ყველაზე ხშირად იოგას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც სულიერი განვითარების, თვითშეცნობის გზას ადგებიან. მიუხედავად იმისა, რომ იოგა სერიოზული ფიზიკური აქტივობაა, ის არ არის უბრალოდ ვარჯიში. სანამ იმას მოვყვებით, რა კავშირი აქვს იოგასა და ჩვენს ჯანმრთელობას, რამდენიმე სიტყვით თავად იოგას არსზე ვისაუბროთ.
იოგას ფესვები ინდური კულტურიდან მოდის და სავარჯიშო პრაქტიკებისგან შედგება, რომელიც მოიცავს როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ აქტივობებს. იოგა ბუდიზმისა და ინდუიზმის სხვადასხვა მიმდინარეობაში ჩამოყალიბდა და დღესდღეობით მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ის შედგება ე.წ. სისტემისგან, რომელიც რამდენიმე საფეხურს მოიცავს: ასანა, იამა, პრანაიამა და სხვები. იმისთვის, რომ იოგაში კარგად განსწავლული გახდეთ, საჭიროა, რომ ეს საფეხურები გქონდეთ გათავისებული.
იოგას ექსპერტები გვეუბნებიან, რომ მას აქვს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ბიოქიმიური სარგებელი. თუ ჩვენ ცხოვრების წესად ვაქცევთ იოგას, დავინახავთ, რომ სტრესი, დეპრესია, ზურგის ტკივილები, ჭარბი წონა, კუჭნაწლავის პრობლემები და სხვადასხვა დაავადება არ შეგაწუხებთ. ამასთან ერთად, თუკი ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ოცნებობთ, იოგა ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.
იოგას პოზები და ჯანმრთელობა
- თუ ე.წ. ხის პოზას მოსინჯავთ, ეს დაავალანსებს თქვენს სხეულს. ნელი მოძრაობები და ღრმა სუნთქვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ათბობს კუნთებს. პოზის დიდი ხნით შენარჩუნება სხეულის ძალას ზრდის;
- კატა-ძროხის პოზას ექიმები რეკომენდაციას უწევენ წელის ქრონიკული ტკივილის დროს;
- თავდახრილი ძაღლის პოზა ამცირეს სტრესის დონეს სხეულში და ასევე აუმჯობესებს გულის მუშაობას. ამასთან ერთად, ეს პოზა მაღალი წნევის ან ჭარბი წონის მქონე ადამიანებსაც ეხმარება;
- პოზა, რომელიც ფეხით კედელთან სახელითაა ცნობილი, სწორი აზროვნების ჩამოყალიბებასა და მალე ჩაძინებაში დაგეხმარებათ;
- გვამის პოზა სტრესის მართვაში დაგეხმარებათ. ის დადებითად აისახება ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებზე;
მცირე ფაქტები იოგასა და ჯანმრთელობაზე
თუ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე გაწუხებთ, იოგათი დაკავება ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. მისი დახმარებით ზედმეტი კილოგრამების მართვა შეიძლება. ექსპერტების აზრით, ასანასა და პრანაიამას ვარჯიში სისტემატურად, თვეების განმავლობაში, დადებითად აისახება სხეულის სიჯანსაღესა და ლამაზ ფორმებზე.
ინდოეთში ჩაატარეს კვლევა, სადაც იმ დიაბეტიანებს აკვირდებოდნენ, რომლებიც იოგას ვარჯიშობდნენ. დადგინდა, რომ პაციენტებს უზმოზე გლუკოზის დონე ბევრად უფრო ნორმის ფარგლებში ჰქონდათ, ვიდრე ვარჯიშების დაწყებამდე.
ასევე ცნობილი ფაქტია ისიც, რომ იოგას აქვს სასარგებლო გავლენა ტვინის შემეცნებით ფუნქციებზე და იგი შესაძლოა სამედიცინო თერაპიებშიც იყოს ჩართული, როგორც დამატებითი სავარჯიშო.
იოგას ვარჯიში საკუთარი თავის განსხვავებულად დანახვასა და თვითშეფასების ამაღლებაში გეხმარებათ. ის მუდმივად კარგად გაგრძნობინებთ თავს და დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.
ამბობენ, რომ იოგა ფილტვების ფუნქციასაც აუმჯობესებს. ვარჯიშებმა და პრაქტიკებმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სუნთქვის პრობლემები განკურნოს.
იოგას სარელაქსაციო პრაქტიკები დადებით გავლენას ახდენს თქვენს სისხლის მიმოქცევაზე. ის არეგულირებს სისხლის მიწოდებას სხეულის ყველა ნაწილში. ისეთი სავარჯიშოები, როგორიცაა ხელზე დგომა, ეხმარება თქვენს სხეულს მიაწოდოს სისხლი გულს და ფილტვებს.
სულ რაღაც 1-საათიანმა რეგულარულმა ვარჯიშმა შეიძლება ისეთ შედეგებამდე გაგიყვანოთ, როგორებიცაა სხეულისთვის მშვენიერი ფორმის მიცემა და კუნთების გამკვრივება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ იოგას ასანებით კუნთის მასის მოცულობაში ზრდა ვერ ხერხდება, ამიტომ ამის მოლოდინი ტყუილად არ გქონდეთ.
იოგას პრაქტიკის დაწყება და შესწავლა შეგიძლიათ როგორც სპეციალისტებთან, მის ცენტრებში, ისე სახლშიც. არსებობს არაერთი ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დამწყებებს ეხმარება, თუმცა აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ნამდვილი იოგას გასათავისებლად და ბოლომდე შესაგრძნობად, ალბათ მაინც მისი სპეციალისტთან ერთად გავლა სჯობს.
“იოგა არ არის რელიგია, მაგრამ ესაა გზა, რომელსაც მივყავართ ცნებისკენ – ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”, – ამ ფრაზას მრავლად შეხვდებით იოგას ექსპერტების ციტატებში, ამიტომ, თუ საკუთარი თავის შეცნობა და ამავდროულად, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის გახანგრძლივება გსურთ, არ არის საჭირო უკვდავების წყლის ან მსგავსი ზღაპრული მეთოდის ძიება, შეგიძლიათ დაკავდეთ იოგათი და გაიჯანსაღოთ როგორც თქვენი ემოციური, ისე ფიზიკური მდგომარეობა.
რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო