in

სმარტ აკადემიას კიდევ ერთი პრაქტიკული კურსი “მარკეტინგის ეკოსისტემა” დაემატა, რომელსაც ქეთი მეფარიძე წარუძღვება

„სასწავლო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიებში მარკეტინგის განყოფილებისა და კრეატიული სააგენტოების მუშაობის პრინციპებზე“, — ქეთი მეფარიძე.

სულ ახლახან სმარტ აკადემიას კიდევ ერთი პრაქტიკული კურსი „მარკეტინგის ეკოსისტემა“ დაემატა, რომელსაც ქეთი მეფარიძე წარუძღვება. ქეთის გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო, ისე სარეკლამო სფეროში მუშაობას და 20-ზე მეტ, ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება დაკავშირებულია კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან, სადაც იგი ექაუნთ მენეჯერად და ქოფირაითერად მუშაობდა, საფინანსო ინდუსტრიაში კი — საქართველოს ბანკთან და ტერაბანკთან.

ასევე, ქეთი ავტორია მოთხრობების კრებულის „მეზობლად“, რომელიც პრემია ლიტერას ფინალისტი გახდა. იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის, „შემოდგომის ლეგენდა“, „ინსომნია“, „ალუბლობა“ და სხვა. 

გარდა ამისა, ქეთი თიბისის მარკეტერი და LEVEL C-ს (ბრენდინგის სწავლების საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული სპეციალისტია.

მარკეტინგის როლი ბიზნესის წარმატებაში განუსაზღვრელია. მარკეტინგი გულისხმობს ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც კომპანია ეწევა მომხმარებლებისთვის პროდუქტების ან სერვისების პოპულარიზაციისა და გაყიდვის მიზნითმარკეტინგის დახმარებით, კომპანია იზიდავს კლიენტებს და მათთან ურთიერთობას ინარჩუნებს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ მარკეტინგი მნიშვნელოვანია, მისი საბოლოო მიზანი და სარგებელი არის გაყიდვების გაზრდა. როდესაც მომხმარებლებთან ურთიერთობა კონსისტენტური, სწორად დაგეგმილი და პოზიტიურია, მომხმარებლები უფრო მეტად ერთვებიან გაყიდვებში. სტრატეგიულად სწორი კომუნიკაციით, თქვენ კონკურენტებთან მიმართებით უმნიშვნელოვანეს უპირატესობას ფლობთ, რაც სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ: პროდუქტისა თუ სერვისის საჭიროებისას მომხმარებელი თქვენს კომპანიას აარჩევს. 

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის, გარდა მარკეტინგის არსისა, მნიშვნელოვანია მთლიანად მარკეტინგის ეკოსისტემის ცოდნა.

მაშ ასე, მოდი, მეტი გავიგოთ ჩვენი ლექტორისა და კურსის — „მარკეტინგის ეკოსისტემის“ შესახებ.

როდის დაინტერესდით მარკეტინგით და რა დროს გააცნობიერეთ, რომ ეს იყო სფერო, სადაც ბოლომდე ისურვებდით დარჩენას?

ჩემი უშუალო პროფესია ჟურნალისტიკაა. სწავლის პერიოდში დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში რომელიმე ბეჭდურ მედიაში საავტორო სვეტი მექნებოდა და სოციალურ საკითხებზე მსუყე ანალიტიკურ სტატიებს დავწერდი.

მალევე გავაცნობიერე, რომ სხვა მიმართულებისკენ მიმიწევდა გული. მსურდა, მომხმარებლის სურვილებზე დაკვირვების, ბრენდის შენების პროცესის ნაწილი ვყოფილიყავი. კრეატიული ინდუსტრია ის სფეროა, რომელსაც შეუძლია, შემოქმედებითი გზით ადამიანების ყოველდღიურობა შეცვალოს, პოზიტიური ცვლილებების ინიციატორი იყოს.

ასე აღმოვჩნდი სააგენტო „ლივინგსტონში“ პროექტების მენეჯერად, სადაც ყოველდღიურად ვხედავდი სწორად დაგეგმილი, კონსისტენტური კომუნიკაციის შედეგებს და საბოლოოდ, მარკეტინგი უზომოდ შემიყვარდა.    

