ესეც საჩუქარი კოსმოსის გულშემატკივრებისთვის — Intuitive Machines მზადაა მთვარეზე გასაფრენად. კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა პირველმა მთვარის ლენდერმა ინტეგრაციის ყველა ეტაპი წარმატებით დაასრულა. ახლა კი SpaceX-ის Falcon 9-ზეა, სადაც გაშვებამდე, ანუ 14 თებერვლამდე გაჩერდება. მისიის გაშვების პერიოდი 09:57 საათზე გაიხსნება, ხოლო თუ ამინდი ან სხვა გარემოებები შეაფერხებს მას, SpaceX-ს კიდევ სამი დღე ექნება გაშვების შესასრულებლად.
რაც შეეხება დეტალებს, ლენდერის სამიზნე მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლად არსებული ადგილია, სადაც დაშვებისთვის საჭირო კონკრეტული განათების პირობები თვეში მხოლოდ რამდენიმე დღითაა ხელმისაწვდომი.
ეს Intuitive Machines-ის პირველი მთვარის მისიაა, კომპანია კი ჰიუსტონში 11 წლის წინ სტივენ ალტემუსმა დააარსა… აღსანიშნავია, რომ ამ მისიისთვის ნასასთან კონტრაქტი 2019 წელს გააფორმეს. ახლა კი, ბუნებრივია, მისია ყურადღების ცენტრში მოექცევა, იმის გათვალისწინებითაც, რაც Astrobotic-ს დაემართა — ლენდერმა მთვარემდე საწვავის გაჟონვის გამო ვერ მიაღწია…
ორივე კომპანიის მისია Nasa-ს Commercial Lunar Payload Services-ის (CLPS) ნაწილია. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შექმნილია იმისათვის, რომ კერძო ინდუსტრიისგან სატრანსპორტო მომსახურება მიიღოს მთვარეზე. NASA Intuitive Machines-ს 118 მილიონ დოლარს უხდის, რათა მთვარის ზედაპირზე მისი 6 სამეცნიერო და ტექნოლოგიური ტვირთი გადაიტანოს.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მთვარის ეკონომიკაში კომერციული წარმატების გზას გაკვალავენ. Intuitive Machines ამისთვის არამარტო მთვარის ლენდერებთან, არამედ მთვარის მონაცემების სერვისთანაც მუშაობს, მთვარის როვერზე, სხვა ტექნოლოგიებსა თუ სერვისებზე, როგორც მთვარის ზედაპირისთვის, ისე მის ირგვლივ არსებული სივრცისთვის…
„IM-1 მისიის წარმატება საფუძველს ჩაუყრის მთვარის ეკონომიკას, გახსნის ახალ შესაძლებლობებს კვლევისა თუ ვაჭრობისთვის. ჩვენი შესაძლებლობების განვითარებით მთვარის ზედაპირზე, მისია საფუძველს შექმნის უფრო ამბიციური მცდელობების განხორციელებისთვის, მათ შორისაა მთვარის ბაზების დაარსება და პოტენციური წყაროების კვლევა“, — აცხადებენ კომპანიაში.
Nasa-ს 6 ტვირთის გარდა, ლენდერი თან წაიღებს რამდენიმე კომერციულ ტვირთს მომხმარებლებისთვის, მათ შორისაა Columbia Sportswear. ლენდერს Odysseus უწოდეს და, სავარაუდოდ, იგი 7 დღის განმავლობაში იმუშავებს მთვარეზე მანამ, სანამ ცივი და გრძელი მთვარის ღამეები დაიწყება…