in

ინტერვიუ გიორგი კინწურაშვილთან, თიბისის ახალ ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერთან

თიბისი, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თავისი ტექგუნდის განვითარებაზე მუდამ ზრუნავს, რადგან სწორედ ეს ადამიანები ქმნიან იმ ციფრულ სერვისებს, რომლებიც მერე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებად გარდაიქმნება. 

სულ ახლახან გუნდს შეურთდა ტექსფეროში ყველასთვის ნაცნობი ადამიანი გიორგი კინწურაშვილი, რომელმაც თიბისიში ეკოსისტემის ინოვაციების ლიდის პოზიცია დაიკავა. მისი ცამეტწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში სხვადასხვა როლს, უამრავ პროექტსა და მიღებულ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მოიცავს. დღეს კი თიბისიში ხედავს ბრენდს, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ციფრული ეკოსისტემის განვითარების კუთხით არა მხოლოდ საქართველოს პირობებში, არამედ საერთაშორისო დონეზე.

როგორია გიორგისთვის ახალ გუნდთან, ახალ პოზიციაზე მუშაობა და რა მოლოდინი თუ გეგმები აქვს მას ამ სიახლით, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის საერთაშორისო ამბიცია და პერსპექტივა, რომელიც თიბისის აქვს. ბანკს მტკიცედ სჯერა, რომ სწრაფი განვითარება შესაძლებელია ისეთი ინოვაციების ხარჯზე, რომელიც იქმნება ეკოსისტემის სხვა მოთამაშეებთან კოლაბორაციის საფუძველზე. ჩემი კარიერა მუდმივად ტექნოლოგიურ ინდუსტრიასთან და სტარტაპებთან მუშაობას უკავშირდებოდა. ამიტომ დავინახე კავშირი თიბისის მიზნებს, ჩემს გამოცდილებასა და ინტერესებს შორის.

M: როგორი გარემო დაგხვდათ თიბისიში და რა შეგრძნება დაგიტოვათ გუნდთან და თიბისის შიდა ეკოსისტემასთან პირველმა შეხებამ?

თიბისიში დამხვდა ძალიან დინამიკური და სწრაფი გარემო. ორგანიზაციის ყველა რგოლის ძალისხმევით, ძალიან სწრაფად მოხდა ჩემი ე.წ. „ონბორდინგი”. თიბისი უკვე ძალიან ბევრ სერვისს ქმნის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან კოლაბორაციის საფუძველზე, თუმცა, ასევე, არსებობს ძალიან ბევრი ინიციატივა, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ.

M: რაზე გააკეთებთ ფოკუსს პირველ ეტაპზე მას შემდეგ, რაც გუნდს ეკოსისტემის ინოვაციების ლიდად შეუერთდით?

ჩვენი მთავარი ფოკუსი იქნება დავაიდენტიფიციროთ ის კომპანიები, რომლებთან კოლაბორაციითაც შევქმნით სხვადასხვა ინოვაციურ სერვისსა და პროდუქტებს. ეს, ძირითადად, იქნება მომხმარებლისთვის თიბისის ციფრულ არხებში ხელმისაწვდომი სერვისები.

მეორე მხრივ კი, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ თიბისი ბანკის ინტეგრაციები იმ ციფრულ პლატფორმებთან, რომლებსაც ფიზიკური და იურიდიული პირები ყოველდღიურად იყენებენ. ამ ყველაფრისთვის კი მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო ურთიერთობა ეკოსისტემის მოთამაშეებთან – ციფრულ კომპანიებთან, სტარტაპებთან, ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან.

M: გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით – სად გსურთ, რომ თიბისიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას?

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს API პროდუქტების განვითარება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ტექნოლოგიური კომპანიების ინტეგრაციებს თიბისის საბანკო სერვისებთან. ამ კუთხით ბანკს უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, ბაზრის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნებისა და რეგულაციური ცვლილებების ფონზე, კიდევ მეტი სიახლის შემოტანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დამატებითი ღირებულების მომტანი სერვისების ინტეგრაცია ციფრულ არხებში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. 

M: როგორ აფასებთ დღევანდელ ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას ზოგად ჭრილში და, თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს თიბისი ამ ეკოსისტემაში?

ქართული ტექნოლოგიური სფერო ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. მრავალი ბიზნესი ჯერ კიდევ ახლა გადის დიჯიტალიზაციის გზას. გაციფრულება კიდევ უფრო მეტად ამარტივებს მომიჯნავე სფეროებს, ან თუნდაც, არსებულ ბიზნესსა და სტარტაპებს შორის ეკოსისტემურ თანამშრომლობას.

თიბისი ბანკს აქვს ძლიერი საბანკო ეკოსისტემა, 1.3 მლნ-მდე ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლით როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ციფრულ არხებში. თიბისი ჯგუფი, ასევე, არის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც გზა გაკვალა უზბეკეთის ბაზრისკენ. TBC UZ-მა ძალიან მოკლე დროში შეძლო 22 მლნ მომხმარებლის რეგისტრაცია, აქედან კი თითქმის 6 მლნ ციფრულად აქტიური მომხმარებლია. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მოხდა ლოკალური ეკოსისტემის ძირითად მოთამაშეებთან დაპარტნიორება გადახდების, B2B პროგრამული უზრუნველყოფისა და ელკომერციის მიმართულებით. ეს არის ძალიან ღირებული რესურსი სტარტაპებისთვის როგორც ცოდნის, ისე კომერციული პარტნიორობის სახით.

M: დაბოლოს, გაგვიზიარეთ მოლოდინი, როგორი იქნება თიბისის გუნდთან ერთად თქვენი სამომავლო შედეგები?

ვფიქრობ, ბანკი კიდევ უფრო მეგობრული და მიმღებლური გახდება სტარტაპებისთვის. დავნერგავთ კონკრეტულ ინოვაციურ პროექტებს, რაც გაზრდის მომხმარებლისთვის მიწოდებული სერვისის ხარისხსა და ეფექტურობას.

[R]

Wolt-ის პლატფორმას ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერი „ალტა“ შეუერთდა

2026 წლის 5 ტრენდი შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის — Stocksy Visual Insights