ინტერვიუ ქეთი რაზმაძესთან, „კარგო პოლოს” ციფრული პროდუქტების მენეჯერთან.
საქართველოში ავტომობილების იმპორტი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და დინამიკურად განვითარებადი სფეროა. ათწლეულების განმავლობაში ეს ბაზარი ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი ეკონომიკური სექტორი, რომელშიც ათასობით ადამიანი და კომპანიაა ჩართული. თუმცა, როგორც ბევრი სწრაფად მზარდი ინდუსტრიის შემთხვევაში ხდება, პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ფრაგმენტულად, სხვადასხვა ინსტრუმენტისა და არასტანდარტული ოპერაციების მეშვეობით მიმდინარეობდა.
სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: რა როლი აქვს ციფრულ პროდუქტებს ისეთი კომპლექსური ბიზნესის განვითარებაში, როგორიც ავტომობილების საერთაშორისო იმპორტია?
ამ თემაზე გვესაუბრება cargopolo-ს ციფრული პროდუქტებისა და კომუნიკაციების მენეჯერი, რომელიც გვიყვება როგორ შეიქმნა კარგო პოლოს სისტემა, რა ბიზნესამოცანებს ემსახურება და რატომ არის პროდუქტის გაციფრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ სფეროს განვითარებისთვის.
ნიშური ბაზარი კონკრეტული აუდიტორიისთვის
cargopolo-ს ბიზნესის სპეციფიკა, პირველ რიგში, მისი სამიზნე აუდიტორიით განისაზღვრება:
„ჩვენ ვმუშაობთ ერთ კონკრეტულ სეგმენტთან – ავტოდილერებთან. ისინი არიან ფიზიკური პირები ან კომპანიები, რომლებიც ყოველთვიურად სტაბილურად ყიდულობენ გარკვეული რაოდენობის ავტომობილებს. ფორმალურად ეს B2B ბიზნესია, თუმცა ტრადიციული მოდელისგან გარკვეულწილად განსხვავდება – ბევრი ავტოდილერი ფიზიკური პირია, თუმცა მათი საქმიანობა მაინც სისტემური და ბიზნესზე ორიენტირებულია. შესაბამისად, საჭიროებები განსხვავდება როგორც საცალო მომხმარებლისგან, ასევე კორპორატიული კლიენტებისგან. ამ სპეციფიკამ თავიდანვე განსაზღვრა პლატფორმის განვითარების სტრატეგია”.
მიზანი – ავტოდილერების ბიზნესისთვის „სასათბურე გარემოს“ შექმნა
cargopolo-ს პლატფორმის მთავარი იდეა იმთავითვე იყო ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ავტოდილერებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
„ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა გარემო, სადაც დილერებს ექნებათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები მუშაობისთვის. პირობითად რომ ვთქვათ – სასათბურე პირობები, სადაც მათი ბიზნესი სწრაფად და ეფექტურად შეიძლება გაიზარდოს”.
ეს ნიშნავს, რომ პლატფორმა მხოლოდ ტრანსპორტირების სერვისს არ წარმოადგენს. ის რეალურად არის ბიზნესინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს ოპერაციულ, ფინანსურ და ლოგისტიკურ პროცესებს.
ციფრული ინსტრუმენტები ახალი თაობის მომხმარებლისთვის
ბაზრის ტრანსფორმაციასთან ერთად შეიცვალა მომხმარებლის მოლოდინებიც.
„დღეს ავტოდილერების ახალი თაობა გაცილებით განვითარებულია ტექნოლოგიურად. მათ სჭირდებათ ინსტრუმენტები, რომლებიც სწრაფ გადაწყვეტილებებს, გამჭვირვალობას და პროცესების სრულ კონტროლს უზრუნველყოფს”.
