in

ინტერვიუ მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან – როგორია მისი კარიერა და გამოცდილება რიდლი სკოტის ახალ ფილმში?

“ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება “ბეჭდების მბრძანებელში” ან “ვარსკვლავურ ომებში” მონაწილეობაა”


რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცე იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის, ლუკა ჩიქოვანის წარმატებამ მოიცვა. როგორც ცნობილი გახდა, ის რიდლი სკოტის ფილმში – “House of Gucci” – ითამაშებს.

“მსახიობობა მაძლევს შანსს, ვიცხოვრო განსხვავებული ცხოვრებით, აზრებითა და გამოცდილებით… რაც სხვაგვარად არ შეიძლებოდა მქონოდა ჩემს ცხოვრებაში. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვიცხოვრო სხვა ადამიანის გონებაში, დროსა და სივრცეში” – ასე გვპასუხობს მსახიობი კითხვაზე, თუ რა არის მსახიობობა მისთვის და რის შესაძლებლობას აძლევს კინო. 

M: ლუკა, მოგვიყევი შენი ახალი როლის შესახებ, როგორია ეს გამოცდილება შენთვის, როგორც მსახიობისთვის?

ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი და კასტინგზე ფილმ “House Of Gucci”-ის ერთ-ერთი როლისთვის შემარჩიეს, სადაც მხოლოდ ერთ სცენაში ვმონაწილეობ. მე უბრალოდ ფოტო გამოვაქყვეყნე კულისებიდან და მართლაც სასაცილო იყო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა მედიამ სუპერ აჟიოტაჟი შექმნა… ამიტომ, ამ დღეებში პრესასთან გასაუბრება მინდოდა, რათა ხალხისთვის მეთქვა, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე წამიანი როლია. თანაც, მე უფრო მხატვრულად თუ კულტურულად მნიშვნელოვან პროექტებზე მიმუშავია, მაგრამ მედიის წარმომადგენლები გუჩიზე საუბარს ამჯობინებენ. რაც შეეხება გამოცდილებას, ეს მართლაც საოცარი იყო – მე გავიცანი რიდლი სკოტი და ადამ დრაივერი და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზეც, ჩვენს კულტურასა თუ ბუნებაზე.

M: რამდენად ინარჩუნებ პირად ხასიათს სხვადასხვა როლის შესრულებისას? თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული როლი რეალურ ცხოვრებაშიც გადმოგყოლია?

ეს მართლაც ინტროსპექტიული მოგზაურობაა, მაგრამ პირადად მე მას იმისთვის ვიყენებ, რომ გამოცდილება მივიღო ჩემს არაცნობიერში და პერსონაჟის გამოცდილება ჩემსას დავამატო. 

M: რას იტყვი, შეიძლება გადასაღებ მოედანს შენს თავთან “თამაშის” ან საკუთარი პიროვნების კვლევის გზა უწოდო?

ყველა პერსონაჟი აძლევს მსახიობს რაღაცას და ვფიქრობ, მასში რჩება კიდეც. ასე რომ, მსახიობი პიროვნებათა და განსხვავებული შეხედულებების კოლექციონერს ჰგავს… Happy As Lazzaro ჩემი პირველი და უდისეი როლი იყო ჩემი ინსტრუქტორული კვლევისთვის, მან მთლიანად შეცვალა ჩემი რეალობის ხედვა, ბედნიერების იდეა. 

M: რადგან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, უფრო ზუსტად რომ გვითხრა, კონკრეტულად რა გასწავლა ამ როლმა? 

მასწავლა, რომ ბედნიერება იმაზე მარტივია, ვიდრე ჩვენ მიგვაჩნია. თანამედროვე გლობალიზებულ, სამომხმარებლო საზოგადოებაში ვფიქრობთ, რომ ჩვენს ბედნიერებას ქმნის ობიექტები, ახალი ლამაზი მანქანა, ან ძვირადღირებული ბრენდის ტანსაცმელი თუ სხვა მატერიალური საგნები, რომლებიც თვალს “გვიბრმავებს”. შესაბამისად, ჩვენი არაცნობიერი საკუთარ თავს უფრო მატერიალისტურ პიროვნებად აყალიბებს – ბედნიერებას ვუკავშირებთ გარე ობიექტებს და არა ისეთ ცნებებს, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, ბუნება თუ სხვ. 

M: და როგორ ფიქრობ, რა ახდენს საზოგადოების ამგვარ ფორმირებაზე გავლენას და როგორ შეიძლება ამის შეცვლა?

სიმართლე რომ ითქვას, ჩვენზე გავლენას ახდენს კაპიტალისტური ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, აშშ. ისინი გვაფიქრებინებენ, რომ ბედნიერება ობიექტებშია და არა, ადამიანურ ურთიერთობებში. ამიტომ ჩვენ უსასრულოდ განვაგრძობთ უფრო და უფრო მეტის ყიდვას და რამდენიმე წუთიანი “ყალბი” ბედნიერების შეგრძნებას. შემდეგ უფრო მეტი უნდა ვიყიდოთ, რათა კვლავ მივიღოთ ეს ხელოვნური ბედნიერება. სწორედ ამიტომ იყო “ბედნიერი ლაზარო” ჩემთვის დიდი ცვლილება – დავიწყე სხვა რაღაცების დაფასება და გავიაზრე, რომ შეცვლის ერთადერთი გზა სიკეთისთვის ბრძოლა, გულახდილი და გულისხმიერი საუბარია. 

M: შეგიძლია, ერთი მსახიობი ან რეჟისორი დაასახელო, რომელმაც შენზე, როგორც მსახიობზე დიდი გავლენა იქონია?

შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მე ჯიმ ქერის ფილმებით ვიზრდებოდი და ჩემი პირველი მსახიობობა ბავშვობაში სწორედ მისი მიბაძვა იყო.  მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მე უბრალოდ ბავშვი ვიყავი და მისი პერსონაჟები მიყვარდა. ასევე, ძალიან მოხიბლული ვიყავი იუან მაკგრეგორის შესრულებით Moulin Rouge-ში, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია. ასე რომ, ერთი საყვარელი მსახიობი არ მყავს, ყველა მსახიობისგან ვიღებ რაღაცას, მაგრამ ფილმებისთვის არასოდეს მიყურებია “ტექნიკური ხერხით” და არასდროს ვყოფილვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ “როგორ მოქმედებს ტექნიკურად”… არამედ, ყოველთვის ვუყურებ ფილმს იმისათვის, რომ მსახიობების მიერ გაზიარებული შეგრძნებების ნაწილი ვიყო. 

თუმცა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება “ბეჭდების მბრძანებელში” ან “ვარსკვლავურ ომებში” მონაწილეობაა.

M: და ბოლოს, როგორია ლუკა ჩიქოვანი კინოსთან ერთად და მის გარეშე? სად იქნებოდი ახლა, რომ არა კინო?

არ ვიცი, მე ყოველთვის ის ბავშვი ვიყავი, რომელიც სამუშაოებს “იგონებდა” – არასდროს მიყვარდა ოფისში მუშაობა ან რაღაც მსგავსი. პირიქით, ყოველთვის შემოქმედებით სამუშაოებს ვანიჭებდი უპირატესობას. მომავალში მინდა დავწერო რამდენიმე წიგნი მედიტაციისა და ანთროპოსოფიის შესახებ და თანამედროვე საზოგადოების აღქმაზე. ამიტომ, გულწრფელად ვამბობ, რომ არ ვიცი, რადგან ნამდვილად მიყვარს ყველა სამუშაო, მე გატაცებული ვარ თითოეული მათგანით, რადგან ეს ხელოვნებაა! ბავშვობიდან მინდოდა არქეოლოგი გავმხდარიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მიყვარდა ეგვიპტე და მისი იდუმალება. Გამომდინარე აქედან, რომ არა კინო, ალბათ, არქეოლოგი ვიქნებოდი – ეს დღემდე ჩემი ოცნებაა, მსურს, ჩემი კარიერა ბავშვობის ძველ ოცნებასთან გავაერთიანო. 

“რაც მთავარია, სამომავლოდ ვისურვებდი რამის გაკეთებას საქართველოსთვის – ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ნიჭიერი ბავშვებისთვის სტიპენდიების შექმნას… მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ადრეა” – ასე ამთავრებს საუბარს ლუკა ჩიქოვანი. 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ განაგრძობს კარიერას ლუკა და ვინ იცის, იქნებ ახლო მომავალში მისგან, როგორც მწერლისა და აქრეოლოგისგანაც კი ავიღოთ ინტერვიუ…

ავტორი ქეთია ბელქანია


არქიტექტურის, ესთეტიკისა და ეკოლოგიის სინთეზი – კიდევ ერთი საცხოვრებელი შენობა პროექტის, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ფარგლებში

„უკეთესი მე“ – ნაკანის აკადემია ქალთა გაძლიერებისთვის სამოტივაციო კურსს იწყებს