22
Jan
2020

ინვინო – ბარი, რომელიც ღვინის სიყვარულით გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს

22 Jan 2020

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ახალი ღვინის ბარი “ინვინო” გაიხსნა. ბარი ღვინის სიყვარულით გაერთიანებულმა მეგობრებმა შექმნეს და თითოეული ღვინო დიდი სიფრთხილით აარჩიეს. დღეს აქ ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, 500-მდე სახეობის ღვინო დააგემოვნონ. როგორც ბარის დამფუძნებლები გვიყვებიან, მათი მთავარი მიზანი არა კონკურენციის დაძლევა, არამედ მომხმარებლებისთვის ღვინის შეყვარება და მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. “ინვინოს” შესახებ მის მენეჯერს, მაიკო ლომიძეს გავესაუბრეთ:

 

M: როგორია „ინვინოს“ კონცეფცია – რას წარმოადგენს ეს ადგილი?

ღვინის ბარის მთავარი კონცეფცია ქართული მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლისათვის. ეს არის ადგილი, სადაც ღვინის მოყვარულს შეუძლია, დააგემოვნოს დაახლოებით 500-მდე დასახელების ღვინო. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თითოეული ღვინო განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებითაა არჩეული. ჩვენთვის არსებითად მნიშნველოვანია, რომ ღვინო, რომელიც ჩვენს სტენდზე დევს, პირველ რიგში, თავად მოგვწონდეს, რადგან შეუძლებელია, შესთავაზო მომხმარებელს ის, რაც არ იცი ან უფრო უარესი, იცი და არ მოგწონს.

M: რამდენი ხანია, რაც შექმენით და რატომ/როგორ გადაწყვიტეთ მისი შექმნა? 

ქართული ღვინით ბოლო რამდენიმე წელია, რაც დავინტერესდით და თავიდან ჩვენი ინტერესი შემოიფარგლებოდა იმით, რომ დავდიოდით სხვადასხვა ღვინის ფესტივალზე თუ ღვინის ბარში. ვცდილობდით, რაც შეიძლება, მეტი ღვინო გაგვესინჯა და გაგვესინჯა ისეთი ღვინოები, რომელიც არ არის მასიურ გაყიდვაში – ვერ ნახავთ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. 2019 წლის დასაწყისში უკვე დავიწყეთ ფიქრი, რომ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გვქონდა იმისათვის, რომ  სხვებისთვისაც შეგვეყვარებინა ქართული ღვინო. შევიძინეთ ფართი და ძალიან დიდი დრო დავუთმეთ ბარის მოწყობას. ვფიქრობთ, გარდა კარგი ღვინისა, თვითონ ბარის ინტერიერიც უნდა იზიდავდეს მომხმარებელს. იმედი გვაქვს, გამოგვივიდა, შეგვექმნა პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო გარემო ღვინის მოყვარულებისათვის.

M: რას სთავაზობს ინვინო დღესდღეობით მომხმარებლებს? (დეტალურად რომ მოგვიყვეთ..)

ჩვენი ღვინის ბარი მომხმარებელს გამორჩეულად მყუდრო გარემოს და კარგი ღვინის დაგემოვნების საშუალებას სთავაზობს. ჩვენ გვინდა, შევცვალოთ გავრცელებული აზრი, რომ კარგი ღვინის დალევა საქართველოში ძვირი სიამოვნებაა. ჩვენს სტენდზე ფართო ასორტიმენტში ადვილად იპოვით საკმაოდ მისაღები ფასის ძალიან, ძალიან კარგ ღვინოებს.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ღვინის კლუბთან და უკვე იანვრიდან რეგულარულად ვგეგმავთ ლექციებისა და დეგუსტაციების ციკლს გამოცდილ მეღვინეებთან ერთად. უკვე გვქონდა თეთრი ქვევრის ღვინოების ბრმა დეგუსტაცია, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუმრებში და ვგეგმავთ, ასეთი ტიპის საღამოები ისევ გავაკეთოთ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებზე.

M: საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში, როგორ ფიქრობთ, რით არის გამორჩეული ინვინო? რით მიიზიდავს სტუმრებს?

