იყო დრო, როდესაც ქართულ ენაზე მომუშავე AI ფანტასტიკის ჟანრად მიიჩნეოდა. თუმცა დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის ფონზე, ქართულ ბაზარზეც სულ უფრო აქტიურად ჩნდება ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც ადგილობრივ ენასა და საჭიროებებს ერგება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს „ლაქლაქა“ – სუვერენული ქართული ხელოვნური ინტელექტის კვლევითი პლატფორმა და ეკოსისტემა, რომლის მიზანიც ლოკალურ ენასა და კულტურულ კონტექსტზე მორგებული AI ინფრასტრუქტურის შექმნაა.
პლატფორმა 2023 წლიდან ავითარებს ქართულ დიდ ენობრივ მოდელებს (LLM), დღეს კი უკვე 30,000 რეგისტრირებული და 8,000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ „ლაქლაქა“ უკვე ერთგვარი ეკოსისტემაა, რომელიც აერთიანებს AI ჩატს, აგენტური მუშაობის პლატფორმას დოკუმენტებზე, vibe-coding სისტემას და ბიზნესავტომატიზაციებს. ცოტა ხნის წინ კი პროექტმა Google-ის AI Scale Tier სტატუსი და 350,000 დოლარის მხარდაჭერა მიიღო.
„ლაქლაქას“ თანადამფუძნებელი აკაკი კურცხალია გვიყვება, როგორ დაიწყო ყველაფერი და რა გეგმები აქვს ქართულ AI პლატფორმას მომავალში.
M: „ლაქლაქას“ შექმნის შესახებ საუბრით დავიწყოთ: ვინ არის გუნდი, ვინც შექმნა „ლაქლაქა“ და რა იყო თქვენი გაერთიანების მიზანი?
ჩვენი გუნდი ორი წევრისგან შედგება: მე, აკაკი კურცხალია და ჩემი ახლო მეგობარი ბელგიიდან, ჯეს პიტერსი.
„ლაქლაქას“ იდეა ერთ-ერთ ჰაკათონზე დაგვებადა. გვინდოდა შეგვექმნა მოლაპარაკე ასისტენტი, რომელიც ბავშვებს სწავლაში დაეხმარებოდა – კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი ჩართავდა კამერას, „ლაქლაქა“ კი ემოციების აღქმის მეშვეობით აუხსნიდა მას სხვადასხვა სასწავლო საკითხს და მაქსიმალურად მოირგებდა მასწავლებლის როლს.
ჰაკათონის დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, პროექტი კვლევით პლატფორმად გვექცია, რათა ქართულ ენაზე დაგვემუშავებინა ხელოვნური ინტელექტის მოდელები. დღეს ჩვენ ვქმნით ქართულ რეალობაზე მორგებულ AI მოდელებს, რომელთა ბაზაზეც შემდგომში სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროდუქტს ვაშენებთ.
M: 2023 წელს დაიწყეთ ქართული LLM-ების შექმნა, ხოლო დღეს უკვე 30,000 რეგისტრირებული და 8,000 აქტიური მომხმარებელი გყავთ. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ გზაზე?
ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას MVP-ის, მინიმალური სასიცოცხლო პროდუქტის გაშვება წარმოადგენდა. ვინაიდან ეს ტექნოლოგია რეგიონისთვის სრულიად ახალი იყო, პარალელურად კი გლობალური გიგანტები სწრაფად ვითარდებოდნენ, ვცდილობდით, მომხმარებლისთვის ყოველთვის განსხვავებული ღირებულება შეგვეთავაზებინა.
დახურულ ბეტავერსიაში 700-ამდე მომხმარებელი გვყავდა, რაც პროცესების მართვასა და სწორი პროდუქტის მიწოდებას ართულებდა, რადგან იმ ეტაპზე ყველაფერი მართლაც ინოვაციური და უახლესი იყო.

M: „ლაქლაქას“ ეკოსისტემა მოიცავს როგორც AI ჩატს, ისე workspace-ს, vibe-coding პლატფორმასა და ბიზნეავტომატიზაციებს. როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა რომელ მიმართულებაზეა და რატომ?
ჩვენი მიზანი ეკოსისტემის განვითარებაა, რის ფარგლებშიც სულ მალე vibe-coding პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. აღსანიშნავია, რომ B2C მიმართულებით ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ Vibe-coding Workspace-ზე ფიქსირდება.
ზოგადად, ჩვენთვის ყველაზე მოთხოვნადი B2B სექტორია. სტანდარტული (Generic) ჩატბოტებისგან განსხვავებით, ჩვენ კომპანიებში ნებისმიერი პროცესის სრულ ავტომატიზაციას ვახდენთ, რაც კონკურენტებისგან მკვეთრად გამოგვარჩევს.
M: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა AI-სთან ხმოვანი კომუნიკაცია და „vibe-coding“. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის ბუნებრივი ენით პროგრამირება და AI-სთან საუბარი ადამიანების ყოველდღიურ სამუშაო პროცესს?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, მაქსიმალურად ვმუშაობთ, რათა ნებისმიერ ადამიანს, საქართველოდან დაწყებული, ჰქონდეს შესაძლებლობა, ბუნებრივი ენის გამოყენებით შექმნას ის, რაც სურს.
წარმოიდგინეთ 5 წლის ბავშვი, რომელიც თავისი ბავშვური ხმით თამაშებს აწყობს, ან 60 წლის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ინოვაციებზე ფიქრობდა და ახლა, უბრალოდ ლაპარაკით, საკუთარ პროდუქტს ქმნის.
M: Google-ის AI Scale Tier სტატუსისა და 350,000 დოლარის მხარდაჭერის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპია. რას ნიშნავს ეს „ლაქლაქასთვის“ ტექნოლოგიურად და რა არის თქვენი შემდეგი დიდი მიზანი?
Google-ის მხარდაჭერა Cloud ინფრასტრუქტურის სახით ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. Google-ის უახლეს ტექნოლოგიურ რესურსებთან წვდომა გვიხსნის შეუზღუდავ შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევქმნათ და დავნერგოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, ინოვაციური AI მოდელები.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












