8
Apr
2019

საუზმე, ჩაი, მე და შენ… “იო ე ტეს” ოჯახური სამზარეულო თბილისში

8 Apr 2019

რესტორნებისა და საკვები ობიექტების სიმრავლის მიუხედავად, აქტუალობას არ კარგავს ოჯახური სამზარეულო. “სახლში დამზადებული” კვლავაც გემრიელ კერძთან ასოცირდება. სწორედ ეს დაედო საფუძვლად “იო ე ტეს” საცხობის შექმნას. საცხობს ნინო სურგულაძე, ქეთი სურგულაძესთან ერთად უძღვება. ქეთი პროფესიით ისტორიკოსია, ნინო – მხატვარი. “იო ე ტეს” პარალელურად, მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი და ექსპო ჯორჯიას ადმინისტრაციის უფროსია. როგორც ნინო სურგულაძემ გვიამბო, ქეთის წინაპრებისგან კულინარიული ნიჭი გამოყვა, თავად  – ექსპერიმენტების სიყვარული. “იო ე ტეს” საცხობის ამბავი კი დაიწყო კითხვით “ რა გავაკეთოთ?”.

“ამდენ საუბარს მართლა გაგვეკეთებინა პატარა საცხობიო, მამაჩემმა გვითხრა მე და ქეთის და დაგვეხმარა კიდეც. ასე რომ, “იო ე ტეს” ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და კონსულტანტი თუ პირველი დეგუსტატორი მამაა” – ამბობს ნინო სურგულაძე.

M: თქვენ, მამათქვენი, ქეთი…  კიდევ ვინ მონაწილეობს საცხობის საქმეში?

ქეთი ჩემი მამიდაა. ჩვენ შორის ძალიან პატარა ასაკობრივი სხვაობაა და შეიძლება ითქვას, ჩემთვის უფროს დას ცვლის. აგრეთვე, გვეხმარება ქეთის მამიდაშვილი ეთერ ინასარიძე, რომელიც განთქმულია თავისი ტორტებით. ჩვენი მენეჯერია ნინუცა ლაითაძე და საერთოდ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს: მარიამი,  ნათია, ცუნცულა, რიმაჩკა…

M: საცხობის კონცეფცია როგორ დაიბადა?

ლევან წულაძე დგამდა სპეკტაკლს ბოლონიაში და როგორც კოსტიუმების მხატვარი, მეც წამიყვანა. გარკვეული პერიოდი მოგვიწია იქ ცხოვრება, ამიტომ ბევრ კაფესა თუ რესტორანს ვეწვიეთ. დავაკვირდი, რომ ჩვენი იტალიელი მეგობრები, მსახიობები არასდროს ირჩევდნენ ადგილს ინტერიერის მიხედვით (თბილისში იცით, როგორ დიდ ყურადღებას ვაქცევთ დიზაინს და ა.შ.) და ხშირად ძალიან შეუხედავ ადგილასაც კი მივყავდით სადილზე. მაგრამ ადგილზე საოცარი კერძებით გვიმასპინძლდებოდნენ და ყველა სამზარეულოში ნახავდით მხოლოდ ოჯახის წევრებს. მაგალითად, ერთხელ ძალიან მოხუცი ქალბატონი ამზადებდა ნიოკის და ყველა გულმოდგინედ ველოდებოდით ამ კერძის გასინჯვას.

საერთოდ, ბოლონია იტალიის ერთ-ერთ კულინარიულ ცენტრად ითვლება. იქ კონკტრეტული ოჯახების კერძებით ამაყობენ. მაშინ დავფიქრდი, რომ თბილისში „ოჯახურ“, „სახლურ“ ხაჭაპურს, რითიც ჩვენ ასე ვამაყობთ და ქართველებისთვის ხაჭაპური ისეთივე დატვირთვის კერძია, როგორც იტალიელებისათვის პიცა, ძალიან ცოტა ადგილას თუ დააგემოვნებთ და გაიპრანჭებით, რომ “აი, ასეთი გემო აქვს ნამდვილ ქართულ და ოჯახში დამზადებულ ხაჭაპურს”. თან, ჩვენთან შეკვეთილი კერძებით შეგიძლიათ სულ არ გაამხილოთ თქვენს სტუმრებთან და თამამად თქვათ, რომ თქვენი დამზადებულია და არც შერცხვებით.

M: სახელი როგორ შეარჩიეთ და რას ნიშნავს “იო ე ტე”?

ბევრი ვიფიქრეთ სახელზეც თითქმის ყველა მეგობარი იყო ჩართული. ხან ფერებს განვიხილავდით, შემდეგ ყვავილებისა და მწვანილების დასახელებებს მივადექით. მაგრამ ერთ დღეს ჩემი საყვარელი ფილმის „იო ე ტე“ პოსტერი შემხვდა და ვიფიქრე, რატომაც არა? თან, ეს ფილმი ბავშვობის შეგრძენებებზეა, ჩვენი სამზარეულო კი სწორედ ამ მოგონებებს აბრუნებს. “იო ე ტე” იტალიურიდან ქართულად ასე ითარგმნება – “მე და შენ” და როცა დიზაინერ ლიზი შავიშვილს ვთხოვე სხვადასხვა შრიფტში გვენახა, როგორ შეიძლება გაკეთებულიყო წარწერა, ლიზიმ უცებ გაგვახსენა, რომ “ტე” ჩაისაც ნიშნავს იტალიურად (უბრალოდ, სხვანაირად იწერება). ასე რომ, კითხვის ნიშნები აღარ დარჩა: საუზმე, ჩაი, მე და შენ… და ავირჩიეთ „იო ე ტე“.

M: რით გამოირჩევა “იო ე ტე” სხვა კულინარიული ობიექტებისგან?

ალბათ, იმითაც, რომ ჩვენთან კარგი, ლამაზი, თბილი გარემოა, გვაქვს გემრიელი მენიუ, რომელიც ბევრს რატომღაც მართლა ბავშობაში აბრუნებს. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ საუკეთესო ყავა, რომელიც “დაინინგიდან” (მარჯანიშვლის #8) შემოდის ჩვენთან. თავის მხრივ, ეს ყავა კი ლონდონიდან ჩამოდის თბილისში. ასევე, ჩვენთან მხოლოდ “დანიელის” საუკეთესო ღვინოები გვაქვს ექსკლუზიურად, რომელიც საღამოს, ჩვენს კერძებთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

გვაქვს ჩინებული მუსიკა, პოპ და როკ სიმღერებთან ერთად, ხშირად ისმის კლასიკური მუსიკა და არიები სხვადასხვა ოპერიდან, რაც ალბათ ცოტა “კიჩურია” და სასაცილო, მაგრამ კარგ განწყობას ქმნის.

M: გვიამბეთ თქვენი სერვისის თავისებურებებზე… 

დილით ადრე ვიწყებთ მუშაობას. 8:30 საათზე უკვე შესაძლებელია მიირთვათ ცხელი ყავა და საუზმე. ადგილზე მიტანის სერვისი, რასაკვირველია, გვაქვს და შეკვეთებსაც ვიღებთ დღესასწაულებისა და წვეულებებისთვის, იქნება ეს კერძო თუ კორპორატიული ღონისძიება.

ჩვენთან შეიძენთ სპეციალურ ორცხობილას, რომლის რეალიზაციიდან შემოსული რესურსები მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს მოხმარდება.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

განხილვა