საკმაოდ მართებულია მოსაზრება, რომ ხელოვნებაში ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის აღმოჩენა — ზოგჯერ საკმარისია, ასჯერ ნანახს კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი და მოულოდნელად უჩვეულო დეტალმა იჩინოს თავი. თითქოს, სანამ ყურადღებას არ ვაქცევდით, უცბად ვიღაცამ მიახატა.
თანამედროვე ბრენდებისთვის კი ასეთი „უჩვეულო თვისება“ ინსპირაციის წყაროდ იქცა… ბოლო დროს ხან ნაიკის ლოგოს პოულობენ მე-17 საუკუნის ფერწერულ ტილოზე, ხანაც Stella Artois-ისას ძველ ნამუშევრებზე. ახლა კი 1670 წლის ნახატს მიადგნენ, რომელზე გამოსახული ობიექტიც iPhone-თან დააკავშირეს.
ჰოლანდიელი მხატვრის, პიტერ დე ჰოხის ტილოზე ვხედავთ მამაკაცს, რომელიც ქალისთვის წერილის გადაცემას აპირებს. კომპოზიცია საოცარი ოსტატობით აერთიანებს შიდა და გარე სივრცეების, პერსონაჟების ერთმანეთთან მიმართების სინთეზს. თუმცა ეს არ არის მიზეზი, რის გამოც Rijksmuseum-ში განთავსებულმა ნამუშევარმა კვლავ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
ამჯერად თანამედროვე დამთვალიერებლები ხელახალ ინტერპრეტაციას უკეთებენ მამაკაცის ხელში მოთავსებულ „წერილს“ და მას iPhone-ს ამსგავსებენ. სცენამ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკიც კი გაახარა — „ვფიქრობდი, რომ ყოველთვის ვიცოდი, როდის შეიქმნა პირველი აიფონი, მაგრამ ახლა ნაკლებად დარწმუნებული ვარ“.
მსგავსებამ მომხმარებლებში ის აზრიც გაამძაფრა, რომ დიდი ბრენდები შთაგონებას სწორედ წარსულისგან იღებენ; იქ პოულობენ ინოვაციურ ფორმებს და საკუთარ ხედვას არგებენ.