გეთანხმებით, რომ დღეს თბილისში საკმაოდ ბევრი ღვინის ბარი არსებობს, თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის მათთვის მომხმარებლის წართმევა. ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს მომხმარებლის განვითარება და მეტი ინფორმაციის მიწოდებაა ღვინის შესახებ. ამით გვინდა, რომ გამორჩეულები ვიყოთ. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდებიან ძალიან კვალიფიციური ღვინის კონსულტანტები, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც შესთავაზებენ მათ გემოვნებაზე მორგებულ ღვინოს. ხშირ სტუმრებს კი ვპირდებით, რომ მუდმივად გავამრავალფეროვნებთ მათთვის შეთავაზებებს, რომ სულ ახალი, მათი გემოვნების შესაბამისი ღვინოები გასინჯონ.

ჩვენ გვინდა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე თბილისელებისათვის და დედაქალაქის სტუმრებისათვის ჩვენი ბარი იქცეს საყვარელ ადგილად, სადაც სასიამოვოდ გაატარებენ დროს მყუდრო გარემოში კარგი ღვინის თანხლებით. ბარი დაახლოებით ერთი თვეა, რაც გაიხსნა და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებიც რეგულარულად დადიან ჩვენთან. ვფიქრობთ, ჩვენთან მოსული სტუმრები გრძნობენ, რომ ჩვენ საქმეს სიყვარულით ვუდგებით და ეს ემოცია მათზეც გადადის.

ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს ბრაზილიელ ღვინის მოყვარულ ბლოგერებთან ერთად, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ უკვე რამდენიმე თვეა და ქართულ ღვინოს აცნობენ საკუთარ ფოლოუერებს. ისინი ღვინის დასაგემოვნებლად და ვიდეოების ჩასაწერად საინტერესო ადგილს ეძებდნენ. როგორც თავად გვითხრეს, ჩვენს შესახებ ფბ გვერდიდან გაიგეს და ძალიან მოეწონათ გარემო. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბრაზილიელ ღვინის მოყვარულებს ისინი ჩვენი სტენდიდან გააცნობენ უნიკალურ ქართულ ღვინოებს.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ადგილი, რომელმაც გაგვაერთიანა ღვინის მოყვარული მეგობრები და გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინის მოყვარული გააერთიანოს ინვინოს პატარა ბარმა.

ამასთან, აუცილებლად გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბარი არ ეწევა მხოლოდ ღვინის პოპულარიზაციას. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ღვინო და ყველი განსაკუთრებული „მეგობრობით“ გამოირჩევიან, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ბარში წარმოდგენილი გვქონდეს ქართული წარმოების სხვადასხვა სახეობის ყველი. ვგეგმავთ, რომ ქართული ყველის მწარმოებლების პოპულარიზაციის მიზნით, დავგეგმოთ ზოგიერთი ყველის პრეზენტაცია, რადგან ჩვენს დაფაზე რამდენიმე ტიპის ისეთი ყველი გვაქვს, რომლის უკან ძალიან საინტერესო ისტორია იმალება.

ამ ეტაპზე ღვინოსთან ერთად მხოლოდ წასახემსებელი დაფები გვაქვს მენიუში, თუმცა ვგეგმავთ, რომ სამომავლოდ დავამატოთ ცხელი სამზარეულოც და რამდენიმე, მაგრამ გამორჩეული და საფირმო კერძით გავხადოთ ბარი მიმზიდველი. გაზაფხულიდან ვგეგმავთ ბარბექიუ საღამოებსაც ერთგული მომხმარებლებისათვის. ჩვენი მიზანია, რომ ხალხმა რესტორნებიდან და სახინკლეებიდან ნელ-ნელა გადმოინაცვლოს ღვინის ბარებშიც. ძალიან სიმბოლურია, რომ ღვინის ბარმა „ინვინო“ სწორედ ერთ-ერთი ცნობილი სახინკლის „ელდეპოს“ ყოფილ ტერიტორიაზე დაიდო ბინა. წლების წინ ვერაზე, ამ ადგილზე, სწორედ „ელდეპო“ იყო გახსნილი.

[R]

განხილვა