხო ენაზე წიგნების წაკითხვა ცოტას თუ შეუძლია. ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურაც საკმაოდ მდიდარია და ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული – დღემდე არაერთი საინტერესო ნაწარმოებია ნათარგმნი, მათ შორის, ბევრი მათგანი რამდენჯერმეც კი. იმის გარდა, რომ მთარგმნელები სხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობენ, მათ ჩვენი ლიტერატურაც გააქვთ საზღვრებს გარეთ. 

თუმცა ამ ყველაფრის უკან დგას საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი შრომა. მხატვრული თარგმანი საკმაოდ რთული პროფესიაა და პირდაპირ გეტყვით – მცდარია მოსაზრება, რომ მის შესასრულებლად მხოლოდ ენის ცოდნაა საკმარისი. შეიძლება ძალიან კარგად იცოდეთ ენა, მაგრამ ვერ თარგმნოთ ლიტერატურული ნაწარმოები იმ სიზუსტით, როგორც საჭიროა. პროცესში უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი – კულტურული კონტექსტი, მიმღები ენის მკითხველის ფონური ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, წინადადებების წყობა, თარგმანის თეორიის ზოგადი წესები და სხვა. 

თუ რა უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა და როგორ გაართვას თავი სირთულეებს, ანა კოპალიანს, გამოცდილ ქართველ მთარგმნელს ვკითხეთ, რომელსაც ცნობილი მწერლების არაერთი ნაწარმოები აქვს პორტფოლიოში.

M: თარგმანის პროცესზე საუბრით რომ დავიწყოთ: რა საერთო წესები არსებობს მხატვრული ლიტერატურის თარგმნისას, რომლებიც ყველა მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს?

უმნიშვნელოვანესი წესი, რომელიც მხატვრული ლიტერატურის ყველა მთარგმნელმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ ავტორი მთავარია, ხოლო თავად – მეორეხარისხოვანი. კარგი მთარგმნელის მთავარი ღირსება არა სამიზნე ანდა წყარო ენის კარგად ცოდნაა, არამედ წვრილმანებამდე და სემებამდე ჩაძიება და წვდომა იმისა, თუ რას გულისხმობს, რა განწყობით წერს, რა ქვეტექსტს დებს ნაწარმოებში ავტორი.

M: არსებობს თუ არა ისეთი გამონაკლისი, როცა ამ წესების დარღვევა გამართლებულია და რა შემთხვევაში?

არა, ის წესი, რომ ავტორი მთავარია და მთარგმნელი – დამოკიდებული, ლიტერატურის თარგმნის მთავარი პრინციპია, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! მხატვრული თარგმანის შექმნა ერთმნიშვნელოვნად შემოქმედებითი პროცესია, თუმცა ვისაც ამ სიამოვნების მიღება უნდა, ტექნიკური მხარის დახვეწაც მოუწევს.

M: ყველაზე ხშირად რა სირთულეები ახლავს მხატვრული ლიტერატურის თარგმნას და როგორ ძლევთ მათ მთარგმნელები?

ყველაზე რთული მთარგმნელებისათვის ე.წ. ენობრივი თამაშია, კალამბური, რომელიც ამა თუ იმ ენაში სიტყვის ჟღერადობას ემყარება და მეორე ენაზე მისი ზუსტი რეკონსტრუქცია თითქმის შეუძლებელია. ამ დროს მთარგმნელი აუცილებლად დგება არჩევანის წინაშე – კონკრეტული კალამბურის ზუსტი შინაარსი გადმოსცეს თუ თავად შექმნას სანაცვლოდ ისეთი ზმა (ორი მომიჯნავე სიტყვით ახალი სიტყვის მიღება), რომლის საშუალებასაც სამიზნე ენა აძლევს. 

ასევე ძალიან რთულია იუმორის თარგმნა, რადგან იუმორის გრძნობა ძალიან სპეციფიკურია და რაც ერთი კულტურისათვის სასაცილოა, მეორე კულტურაში, შესაძლოა, არანაირ ემოციას არ აღძრავდეს; ანდა თავად მთარგმნელს არ ჰქონდეს ავტორის სადარი იუმორის გრძნობა.

მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე მთარგმნელისათვის მაინც იმ წიგნის თარგმნაა, რომელიც არ მოსწონს. 

M: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თარგმანის პროცესში – ენის თუ თარგმანის სპეციფიკის ცოდნა?

გააჩნია, რომელ ენას გულისხმობთ. იმ ენის ცოდნა, რომელზეც თარგმანს ასრულებს, ყველაზე მნიშვნელოვანია – სასურველია, მთარგმნელი ენის ყველა ნიუანსს, გამოსახვის ყველა საშუალებას იცნობდეს და საჭიროების შემთხვევაში, ახლის შექმნაც შეეძლოს. ამას უკვე მოსდევს თარგმანის ზოგადი წესების ცოდნაც.

ძალიან მნიშვნელოვანია რომანის ენა, სპეციფიკა და სხვა მახასიათებლები. ზოგი, დავუშვათ, 300-გვერდიანი რომანის თარგმნას შეიძლება ორი თვეც ეყოს, ზოგისთვის კი ორი წელიც არ იყოს საკმარისი. აღსანიშნავია, რომ თუ შემკვეთს ხარისხიანი თარგმანი უნდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელის როგორც შრომის, ასევე სულის მოთქმის პერიოდებიც, რაც ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე.

M: ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ახალბედა მთარგმნელები და რას ურჩევდით მათ?

იმ შეცდომებზე მოგიყვებით, რომლებსაც მე თვითონ ვუშვებდი ახალბედობისას: ხშირად მავიწყდებოდა, რომ სიტყვას, გარდა ცნობილი და გავრცელებული მნიშვნელობისა, შეიძლება ჰქონდეს სხვა უფრო მიჩუმათებული მნიშვნელობაც, ამიტომაც, როდესაც წინადადების აზრი ოდნავ მაინც ბუნდოვანია თავად მთარგმნელისათვის, აუცილებელია თითოეული სიტყვის ყველა მნიშვნელობის დიდხანს ჩხრეკა ლექსიკონებში; მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი იმის გაცნობიერებაა, რომ მთარგმნელობა მკვლევრის საქმიანობასაც მოიცავს, მთარგმნელი სრულად უნდა ფლობდეს ფონურ ინფორმაციას, რაც საბედნიეროდ, თანამედროვე ეპოქაში, ძალიან გაიოლებულია. მესამე და მთავარი კი ისაა, რითაც დავიწყეთ, მთავარი არც მთარგმნელია და არც – მკითხველი, მთავარი ავტორი და ენაა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„მატყუარა რეკლამის“ პრობლემა ინდუსტრიაში

You Can Do It — როცა მეტი გამბედაობით არღვევ სიჩუმეს