ამ მიზნისთვის cargopolo-მ შექმნა ბიზნეს ანგარიშები, რომელიც დილერებს საშუალებას აძლევს:
- მართონ საკუთარი ბიუჯეტი
- დააფიქსირონ და მონიტორინგი გაუკეთონ ტრანზაქციებს
- აკონტროლონ ავტომობილების გადაადგილება
- მიიღონ დეტალური ინფორმაცია გადაზიდვის ყველა ეტაპზე
- სწრაფად დაითვალონ ტრანსპორტირების ხარჯები (ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კლიკით)
- გამოიყენონ ე.წ. „ჭკვიანი ინსტრუმენტები“, რომლებიც ყოველდღიურ ოპერაციებს ამარტივებს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დილერს ნებისმიერ დროს ჰქონდეს სრული სურათი – სად არის მისი მანქანა, რა ეტაპზეა პროცესი და რა ფინანსური ვალდებულებები უკავშირდება თითოეულ ოპერაციას”.
პლატფორმა არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ გუნდისთვის
cargopolo-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ სისტემა მხოლოდ მომხმარებლებისთვის არ არის შექმნილი.
„ჩვენი პლატფორმა რეალურად არის საერთო სამუშაო გარემო როგორც დილერებისთვის, ისე ჩვენი გუნდისთვის. მომხმარებელთან ურთიერთობა იწყება CRM სისტემაში, თუმცა პროცესი იქ არ სრულდება. როდესაც დილერი იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას, საქმე გადადის cargopolo-ს სისტემაში, სადაც ექაუნთ მენეჯერები და ოპერაციების გუნდი მუშაობენ”.
პლატფორმა მათ საშუალებას აძლევს:
- მართონ თითოეული ავტომობილის ტრანსპორტირების პროცესი
- მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია დილერის აქტივობის შესახებ
- სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ოპერაციულ საკითხებზე
- ეფექტურად გაუწიონ მომსახურება მომხმარებლებს
“მნიშვნელოვანია, რომ სისტემა არა მხოლოდ მომხმარებლისთვის იყოს მოსახერხებელი, არამედ თანამშრომლებისთვისაც იყოს ძლიერი სამუშაო ინსტრუმენტი. როდესაც გუნდი მუშაობს კარგად ორგანიზებულ სისტემაში, ეს პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზეც.“
მასშტაბირებადობა, როგორც პროდუქტის მთავარი პრინციპი
პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მასშტაბირებადობის უზრუნველყოფა.
„ეს არის ბიზნესი, რომლის გეოგრაფია ძალიან სწრაფად შეიძლება გადალაგდეს. ბაზრები მუდმივად იცვლება, ჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი პარტნიორები. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომლის საბაზისო ფუნქციონალი მაქსიმალურად უნიფიცირებული იქნებოდა, თუმცა მეორე მხრივ საშუალებას მოგვცემდა სიახლეებთან სწრაფად ადაპტირებადი გაგვეხადა ციფრული სერვისები.”
დეტალიზებული ტექნიკური დავალება – წარმატებული პროდუქტის საფუძველი
პროდუქტის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საწყისი ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებას. ამ პროცესმა გუნდს საშუალება მისცა შეექმნა დავალება, რომელიც არსებულ ბიზნეს პროცესებს ეფუძნებოდა.
„დეველოპმენტის დაწყებამდე საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ ბიზნეს პროცესების დეტალურად ანალიზს. ჩავატარეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები გუნდის სხვადასხვა წევრებთან – ოპერაციებიდან, ლოგისტიკიდან, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდიდან. ახალი პროდუქტის დალონჩვის შემდეგ ცვლილებები გარდაუვალია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყისი ხედვა იყოს მაქსიმალურად ახლოს რეალურ საჭიროებებთან და რაც მთავარია არ იყოს ბუნდოვანი.”
როდესაც დეველოპერი ხედავს დიდ სურათს
პლატფორმის შექმნის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი იყო ის, რომ ტექნიკური გუნდი მხოლოდ კოდის წერაზე არ ყოფილიყო კონცენტრირებული. ამ მიდგომამ გუნდს საშუალება მისცა შეექმნა არა უბრალოდ ფუნქციონალი, არამედ რეალურად პრობლემებზე ორიენტირებული სისტემა.
