Ascend-ის დამფუძნებელი კირბი უინფილდი საკმაოდ ჭკვიანურ ფორმულას უმხელს მეწარმეებს, რომლითაც ისინი ინვესტორებს „თბილ“ შეთავაზებას გაუგზავნიან. თუმცა რაღაც ჩახლართული კი არა, საკმაოდ მარტივი ნაბიჯებია, მთავარია, LinkedIn-ის პროფილი და ამის გაკეთების სურვილი გქონდეთ. თანაც გვეუბნება, რომ ფორმულა ნებისმიერისთვის იმუშავებს, ვისაც სურს, ბიზნესი სხვას გააცნოს.
1. მოძებნეთ თქვენი დიდი გავლენების მქონე კონტაქტი
ეს იდეალურია დასაწყებად… ფაქტობრივად, ინვესტორები თქვენს წარმატებაში დებენ ფულს და საკმაოდ მოტივირებულნიც უნდა იყვნენ, ნებისმიერი რამ უნდა გააკეთონ, რათა თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. მაგრამ მოდით, დავუშვათ, რომ არ გყავთ ძლიერი ინვესტორები… თქვენ გრჩებათ მეგობრები, ნაცნობები, კონტაქტები, სოციალურ მედიაში არსებული კავშირები, კოლეგები, რომლებიც თქვენზე ცოტა წინ არიან ან იმ ადამიანებს იცნობენ, რომლებთან შეხვედრასაც ისურვებდით. სწორედ ესენი არიან „გავლენების მქონე კონტაქტები“ და, უპირველესად, მათ უნდა მიაგნოთ.
2. მოძებნეთ თქვენი კონტაქტის მეგობრები ლინკდინზე
ჯერ გადაამოწმეთ ეს კონტაქტი თავად გყავთ თუ არა ლინკდინზე დამატებული და თუ ასე არ არის, მოაგვარეთ, შემდგომ კი მის კავშირებს გადახედეთ — All Filters-ის ჩანართი გამოიყენეთ, რათა თქვენთვის საჭირო ადამიანებს მიაგნოთ. უინფილდი LinkedIn Sales Navigator-ის გამოყენებასაც გირჩევთ… საბოლოოდ ეს პროცესი იმ ადამიანების სიით უნდა დაამთავროთ, რომლებიც თქვენი კონტაქტის მეგობრებშიც შედიან და რომელთანაც შეხვედრა გსურთ. რაც შეეხება მათ რაოდენობას, 20-ზე მეტი ასეთი კონტაქტის ყოლას არ გვირჩევენ.
3. გაუგზავნეთ სია თქვენს გავლენიან კონტაქტს
ელ.ფოსტით გაუგზავნეთ თქვენს მეგობარს ჩამონათვალი მარტივი კითხვით — „ამ სიიდან რომელთან შეძლებ, მარტივად დამაკავშირო?“. თუ ნაცნობთან მოლაპარაკებას აწარმოებთ, სწრაფი შესავლით უნდა დაიწყოთ, უთხარით, რომ აფასებთ მათ წარმატებას და მათსავე ლინკდინის მეგობრებში რამდენიმე ისეთიც იპოვეთ, ვისთანაც დაკავშირება გსურთ… თუმცა ექნებათ მათ სურვილი, სწრაფად გადახედონ თქვენს სიას? უინფილდი გვეუბნება, რომ ამ დროს პრიორიტეტი პროცესის რაც შეიძლება გამარტივება უნდა იყოს. ამისთვის კი დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი სია მოიცავს თითოეული ადამიანის სახელს, თანამდებობას, კომპანიასა და ლინკდინის პროფილის ლინკს.
4. დაწერეთ ელ.ფოსტა, რომელსაც სხვებს პირდაპირ გადაუგზავნიან
ფორმულის ეს ნაწილი ნამდვილად შესანიშნავია, რადგან თქვენი გავლენიანი კონტაქტისთვის თქვენსავე დახმარებას ამარტივებს — შექმენით ელ.ფოსტა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელზეც თქვენი კონტაქტი გეტყვით, რომ მარტივად დაგაკავშირებთ. ელ.ფოსტა ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი და უნდა აჩვენებდეს, რომ „საშინაო დავალება“ შეასრულეთ, იცით, როგორც მათი, ისე კომპანიის შესახებ. დააკონკრეტეთ, მათგან რისი სწავლის იმედი გაქვთ და თქვენს წერილში მკაფიო თხოვნისთვისაც გამონახეთ ადგილი, იქნება ეს სწრაფი სატელეფონო ზარი თუ ონლაინ შეხვედრა.
Forward-ის შესაძლებლობა კი სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენმა კონტაქტმა ეს ელ.ფოსტა პირდაპირ სასურველ ადამიანს გადაუგზავნოს. მსგავსად, უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ რეციპიენტი ელ.ფოსტას გახსნის… გამოდის, მხოლოდ 4 ნაბიჯით იმ ადამიანებთან დაკავშირებას შეძლებთ, რომლებიც თქვენს ბიზნესს წარმატებულს გახდიან.