7
Jun
2019

მეორადი ავტონაწილების ქართული საძიებო პლატფორმა – inventors.ge

7 Jun 2019

Startauperi
Startauperi


გიორგი რობაქიძე

ვისაც ავტონაწილებისთვის ბაზრობები, “დაშლილები”, ფორუმები, ფეისბუკ ჯგუფები და ონლაინ პლატფორმები მოუვლია, კარგად იცის, რამხელა დროსა და ენერგიას მოითხოვს სასურველი ავტონაწილის მოგებიან ფასად შოვნა. ქართულ ბაზარზე ახალი ნაწილებიც ჭარბადაა და მეორადიც. თუმცა, შეძენა მაინც საჩოთირო საქმეა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფინანსისტმა გიორგი რობაქიძემ, სამ მეგობართან ერთად, ონლაინ პლატფორმა “ინვენტორი” შექმნა. ვებგვერდის მიზანია, დაეხმაროს მის მომხმარებელს სასურველი ავტონაწილის სწრაფად მოძიებასა და ხელსაყრელ ფასად შეძენაში.

“დღესდღეობით, ჩვენი კვლევის თანახმად, ბაზრის 70-80%-ს მეორად ნაწილზე აქვს მოთხოვნა, რადგან მეორადს 5-ჯერ და მეტჯერ დაბალ ფასში იშოვნით, ვიდრე ახალს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ძალიან დიდია. შესაბამისად, გაიზარდა მეორადი ნაწილების გამყიდველთა რიცხვიც, მაგრამ ძალიან მოუწესრიგებელია და ყოველი ნაწილის მოძიება ძალიან დიდ დროსთან, ენერგიასთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული. მოძიების შემდეგაც კი რთულდება ხოლმე საქმე. ხან ნაწილი არ მიდის და დასაბრუნებელია, ხან უბრალოდ, ბრაკია და ა.შ. მოთხოვნა მოდის რაიონებიდანაც, საიდანაც ფიზიკურად უწევდათ ჩამოსვლა და შემდეგ, სასურველი ნაწილის, ქალაქის მასშტაბით ძიება,” – ამბობს “ინვენტორის” თანადამფუძნებელი, გიორგი რობაქიძე.

M: “ინვენტორი” გამომგონებელს ნიშნავს. რა კავშირშია ეს სახელი თქვენს ბიზნესთან?

დიახ, “ინვენტორი” სწორედ გამომგონებელს ნიშნავს. ეს სახელი გადავწყვიტეთ იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ასეთი სახის სერვისი არ არის ქართულ ბაზარზე და მგონი, არც საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ რაღაც ახალი გამოვიგონეთ. ამ სახელის იდეაც აქედან წამოვიდა.

M: დღესდღეობით, მეორადი ნაწილებით ძალიან ბევრი ვაჭრობს, რით გამოირჩევით თქვენ?

ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მეორადი ნაწილების 15-მდე ბაზარია, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელია (ტალახი, მაზუთი, სიცხე, სიცივე…). “ინვენტორის” მიზანია, დაგაზოგინოთ: დრო, ფინანსები და ენერგიაც. ჩვენ უკვე გვყავს 1500 ზე მეტი მომწოდებელი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვახერხებთ სასურველი ნაწილის მოძიებას, ყველაზე დაბალ ფასად.

“ინვენტორი” არის შუამავალი კომპანია და ჩვენი მიზანი არ არის ვაჭრობა. ჩვენი მიზანია გავუწიოთ მომსახურება და გავუმარტივოთ ნაწილის მოძიების პროცესი ჩვენ მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვთავაზობთ ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასსა და მაღალ ხარისს, ყველანაირი საკომისიოს გარეშე. მხოლოდ, ტრანსპორტირების თანხა ემატება.

M: და რაშია თქვენი ფინანსური დაინტერესება?

ჩვენი ფინანსური ინტერესი არის მომწოდებელთან, ანუ მომწოდებები გვიხდიან საკომისიოს გაყიდული პროდუქციიდან.

M: რა სერვისები აქვს “ინვენტორს”?

პირველ რიგში, ვქმნით კომფორტს – ჩვენს მომხმარებლებს თავიდან ვარიდებთ უსიამოვნო პროცესს, ვუძიებთ სასურველ ავტონაწილს, ახალსაც და მეორადსაც, უმოკლეს დროში, ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. შემდეგ, მივაწვდით სასურველ მისამართზე, ქვეყნის მაშტაბით, ვურჩევთ რომელ სერვისცენტრს ან ხელოსანს მიმართოს. ვთავაზობთ გარანტიას მეორად თუ ახალ ნაწილებზე, რაც შეთანხმებულია მომწოდებელთან ასევე გვაქვს განვადებაც.

ნაწილის აღმოჩენისთვის, დაახლოებით, 15-30 წუთამდე სჭირდება პროგრამას, თუ დეფიციტში არ არის. გვაქვს მიტანის სერვისი, მთელი ქვეყნის მაშტაბით და ასევე, გვყავს გამოცდილი კურიერები.

M: რა სირთულეებს შეხვდით ბიზნესის კეთებისას?

ბიზნესის კეთებასა და მის განვითარებას, ყველაზე მეტად, ხელს უწყობს სტაბილური გარემო ბაზარზე და ქვეყანაში მისი ყველაზე დიდი მტერი კი, არამდგრადი, არაპროგნოზირებადი ქვეყანა, მთავრობა და ბაზარია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის განვითარებისთვის სამივე ფრონტზე გჭირდება ბრძოლა. ამას ემატება დოლარის არანორმალური ზრდა, ინფლაცია და სხვა მრავალი რამ, რაც მაგალითად, შეიძლება მთავრობაზე არ იყოს პირდაპირ დაკავშირებული და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი არსებობდეს.  ბოლო პერიოდში, დაწესდა ძალიან მკაცრი რეგულაციები, კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით. ამას ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც, მაგრამ შეზღუდო განვადება, რომლის საშუალებითაც ადამიანი საოჯახო ტექნიკას ყიდულობს, ჩემი აზრით, ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა და აუცილებლად უნდა გადაიხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესს, გაყიდვების სფეროში, დიდი პრობლემები შეექმნება. არადა, მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას ჩვენი ქვეყანა და მისი ხელის შეშლით ყველა დაზარალდება.

M: “ინვენტორის” პარალელურად, რას საქმიანობთ?

ფინანსებზე ვსწავლობ და მცირე ბიზნესით ვარ დაკავებული. “ინვენტორამდე” მე და ჩემმა ბიძაშვილმა ჩამოვაყალიბეთ კომპანია “ტექნოლენდი”, რომელიც ვაჭრობს მობილური ტელეფონებით, როგორც საცალოდ, ასევე საბითუმოდ. ამ ეტაპზე, “ტექნოლენდი” აფინანსებს “ინვენტორის” განვითარებას. პარალელურად ორ ბიზნესს როგორ ვუთავსებ ერთმანეთს? გაჭირვებით, რადგან ქვეყანაში არ არის სტაბილური დგომარეობა. თუმცა დიდი მონდომებითა და ბევრი შრომის შედეგად, მაინც გამოგვდის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა