ირაკლი ქაშიბაძეს სტარტაპ და ინოვაციების ინდუსტრიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტით იცნობთ, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის ინიციირება და შემდგომ მისი ხელმძღვანელობა 3 წლის განმავლობაში, პირველი ტექნოლოგიური პარკი, პროგრამა სტარტაპ საქართველო. ირაკლი ქაშიბაძეს ასევე აქვს ბოლო წლებში, რეგიონისთვის და საქართველოსთვის განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, ეს არის ყირგიზეთში იდენტური პროგრამის – სტარტაპ ყირგიზეთის გაშვება, პლატფორმა Startup Central Eurasia-ს შექმნა და განვითარება, სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამების განვითარება საქართველოში UG Startup Factory და თეგეტა მოტორსთან განხორციელებული პირველი კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive!
დღევანდელი ინტერვიუს თემაა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კომპანიები ტექნოლოგიურ გამოწვევებს და რა მნიშვნელოვანი პროცესები უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა ცვლილებების ეპოქაში.
M: როგორი გავლენა მოახდინა Covid-19-ის პანდემიამ ბიზნესზე?
საერთაშორისო კვლევებმა (Global Innovation Index 2022, What is the future of innovation-driven growth?) აჩვენა, რომ ბიზნესმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წარმადობა Covid-19-ის პანდემიის პერიოდში. ეს იყო გამოწვეული გარემოებით, რომელიც ბიზნეს საქმიანობის გადარჩენას უკავშირდებოდა. გაციფრულების აუცილებლობამ განაპირობა ის, რომ კომპანიები, უფრო პროდუქტიულები გახდნენ და მეტი შესაძლებლობა მიეცათ.
გარდაუვალმა გარემოებამ აიძულა ბიზნესი, იფიქროს ინოვაციებსა და პროცესების გაუმჯობესებაზე.
M: რა არის საჭირო, რომ კომპანიების მზაობა გაიზარდოს მომავალი გამოწვევებისთვის?
თუ ბიზნესი მუდმივად იზრუნებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაზე, ის გაცილებით მდგრადი იქნება სწრაფი ცვლილებების ეპოქაში.
რეგიონში კომპანიების მხოლოდ მცირე რაოდენობა ახორციელებს ციფრულ ტრანსფორმაციას, ნერგავს ინოვაციებს და ავითარებს შიდა სტარტაპ პროექტებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც აფერხებს კომპანიებში ამ ცვლილებებს, კადრებისა და კომპეტენციის ნაკლებობაა.
ბიზნესის მფლობელი ყოველთვის ეძებს გზებს, თუ როგორ გაუსწროს კონკურენტებს და დანერგოს ინოვაციები კომპანიაში. ერთ-ერთი გზა, რომელიც გეხმარებათ აღნიშნულ პროცესში, არის ინვესტირება საკუთარ განათლებაში, ახალი უნარებისა და ცოდნის შესაძენად.
M: რა პროცესებს სთავაზობთ Future Laboratory და საქართველოს უნივერსიტეტი აღნიშნული გამოწვევის დაძლევისთვის?
ზუსტად ამ პროცესზე არის ორიენტირებული ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო 2-წლიანი პროგრამა, რომელიც შევქმენით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან პარტნიორობით, UC Berkeley-სთან. პროგრამის ავტორები არიან კომპანია Future Laboratory და საქართველოს უნივერსიტეტი. სწავლება საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება. სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სტარტაპ სემესტრის გავლა სილიკონის ველიზე, UC Berkeley-შიც შეეძლებათ.
M: რით არის თქვენი პროგრამა განსხვავებული არსებული საგანმანათლებლო პროდუქტებისგან საქართველოში?
ჩვენი პროგრამის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ UC Berkeley-ის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელები, რომლებიც ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ეხმარებოდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან: Google, Tesla და Dropbox.
UC Berkeley N1 საჯარო უნივერსიტეტია მეწარმეობის სწავლების მიმართულებით, 107 ნობელის პრემიის ლაურეატით. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა საკუთარ სტარტაპებში 45 მილიარდი დოლარის ინვესტირება მიიღეს.
ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია ბიზნესის მფლობელებზე, პროექტისა და განვითარების მენეჯერებზე, კომპანიის ხელმძღვანელებზე, მარკეტინგის მენეჯერებზე, რომლებსაც სურთ შეიქმნან წარმოდგენა, თუ როგორ განახორციელონ წარმატებული ინოვაციური პროექტებისა და პროდუქტების შექმნა და განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ რეგიონისთვის უნიკალურ სასწავლო პროგრამას და სწავლების მეთოდოლოგიას (Berkeley Method of Entrepreneurship), რომელიც მოიცავს მაღალი ხარისხის აკადემიურ ცოდნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის მიმართულებით, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, პიროვნული უნარების განვითარების შესაძლებლობას.
თქვენ არა მარტო შეისწავლით ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის პრინციპებს, არამედ შეძლებთ აღნიშნული პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას საკუთარი კომპანიის მუშაობის ფარგლებში.
M: ვინ ასწავლის პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს და რა ენაზეა სწავლება?
მაგისტრანტების სწავლების პროცესში ჩართულები იქნებიან ინსტრუქტორები სილიკონის ველიდან და UC Berkeley-დან, ასევე წამყვანი გლობალური და ლოკალური სტარტაპების დამფუძნებლები, პრაქტიკოსი ლექტორები, დარგისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები. ეს იქნება როგორც სალექციო, ასევე ვორკშოპების ფორმატი, პრაქტიკული ჩართულობა. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
M: რა არის სწავლის ღირებულება?
თუ შევადარებთ სწავლების ხარისხსა და პროცესებს, სწავლის ღირებულება ამერიკულთან შედარების მნიშვნელოვნად არის ოპტიმიზებული საქართველოს რეალობასთან და შემოსავლებთან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლა 7900 ლარი ღირს წელიწადში. ასევე ჩვენთან მოქმედებს სპეციალური საგრანტო შეთავაზებები სტარტაპების დამფუძნებლებისთვის.
M: როგორ უნდა მოხვდნენ სტუდენტები თქვენს პროგრამაზე?
სტუდენტების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს, საკაოდ დიდი მოთხოვნა არის და ადგილების რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, თითოეულ ჯგუფში არ იქნება 24 ადამიანზე მეტი.
სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილამდე მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენს პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, შეავსეთ განაცხადი, რომ მოასწროთ რეგისტრაცია. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სხვა დეტალების გარკვევაში.
სტუდენტების რეგისტრაცია შესაძლებელია აღიშნულ ბმულზე ან საიტზე.
[R]