2025 წლის ეფლის ღონისძიებაც ჩატარდა და ტექნოლოგიურ სფეროს iPhone 17-ის ხაზი, Apple Watch-ისა და AirPods-ის განახლებები წარუდგინა. ახალ iPhone-ში უფრო დიდ ეკრანებს და გაუმჯობესებულ კამერას შეხვდებით, ხოლო ულტრათხელ iPhone Air-ზე გვეუბნებიან, რომ ბუმბულივით მსუბუქია… სწორედ აღნიშნული ჩაანაცვლებს Plus მოდელს. ახლა კი მოდით, თითოეული ახალი მოწყობილობა დეტალურად განვიხილოთ:
iPhone 17, 17 Pro და 17 Pro Max

iPhone 17 ისე შეცვალეს, რომ მეტად მიუახლოვდეს Pro მოდელებს — უფრო დიდი 6.3-ინჩიანი ეკრანი აქვს, რომელიც iPhone 16-ის ეკრანზე 0.2 ინჩით მეტია. 120-ჰერციანი დისპლეით გამოირჩევა, როცა ამჟამინდელი მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება კამერას, 48-მეგაპიქსელიანია. სულ 5 ფერში იქნება წარმოდგენილი: ლავანდისფერი, ცისფერი, მწვანე, თეთრი და შავი.
Pro ვერსიაში კი მნიშვნელოვანი განახლებები ძირითადად ტელეფონის უკან არსებულ კორპუსზე შეიმჩნევა — სამი კამერა ახლა, ოთხკუთხედი ჩარჩოს ნაცვლად, მართკუთხედ პანელშია მოქცეული. ფლეში, სინათლის სენსორი და მიკროფონი მარჯვენა მხარესაა განთავსებული. MagSafe დამტენის ადგილას კი Apple-ის ლოგო ცენტრში გვხვდება, რაღა თქმა უნდა, ესთეტიკური მიზეზების გამო. აღსანიშნავია, რომ iPhone 17 Pro-ში მასალებიც შეიცვალა — ეკრანის ირგვლივ არსებული ტიტანის ზოლი ალუმინმა ჩაანაცვლა.
iPhone 17-ის ფასი 799 დოლარიდან იწყება, ტევადობა კი 256 გიგაბაიტს შეადგენს. Pro მოდელის ღირებულება 1099 დოლარია, ხოლო Pro Max-ის 1199 დოლარი.
მართალია, ღონისძიება ძირითადად iPhone-ებზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ ეფლმა ბონუსად ახალი ქეისებიც შემოგვთავაზა და TechWoven-ის სახელით გაგვაცნო.
iPhone Air
ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეფლის უთხელესი ტელეფონის გამოშვება გახლავთ, iPhone Air-ის, რომელმაც iPhone Plus ჩაანაცვლა. მოწყობილობა 5.6 მილიმეტრი სისქისაა, ანუ 0.08 ინჩით თხელია წინა მოდელებზე. 6.6-ინჩიანი ეკრანი აქვს და 120-ჰერციანი ProMotion დისპლეი. მოწყობილობაზე მხოლოდ eSIM მიდის, რაც თხელი დიზაინის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ეს ამბავი შეგვიძლია ეფლის პასუხად ჩავთვალოთ თხელი სმარტფონების ტრენდისადმი, რითაც სამსუნგისა და ჰუავეის ნაბიჯებს მიჰყვება. თუმცა iPhone Air, სავარაუდოდ, აჯობებს Samsung Galaxy S25 Edge-ს, რომელიც 5.8 მილიმეტრი სისქითაა ბაზარზე წარმოდგენილი.
iPhone Air-ის ფასი 999 დოლარია და ხელმისაწვდომი იქნება შავ, თეთრ, ცისფერ და ოქროსფერ ფერებში.
Apple Watch Series 11, Ultra 3 და SE 3

2-წლიანი ლოდინის შემდეგ, Apple Watch Ultra 3-ის შესახებაც განაცხადეს, რომელიც სწრაფ დამუხტვას, 5G მხარდაჭერას და სატელიტურ კავშირს გვპირდება. საათი უფრო დიდი ეკრანითაც იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მნიშვნელოვან განახლებებს შორისაა როგორც Series 11-ის, ისე Ultra 3-ის შემთხვევაში, წნევის მონიტორინგის ხელსაწყოები, რომლებიც მომხმარებლებს წნევის მატებაზე ან კლებაზე მიაწვდის ინფორმაციას.
მესამე თაობის Apple Watch SE-ში დიდად მნიშვნელოვანი განახლებები არ გვხვდება, თუ ყოველთვის ჩართულ ეკრანს არ ჩავთვლით, რომელსაც უფრო სწრაფი S10 ჩიპით ვიღებთ.
Apple Watch SE 3-ის ფასი 249 დოლარია, Series 11-ის 399 დოლარი, ხოლო Ultra 3-ის 799 დოლარი.
AirPods Pro 3
2022 წელს AirPods Pro 2-ის გამოშვების შემდეგ, განახლებას დიდი დრო დასჭირდა. შედეგად კი ახლა AirPods Pro 3-ში უფრო პატარა ყურსასმენს, გაუმჯობესებულ აუდიოსა და გულისცემის ახალ სენსორულ ფუნქციას ვხვდებით. აქ Live თარგმნის ტექნოლოგიაც დაგხვდებათ, რომლის უკანაც Apple Intelligence დგას, რათა მომხმარებლებს რეალურ დროში უცხო ენებზე თარგმანი გაუმარტივოს.
AirPods Pro 3-ის ფასი 249 დოლარია.
და თუ თავად გსურთ, უყუროთ Apple-ის 2025 წლის ღონისძიებას, ქვემოთ ვიდეოს დაგიტოვებთ:











