კომპანია Filmic-მა iOS სისტემისთვის ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ჩაწეროთ ორი ვიდეო, iPhone-ის ორი კამერით, ერთდროულად. აპლიკაცია სახელად DoubleTake-ის შესახებ პირველად სექტემბერში, iPhone 11-ის პრეზენტაციისას გავიგეთ, თუმცა, ამ დროისათვის მასზე ჯერ კიდევ მუშაობდნენ. დღეს კი, DoubleTake-ის გამოყენებით, ნებისმიერი მოდელის აიფონზე შეგიძლიათ აირჩიოთ ორი სასურველი კამერა (მაგალითად, სელფის და ულტრაფართე, ან ტელეფოტო და ფართე) და ერთი კონკრეტული მომენტი, რომლის ვიდეოზე აღბეჭდვაც გინდათ, ერთდროულად ორი კამერით გადაიღოთ.
ეს მოგცემთ საშუალებას, მაგალითად, ვიდეოინტერვიუსას, ერთი მოწყობილობით (iPhone) ჩაიწეროთ როგორც ახლო კადრი (პორტრეტი), ასევე საერთო კადრიც.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ორ ვიდეოს სხვადასხვა ფაილად ინახავს და არა ისე, როგორც შეიძლება გადაღების პროცესში ხედავდეთ. გადაღებისას სმარტფონის ეკრანი შუაშია გაყოფილი – ერთ ნახევარში ერთი კამერით გადაღებული ვიდეო ჩანს, მეორეში კი – მეორე. ვიდეოგადაღების დაწყებამდე იმის შერჩევაც შეგიძლიათ, თუ რამდენ კადრის გადაღება გინდათ წამში (24fps, 25fps, ან 30fps). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციით 4K ვიდეოს ვერ გადაიღებთ. ამ ფუნქციის გამოყენებით მხოლოდ 1080p ვიდეოს გადაღება შეგიძლიათ.