„ვფიქრობ კარგი პროდუქტის შესაქმნელად ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რომ თითოეულ დეველოპერს კარგად ესმოდეს ბიზნესი, რომლისთვისაც ქმნის პროდუქტს. როდესაც ადამიანი ხედავს დიდ სურათს – როგორ მუშაობს ინდუსტრია, რა პრობლემებს აგვარებს პროდუქტი – გადაწყვეტილებებიც ბევრად უფრო ხარისხიანი ხდება”.
მომხმარებლის გამოცდილება და იუზერტესტინგი
პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომხმარებლის გამოცდილების კვლევამ და იუზერ ტესტინგმა.
იუზერ ტესტინგი საშუალებას აძლევს გუნდს რეალურ დროში დაინახოს:
- სად უჭირთ მომხმარებლებს მუშაობა
- რა ფუნქციები არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი
- როგორ შეიძლება პროცესების კიდევ უფრო გამარტივება
„შეიძლება პროდუქტ მენეჯერი დიდი შრომის მერე ცოტა “ეგოცენტრულები” გახდეს და მივიჩნიოთ, რომ ჩვენი შექმნილი სამომხმარებლო გამოცდილება ყველაზე სწორი და კარგია, მაგრამ ეს მდგომარეობა აუცილებლად გადასალახია. მომხმარებლის აზრი, რომელიც თუნდაც რადიკალური ცვლილებებისკენ გვიბიძგებს აუცილებლად მოსასმენია. ხშირად სწორედ მომხმარებლის რეალური გამოცდილება გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვან ინსაითებს პროდუქტის განვითარებისთვის.“
მონაცემები, როგორც სტრატეგიული რესურსი
cargopolo-ს სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც პლატფორმაში გროვდება. ყოველდღიურად სისტემაში თავს იყრის უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია – ტრანსპორტირების პროცესებზე, ბაზრებზე, ხარჯებზე, მომხმარებლის აქტივობაზე.“
ამ მონაცემების ანალიტიკა კომპანიას საშუალებას აძლევს, უკეთ დაგეგმოს ოპერაციები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მეტად ინფორმირებულმა მიიღოს.
„ინფორმაცია დიდი ძალაა. როდესაც გაქვს მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკა, შეგიძლია ბევრად უფრო ზუსტად დაინახო ტენდენციები და სწორად დაგეგმო მომავალი ნაბიჯები.“
მომავალი – მობილური აპლიკაცია და AI ინსტრუმენტები
პლატფორმის განვითარება ამ ეტაპზე აქტიურად გრძელდება. ამასთან ერთად გუნდი აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელს ციფრული პროდუქტების განვითარებაში.
„ახლა ვმუშაობთ მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც დილერებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად მართონ საკუთარი ოპერაციები. AI უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე ციფრულ პროდუქტებში. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ამ ტექნოლოგიების ინტეგრაციას, რათა პლატფორმა კიდევ უფრო ეფექტური და ჭკვიანი გახდეს.“
ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესს ზრდაში ეხმარება
დღეს კარგო პოლო უკვე მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოგისტიკური სერვისი. ის გახდა ციფრული პლატფორმა, რომელიც ავტოდილერებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი ბიზნესი.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებლის წარმატება. თუ დილერის ბიზნესი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ პროდუქტს ვქმნით და თან ჩვენც ვიზრდებით.“
სწორედ ამ ხედვით აგრძელებს კარგო პოლო პლატფორმის განვითარებას, როგორც ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელსაც ავტომობილების იმპორტის სფერო ახალ, კიდევ უფრო ტექნოლუგიურ ეტაპზე გადაჰყავს.
[პარტნიორის კონტენტი]