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

17 წლის ვიყავი, როცა პირველ სამსახურში, პირველი ჰონორარი — 25 ლარი ავიღე. მახსოვს, ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ვუხსნიდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიზნესპარტნიორებთან საქმიან შეხვედრებზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენა და ნებისმიერი, ერთი შეხედვით, მცირე დეტალის წინასწარ გათვლა.

ასე ავიღე პირველი შეკვეთა, 100 ცალი სავიზიტო ბარათის დამზადება.

მაშინ მარკეტინგზე, ბრენდინგსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ბიზნესის განვითარებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგია და სწორი პოზიციონირება გადამწყვეტი იყო.

რა წარმოდგენები გქონდათ კარიერის საწყის ეტაპზე და რამდენად გაამართლა ამ წარმოდგენებმა?

მახსოვს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უსაზღვროდ ცნობისმოყვარე.

დღესაც ასე ვფიქრობ. თუ მარკეტინგის, ბრენდინგის და ზოგადად, შემოქმედებითი ინდუსტრიის ნაწილი ხარ, გაინტერესებს ის მოვლენები, ადამიანების ყოველდღიური ამბები, რაც შენს გარშემო ხდება.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიის შექმნისას?

ბევრი რამ ერთად: პირველ რიგში, იმის გააზრება, რომ ნებისმიერი პროდუქტი, სერვისი თუ კამპანია ადამიანებისთვის იქმნება.

თუ ბრენდი მომხმარებლისთვის ღირებულ პროდუქტს ქმნის და ნამდვილად აქვს სათქმელი, მარკეტინგული კამპანია სწორედ ის გზაა, რითაც ამ სათქმელს მომხმარებლებამდე მივიტანთ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ბაზარზე შესაფერისი ადამიანების პოვნა, ვისთვისაც შენი პროდუქტი თუ შეთავაზება საჭირო და გამოსადეგია.

სად პოულობთ ინსპირაციას?

მახსოვს, სანამ ინტერნეტი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა, ტელევიზორის ყურებისას განსაკუთრებული სიხარულით ველოდი სარეკლამო ჭრებს.

ალბათ, ბევრი ადამიანისთვის რეკლამა მომაბეზრებელია, ჩემთვის კი პირიქით. შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო კარგად გადაღებულ, სწორი საკომუნიკაციო მესიჯების მქონე რეკლამას. თითქმის ყოველდღე ვნახულობ ბრენდების ახალ და ძველ სარეკლამო რგოლებს და ენერგიით ვივსები.

რა ხდის გამორჩეულს მარკეტერის პროფესიას?

ეს სფერო იმდენად დინამიკური, ცოცხალი და სიახლეებით სავსეა, რომ ძალიან რთულია მოიწყინო. მარკეტერის ყოველდღიურობა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შემოქმედებით გამოწვევებს მოიცავს, რაც საოცრად საინტერესო პროცესია.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სფეროში?

უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, რომელსაც მუდმივად ახლის ძიებისა და სწავლის სურვილი მოჰყვება.

მარკეტინგის ეკოსისტემა — რატომ შეურჩიეთ კურსს ეს სახელი?

კურსის პროცესში ჩავუღრმავდებით იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რაც მარკეტერისა და კრეატიული სააგენტოს კამპანიებზე ერთად მუშაობის პროცესში ჩნდება. სხვადასხვა კამპანიის შედეგებს გავიაზრებთ ყველა იმ პერსპექტივიდან, რაც ეკოსისტემაში შემავალ მხარეებს, „ცოცხალ ორგანიზმებს“ აქვთ.

რა გაითვალისწინეთ პროგრამის შედგენისას, როგორ და რის მიხედვით დაალაგეთ თემები?

კურსის პროგრამის შედგენისას, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ცოდნისა და გამოცდილების თავმოყრა, რაც მარკეტინგის დეპარტამენტებსა და სააგენტოში მუშაობის პერიოდში დავაგროვე.

პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიებში მარკეტინგის განყოფილებისა და კრეატიული სააგენტოების მუშაობის პრინციპებზე. ასევე, კამპანიის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესზე.

​​რა ცოდნას მიიღებს დამწყები თქვენი კურსიდან, რას სთავაზობთ სტუდენტებს?

ამ კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტს ექნება ის პრაქტიკული ცოდნა, რაც კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებისთვისაა საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მიმართულებას აირჩევს: მარკეტინგს თუ კრეატიულ სააგენტოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება საკომუნიკაციო გეგმის შედგენა, ბრიფის მომზადება, ბიუჯეტირება და ა. შ.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მარკეტინგით, თუმცა პროფესიაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ეშინიათ, ანდაც ახალი პროფესიის დაუფლებას ვერ ბედავენ?

ვურჩევდი თამამი ნაბიჯების გადადგმას და მოძრაობას. ხოლო ვისაც ჩემი არ სჯერა, ილიას მაინც ენდოს, როცა ამბობს: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

კურსი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც არის დამწყები მარკეტერი და ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მარკეტინგის სფეროში მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლად მიაჩნია. ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. 

20-საათიანი სალექციო კურსის ბოლოს მსმენელებს ეცოდინებათ:

  • მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლების როლები და ფუნქციები
  • ბრიფის დოკუმენტის მომზადება
  • საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება
  • კამპანიის ბიუჯეტისა და ვადების განსაზღვრა
  • კომუნიკაციის სხვადასხვა არხში დაგეგმვა და განხორციელება
  • კრეატიულ სააგენტოსთან ეფექტიანი თანამშრომლობა
  • პრეზენტაციის მომზადება

და მაინც, რატომ უნდა გაიარო ეს კურსი? 

ამ კურსით სტუდენტები მიიღებენ უტყუარ ინფორმაციას კრეატიული სააგენტოების საქმიანობის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ სწორად კრეატიული სააგენტო, როგორ გაწერონ საკომუნიკაციო გეგმა. გაიგებენ, რა როლი აქვს კრეატიულ სააგენტოს ბრენდის დაგეგმილ კომუნიკაციაში, მიიღებენ ინფორმაციას კრეატიული სააგენტოს თანამშრომლების და მათი როლის შესახებ, გაიგებენ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც მისგან, როგორც მარკეტერისგან სჭირდება სააგენტოს წარმატებული კამპანიის დასაგეგმად. მოკლედ რომ ვთქვათ, მთლიანად ჩაიხედებიან შიდა სამზარეულოში, მიიღებენ ცოდნას იმ გარემოს შესახებ რომელშიც მარკეტერებს უწევთ მუშაობა, რაც გაუადვილებთ მომავალ საქმიანობას, რადგან წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი მათთვის საჭირო და აუცილებელ საკითხებზე.

მარკეტინგი საინტერესო სფეროა თავისი ბუნებით, რადგან მუშაობის პროცესში უამრავ გამოწვევასთან გიწევს გამკლავება, ბევრ სიახლეს ეცნობი. რაც მთავარია, თავისი მრავალმხრივობიდან გამომდინარე, ანაზღაურებაც მაღალია. შენ კი, დასაქმების დიდი შანსი გექნება, რადგან დღეს ამ პროფესიის ადამიანებზე დიდი მოთხოვნაა ყველა ტიპის ორგანიზაციის მხრიდან, როგორც საქართველოში ისე მსოფლიო ბაზარზე. 

გახსოვდეთ, ყველაზე მთავარი ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და მუდმივი ძიებაა. მათ გარეშე შეუძლებელია კარგ მარკეტერად ჩამოყალიბება.

„მარკეტინგის ეკოსისტემის“ კურსზე სწავლა 21 ნოემბერს იწყება. დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

წერილი უცნობ მძღოლებს — ანა გოგუაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

რას ელოდებიან თქვენგან, როგორც კარგი ქოფირაითერისგან? იხილეთ 7 პასუხი ამ ერთ კითხვაზე