in

iOS 27-ის 4 ახალი ფუნქცია, რომლებიც ყოველდღიურ საქმეს ამარტივებს

რამდენიმეთვიანი სატესტო პერიოდის შემდეგ iOS 27 უკვე ხელმისაწვდომია. წლევანდელი განახლება წინა წლებთან შედარებით ნაკლებად რადიკალურია და უფრო მეტად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს, მცირე გაუმჯობესებებსა და სისტემის დახვეწას მოიცავს. თუმცა რამდენიმე ცვლილება ყოველდღიურ სამუშაოში ნამდვილად გამოსადეგია.

განსაკუთრებით საინტერესოა ოთხი ახალი შესაძლებლობა, რომლებიც დროს ზოგავს და iPhone-ზე მუშაობას უფრო მარტივს ხდის.

1. Siri რეალურ ასისტენტს უფრო დაემსგავსა

iOS 27-ში Siri საფუძვლიანად შეიცვალა და ახლა დიდ ენობრივ მოდელზე დაფუძნებულ ასისტენტად მუშაობს. მას შეუძლია საუბრის კონტექსტის შენარჩუნება, შემდგომი კითხვების გაგება და არა მხოლოდ პასუხების გაცემა, არამედ გარკვეული მოქმედებების შესრულებაც.

მაგალითად, შეგიძლია ჰკითხო, როგორ გამოიყურება შენი კვირის კალენდარი, შემდეგ კი იმავე საუბარში სთხოვო, შესაბამისი შეხვედრების შესახებ კოლეგას ელფოსტა გაუგზავნოს. Siri საჭირო ინფორმაციას კალენდრიდან იღებს და წერილს თავად ამზადებს.

კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება ინფორმაციის ძიებაა. Siri-ს შეგიძლია სთხოვო, იპოვოს კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული წერილები, კონკრეტული კლიენტისგან მიღებული შეტყობინებები ან ელფოსტა, რომელსაც კონკრეტული ფაილი ახლავს. საჭირო მასალის ხელით ძებნის ნაცვლად, ინფორმაციას პირდაპირ მიიღებ.

2. Safari ღია ჩანართებს თემების მიხედვით აჯგუფებს

თუ ტელეფონში ერთდროულად Safari-ს ბევრი ჩანართი გაქვს გახსნილი, მათ შორის საჭირო გვერდის პოვნა საკმაოდ დამღლელია. iOS 27-ში Safari-ს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩანართები თემების მიხედვით დააჯგუფოს. მაგალითად, ცალკე ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქმიანი მოგზაურობისთვის მოძიებული საიტები, კონკრეტულ თემაზე შეგროვებული მასალები ან ერთი ავტორის რამდენიმე სტატია.

ფუნქციის ჩასართავად Safari-ში უნდა დააჭირო Tabs ღილაკს, შემდეგ აირჩიო Organize Tabs და ჩართო Automatically Create Topics. ამ გზით ათეულობით ღია გვერდი ერთ უწესრიგო სიად აღარ რჩება და საჭირო მასალის პოვნაც უფრო მარტივი ხდება.

3. კალენდარში ღონისძიების შექმნა ჩვეულებრივი წინადადებით შეგიძლია

iPhone-ზე კალენდარში ახალი ღონისძიების ხელით დამატება ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯს მოითხოვდა: ცალ-ცალკე უნდა მიგეთითებინა თარიღი, დრო, ადგილი, მონაწილეები და სათაური.

iOS 27-ში ამის გაკეთება Siri-სთან ჩვეულებრივი საუბრის ფორმით შეგიძლია. მაგალითად, შეგიძლია უთხრა: „3 სექტემბერს დაამატე სარედაქციო შეხვედრა, 3 საათზე, ადგილობრივ Starbucks-ში.“ Siri ამ ინფორმაციის საფუძველზე კალენდარში ჩანაწერს თავად შექმნის.

თუ რომელიმე დეტალი აკლია, დამატებით კითხვასაც დაგისვამს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკვე გაქვს და არ გინდა რამდენიმე ველის ხელით შევსება.

4. Notes-ში გრძელი ჩანაწერების დალაგება გამარტივდა

iOS 27-ის ყველა ახალი ფუნქცია ხელოვნურ ინტელექტზე არ არის დამოკიდებული. Notes-ს ორი პატარა, მაგრამ სასარგებლო ინსტრუმენტი დაემატა.

პირველი ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ვიზუალურად გამყოფი ხაზია. ჩანაწერში დიდხანს დაჭერის შემდეგ შეგიძლია აირჩიო Insert Divider Line და სხვადასხვა სექციას შორის მკაფიო ზღვარი შექმნა.

მეორე სიახლე ჩანაწერის შიგნით სექციებზე გადასასვლელი ბმულებია. მათი საშუალებით ერთი ნაწილიდან პირდაპირ მეორე სათაურზე ან სექციაზე შეგიძლია გადახვიდე. თუ გრძელი ჩანაწერი გაქვს რამდენიმე სათაურით, შეგიძლია ტექსტის ნაწილი მონიშნო, აირჩიო Add Link და შესაბამის სექციას დაუკავშირო. შემდეგ ბმულზე დაჭერისას Notes პირდაპირ საჭირო ნაწილზე გადაგიყვანს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც Notes-ს კვლევებისთვის, შეხვედრების ჩანაწერებისთვის ან დიდი მოცულობის სამუშაო ინფორმაციის დასალაგებლად იყენებს.

iOS 27-ის მთავარი სიახლე ამჯერად ერთი დიდი ვიზუალური ცვლილება არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სისტემა ყოველდღიურ პატარა მოქმედებებს ამარტივებს: ინფორმაციის მოძებნას, კალენდრის შევსებას, ჩანართების ორგანიზებას და გრძელი ჩანაწერების მართვას.

iOS 27 უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა iPhone-ზე, რომელიც iOS 26-ს უჭერს მხარს.

„ულტრას“ პროგრესის ახალი ეტაპი: 20-წლიანი იუბილე და ყველაზე დიდი ფილიალი საბურთალოზე

როგორ იცვლება ბავშვის დამოკიდებულება ტექნოლოგიებთან