25
Oct
2019

როგორ უნდა გახდნენ ინტროვერტები კარგი ლიდერები?

25 Oct 2019

საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, იმისთვის, რომ შთამაგონებელი ლიდერი იყოთ, აუცილებელია, მუდმივად აქტიურ რეჟიმში იყოთ, გქონდეთ დიდი დოზით ენთუზიაზმი და თქვენი გუნდის წევრებს ყოველთვის ხმამაღლა მოუწოდებდეთ, ამა თუ იმ საკითხის შესახებ. კლასიკური ექსტროვერტები თავიანთ თანამშრომლებთან უპრობლემოდ გადიან კონტაქტზე და მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევიან, თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ისინი ზუსტად და წარმატებულად ეწევიან ლიდერის საქმიანობას. ისინი ერთგვარად “ბრწყინავენ”, თუმცა, ბევრ შემთხვევაში ხომ “როგორც ქუხს, ისე არ წვიმს..”

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნამდვილი ლიდერები საუბრობენ რბილად, ფიქრობენ ბევრს და, რაც მთავარია, არიან რეალურები – იქცევიან ისე, როგორებიც ნამდვილად არიან. ისინი არიან სამართლიანები როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე და ცდილობენ გაიზიარონ თავიანთი გუნდის წევრების იმედები, ოცნებები, მიდრეკილებები.. სწორედ ეს ყველაფერი ხდის ლიდერს სამაგალითოს. კომუნიკაციისა და ემპათიის სურვილს კი საერთო არაფერი აქვს ინტროვერტობასთან და ექსტროვერტობასთან.

სწორედ ამიტომ, თუკი თქვენ ინტროვერტი ხართ, ზუსტად იმდენივე შანსი გაქვთ, იყოთ კარგი და სამაგალითო ლიდერი, რამდენიც – ექსტროვერტს.

მთავარია, სამი რამ დაიმახსოვროთ:

აღიქვით ინტროვერტობა ლიდერობისთვის კარგ უნარად. თქვენი აღქმები თქვენსავე საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ინტროვერტებს არ გამოსდით ლიდერობა არა იმიტომ, რომ მათ საკმარისი პოტენციალი არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, ამგვარი პოზიციისთვის საკმარისები არ არიან. თუმცა, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ამგვარ აღქმაში საზოგადოებაც უწყობთ მათ ხელს. რატომღაც გვგონია, რომ რადგანაც ექსტროვერტები მარტივად შედიან კონტაქტში, უფრო კარგი ლიდერები იქნებიან, თუმცა, აქ ეს არგუმენტი არაფერ შუაშია. მთავარი შედეგია და არა გზა, რომლითაც საქმეს ვაკეთებთ.

დაუთმეთ მეტი დრო განმარტოებას. განმარტოებას ხშირად ძალიან დიდი ძალა აქვს. ასეთ დროს თითქმის ყველაფერზე გვეფიქრება, მათ შორის იმ ადამიანებზეც – ვისთანაც ძალიან ხშირად გვიწევს ყოფნა. გვიწევს იმ ღირებულებებსა და მიზნებზე ფიქრი, რომელთა განხორციელებაც ჩვენს უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. განმარტოებისას დაამშვიდეთ თქვენი თავი და ეს დრო ენერგიით ასავსებად გამოიყენეთ.. სწორედ იმ ენერგიის, რომელიც შემდგომ არაკომფორტულ შეხვედრებზე, უხერხულ სიტუაციებში გამოგადგებათ.

გაატარეთ დრო თქვენი გუნდის წევრებთან ცალ-ცალკე. შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე მათთან ერთიანად საუბარს, თუმცა, ურთიერთობა, რომელსაც თქვენ მათთან დაამყარებთ, ძალიან ღირებული იქნება თქვენთვისაც და მათთვისაც. თანაც – ინტროვერტებისთვის ერთი-ერთზე საუბარი ერთგვარი კომფორტი და ფუფუნებაა. ისინი უფრო მეტად გახსნილები არიან ამ დროს და სრულად შეუძლიათ კონცენტრირდნენ ერთ საკითხზე, ყველანაირი უხერხულობის გარეშე.

წყარო: Inc

 



განხილვა