in

Apple-მა ახალი iPad Pro და ტაჩპედიანი კლავიატურა წარადგინა

veon
veon

18 მარტს, Apple-მა ახალი თაობის iPad Pro წარადგინა. ორი ზომის – 11 და 12.9 ინჩიანი პადი უკვე ხელმისაწვდომია. მოდელები ახალ პროცესორზე (A12Z Bionic Chip) მუშაობენ და ახალი კამერის სისტემით არიან აღჭურვილი. ერთ-ერთი გამორჩეულ ფუნქციად კი LIDAR-ის სკანერი შეგვიძლია ჩავთვალოთ. მისი დახმარებით კამერებს სიღრმის ეფექტისა და AR (გაფართოებული რეალობის) ფუნქციის გამოყენება შეუძლიათ. თუმცა, შეიძლება მომხმარებელთა უმეტესობისთვის უფრო თვალსაჩინო სიახლე ახალი კლავიატურაა, რომელიც ახალ და ერთი თაობით ძველ iPad Pro-ებს ერგება.

აღნიშნულ, Magic Keyboard-ად მოხსენიებულ კლავიატურას მისამაგრებელი და ე.წ. ტაჩპედი (Touchpad) აქვს. მისამაგრებელით iPad-ის ეკრანის დახრის რეგულირებას შეძლებთ. ახალი აქსესუარი ფასი განსხვავებულია iPad Pro-ს ზომის გათვალისწინებით. 11-ინჩიანი მოდელისთვის განკუთვნილი კლავიატურის ფასი $299-ია, 12,9-ინჩიანის კი – $349.

ახალი ტიპის მისამაგრებელი კლავიატურითა და ტაჩპედით, ახალი iPad Pro ლეპტოპის ფუნქციებს სულ უფრო უახლოვდება. A12Z Bionic Chip, ანუ პროცესორი, რომელზეც პადი მუშაობს რვაბირთვიანია და Apple არ ერიდება თქვას, რომ „ეს არის უფრო მძლავრი მოწყობილობა, ვიდრე Windows PC ლეპტოპებია“.

სამი კამერის ქონით, iPad Pro თითქოს iPhone 11 Pro-ს ტრენდს იმეორებს, თუმცა, კომპანიის თქმით, აქ სულ სხვა სისტემაა გამყენებული. რეგულარული ფართე კუთხისა და ულტრაფართე კამერებთან ერთად, მოწყობილობას აქვს მესამე სენსორი (LIDAR), რომელიც ლაზერებს სიღრმის ხედვისა და გაფართოებული რეალობის ფუნქციებისთვის იყენებს.

ახალი iPad Pro-ები ხელმისაწვდომია ვერცხლისფერ და ნაცრისფერ დიზაინებში, 128GB, 256GB, 512GB, ან 1TB მეხსიერების კონფიგურაციით, მათი ფასი იცვლება. მაგალითად, 1 ტერაბაიტიანი და 12.9-ინჩიანი iPad Pro-ს შეძენას 1,649 დოლარად შეძლებთ. თუმცა, თუ ზემოთ ხსენებული “Magic Keyboard”-ის შეძენაც გინდათ, ამას კიდევ 349 დოლარი დაემატება.

როგორ უნდა უპასუხონ ბრენდებმა კრიზისს? რას შეცვლის კორონავირუსი მომხმარებლის ქცევაში?

თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს