in

„ბრძოლის ველის განვრცობა” – ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

გიორგი კეკელიძის სახელი ქართველი საზოგადოებისთვის იმდენად ნაცნობია, რომ მისი რეგალიების ჩამოთვლით მკითხველს არ დავღლით. მის ლიტერატურულ საქმიანობას წლებია უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს და გულშემატკივრები ყველა თაობის წარმომადგენლებს შორის ჰყავს. 

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი, ალბათ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა იყო. ამ პოზიციაზე გიორგი 27 წლის ასაკში დამტკიცდა და მომდევნო 11 წელი მისი საქმიანობა, პროექტები და, უბრალოდ, საჯარო პოსტებიც კი მეტწილად ეროვნულ ბიბლიოთეკას ეხებოდა. არაერთი ღონისძიება თუ რეფორმა გატარდა ბიბლიოთეკაში როგორც შიდა განვითარების, ისე საერთაშორისო ურთიერთობების, გაციფრულებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით. უნდა ვაღიაროთ, რომ გიორგის გულშემატკივრებს მის გარეშე ეს სივრცე ალბათ ვეღარც წარმოედგინათ, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ჩვენს წარმოდგენებშია. სულ ცოტა ხნის წინ მწერლის ოფიციალურ გვერდზე და შემდეგ უკვე მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი, რომ გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს ტოვებს, რამაც, რა თქმა უნდა, მის გამომწერებში დიდი ემოციები გამოიწვია. 

Marketer-ში სწორედ ამ თემაზე გადავწყვიტეთ გიორგისთან საუბარი, მისი მოსაზრების მოსმენა და სამომავლო გეგმების გაცნობა. იმასაც გეტყვით, რომ სტატიის სათაური თავად გიორგისთან ერთად შეირჩა  – ცნობილი ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის პირველი რომანის, „ბრძოლის ველის განვრცობის” ინსპირაციით. როგორც გიორგიმ განგვიმარტა, აღნიშნულ თემას ყველაზე მეტად ეს სიტყვები მიესადაგება. დანარჩენს კი იმაზე, თუ როგორ გადმოითარგმნება ეს ფრაზა გიორგის ცხოვრებასა და მისი მომავლის ხედვაში, ინტერვიუს ნაწილიდან შეიტყობთ.

M: გიორგი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე 11 წელი იყავით. ალბათ რთულია ამდენწლიანი თანამშრომლობისა და იმ აქტიური საქმიანობის შემდეგ, რასაც თქვენ ეწეოდით, ახალი ცხოვრების დაწყება – როგორ შეხვდით ამ ცვლილებას?

ემოციურად, თუმცა საჯარო სივრცეში ეს ემოცია ნაკლებად გავამხილე და ვფიქრობ, ასეც ჯობდა. ისედაც, ბოლო წლების გამოცდილებამ საკუთარ თავთან ბრძოლის ბევრი ხერხი დამიგროვა და ამგვარ სიტუაციებს, თუნდაც უკიდურესად მოულოდნელს, შედარებით იოლად ვუმკლავდები.

M: ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაერთი პროექტი განახორციელეთ. რომელია მათგან ისეთი, რომელიც ყოველთვის გემახსოვრებათ?

მნიშვნელოვანია – გამაგრებული პირველი კორპუსი და მის რეაბილიტაციაზე მუშაობის დაწყება – მაჩაბლის დარბაზი მალე რესტავრირდება ერთი კერძო კომპანიის თანადგომით. სრულიად განახლებული მეექვსე კორპუსი, ქუთაისი ეროვნული საცავი, წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი, დამწერლობის მუზეუმი (რომელიც მალე გაიხსნება), ფოლკლორის დარბაზი, დამოუკიდებლობის დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი – არაერთი დიდი არქივი დაბრუნდა ქვეყანაში, ელექტრონული სამკითხველო დარბაზი, იშხნის ცენტრი, წიგნის  რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრი და სხვა არაერთი განახლებული სივრცე.

ამასთან, დავიწყეთ გაციფრულების ინტენსიური პროცესი თანამედროვე ლაბორატორიაში – გიგანტური დიგიტალური რესურსები შევქმენით – თანამედროვე საძიებო სისტემა, ელექტრონული წიგნები, პრესა, ლექსიკონები, ფოტომატიანე და ა.შ.

1800-ზე მეტ სოფელში ჩავიტანეთ წიგნი და კომპიუტერი, მოვაწყვეთ სკვერის ბიბლიოთეკები, ე.წ. წიგნის ბუდეები – მათ შორის ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებით დასახლებულ და მაღალმთიან სოფლებში.

მსოფლიოს 73 ქალაქში მოვაწყვეთ ქართული ბიბლიოთეკა.

ეს ყველაფერი დიდწილად სწორედ  ბიზნესის დაფინანსებით კეთდებოდა, რაც  სახელმწიფოსა და კერძო ინიციატივების თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

ვფიქრობ, ეროვნული ბიბლიოთეკა ვაქციეთ ყველასთვის ღია და საჯარო სივრცედ, ერთგვარ ბრენდად, რომელიც ცხადად შესამჩნევია.

M: ახლა კი „ბიბლუსზეც” გადავიდეთ. როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა და რა გეგმები გაქვთ ბიბლუსში?

ბიბლუსის ხელმძღვანელები მალევე შემეხმიანნენ და, რეალურად, იმ საქმის გაგრძელება შემომთავაზეს, რასაც აქამდე ვუძღვებოდი. შევხვდი პალიტრა-მედიის ხელმძღვანელს, ირაკლი თევდორაშვილს და ბიბლუსის ხელმძღვანელ ირაკლი გაგნიძეს. გადაწყდა, რომ კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი გავხდებოდი და ამავდროულად, ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” იდეაც გაჩნდა. ამ ჰოლდინგთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ – ჩემი ლექსები ,,კვირის პალიტრაში” 17 წლის ვიყავი, როცა დაიბეჭდა, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილის მონდომებით და მას მერე ჰოლდინგთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

M: მოგვიყევით „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებაზე” – რა აქტივობები განხორციელდება ამ პროექტის ფარგლებში?

ვფიქრობთ კომპანიის ,,ბრძოლის ველის განვრცობას” – ამ საზოგადოებას აქვს ამბიცია, რომ იყოს მთავარი საგანმანათლებლო მოძრაობა ქვეყანაში. იგეგმება ახალი წიგნებისა და კომპიუტერების მობილიზება ყველა სოფელსა და ქალაქში, ლექციები, სემინარები, საზოგადოების ელჩები, წარმომადგენლები, წევრები; ასევე, წიგნის ჩუქების თვე, დღე და სხვა დიდი საქმეები გველის წინ.

M: ახალი პოზიციის დაკავება თქვენთვის გამოწვევაა თუ უბრალოდ, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საყვარელი საქმეები განახორციელოთ?

ორივე ერთად! დიდი ხანია, რაც კერძო საგანმანათლებლო სივრცეში არ მიმუშავია, აქ სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა საქმე იგივე – რაც ძალიან მსიამოვნებს.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა – როგორ წარმოგიდგენიათ წიგნიერების გავრცელება საქართველოში?

ამას დიდი და მუხლჩაუხრელი მუშაობა სჭირდება. რამდენიმე მაჯისცემაზე ერთდროულად ყურის მიდევნება და საკუთრის გამოკვეთა მათი რიტმის კვალდაკვალ. ვფიქრობ, ამას შევძლებთ.

M: და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც კარიერულ ცვლილებებს მტკივნეულად განიცდის, როგორ უნდა გაართვან თავი და მიიღონ ახალი გამოწვევები?

ტკივილის გამოტოვებას ვერ ვურჩევ – ეს სიყალბე იქნება. უბრალოდ ეს ტკივილი საწვავად შეიძლება იქცეს ახალი კოცონის დასანთებად. ადამიანს კი რა-რა და ცეცხლის დანთება ყოველთვის გამოსდის – თან ძალიან დიდი ხანია.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ლიბერთის მხარდაჭერით, RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 22 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

She’s Next Empowered by Visa-ს ბიზნესიდეების კონკურსის 3 გამარჯვებული ცნობილია