21
Sep
2016

iPhone 7-ის “პრაქტიკული მაგია” და მისი კამერით დანახული გარემო

21 Sep 2016



ბოლო წლებია, ყოველი სექტემბერი Apple–ის გრანდიოზული სიახლით იწყება. როგორც წესი, ეს ახალი iPhone–ია ხოლმე და მასთან ერთად, კიდევ რაიმე ნოვატორული გაჯეტი, მაგალითად, Apple Watch–ი. გამონაკლისი არც წლევანდელი სექტემბერი ყოფილა და მომხმარებელმა მთელი წლის ნანატრი iPhone7 და  iPhone7 Plus იხილა. ბრენდის ახალი პროდუქტი მოლოდინს ყოველთვის ამართლებს ხოლმე, თუმცა, ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ გადააჭარბა კიდეც. სმარტფონის დამატებული ფუნქციები ნამდვილად შთამბეჭდავია: ორი, სულ ახალი თაობის უკანა კამერა, რომელიც სიბნელეშიც კი მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს, მომატებული ეკრანის განათება და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც მისი წყალგამძლეობა აღმოჩნდა.

სმარტფონის პრეზენტაციის შემდეგ კომპანიამ უკვე სარეკლამო ვიდეორგოლების გამოშვება დაიწყო. პირველი რგოლი, სახელწოდებით “Practically magic”, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ნებისმიერი ქალაქი ღამით კიდევ უფრო განსაკუთრებულია. მთვარის შუქი, ქუჩის ლამპიონები, სახლის ფანჯრებიდან გამოსული სინათლე, ეს ის საოცარი სანახაობაა, რომლის სურთზე აღბეჭდვა არცთუ ისე მარტივია. თუმცა, ახალი iPhone7–ი, თავისი გაუმჯობესებული კამერით, უკვე თავისუფლად იძლევა ამის საშუალებას.

 

სულ მალე, პირველ ვიდეოს მეორე მოჰყვა, რომელიც უფრო სმარტფონის წყალგამძლეობის დემონსტრირებაზეა ორიენტირებული. ზოგისთვის წვიმა და ჭექა–ქუხილი შეიძლება სახლში ჯდომისა და ფილმის ყურებისთვის საუკეთესო დროა, მაგრამ არსებობენ ისეთები, ვინც ასეთ ამინდში უპირატესობას სეირნობას ანიჭებენ. მათთვის ერთგული მეგზური და გზამკვლევი, რა თქმა უნდა, უკვე ახალი  iPhone7–ია, რომელსაც დასველების უკვე აღარ “ეშინია”. მუსიკალური გაფორმება კი ჯგუფ AC/DC–ს მიანდეთ, ცნობილი  “Thunderstruck”-ის თანხლებით.

 

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ბრენდის ახალი, მეორე თაობის Apple Watch–ი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში, როგორი დაღლილიც უნდა იყოთ, აუცილებლად მოგცემთ სტიმულს. სავარჯიშოდ და თუნდაც, გასართობად უკეთეს საშუალებას ვერსად ნახავთ.

 

განხილვა