iPhone ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტი რომ არის, ალბათ უკვე ყველამ ვიცით. ახლა კი ახალი, iPhone 12-ის გაყიდვებმა პიკს მიაღწია, მიუხედავად კორონავირუსული პანდემიისა.
როგორც კომპანია აცხადებს, დღესასწაულის პერიოდში მისმა მოგებამ $28.8 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წელთან შედარებით 30%-ით მეტია. რა თქმა უნდა, კრიზისული პერიოდის შემდეგ, რომელმაც Apple საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ასეთი ზრდა – მთლიანობაში მისი აქციები თითქმის 10%-ით გაიზარდა.
სწორედ Apple-ის ზრდის მაგალითზე შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რამდენად დიდ საყრდენს წარმოადგენს ტექნოლოგიები და ტექნიკური კომპანიები ჩვენს პანდემიურ ყოველდღიურობაში. მისი პროდუქტები არა თუ დამხმარე საშუალებად, არამედ “ჩაკეტილობის” მთავარ პასუხად იქცა – ადამიანები მთელი წლის განმავლობაში იყენებდნენ მას, როგორც სხვებთან დაკავშირების, ასევე სწავლისა და გართობის მიზნით. “ეს შედეგები ნათლად წარმოაჩენს ჩვენი პროდუქტის ცენტრალურ როლს, როგორც მომხმარებლების მთავარი დამხმარე გამოწვევების წინაშე” – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი.
მართალია, მომხმარებელთა ძირითადი მოთხოვნა iPhone-ზე მოდიოდა ($65.6 მილიარდი), მაგრამ მთლიანობაში კომპანიის სხვა განყოფილებებშიც მინიმუმ 20%-იანი ზრდა ფიქსირდება – Macbook $8.7 მილიარდი, iPad $8.4 მილიარდი, AirPods და HomePods კი $13 მილიარდი.
კუკის თქმით, Apple ორიენტირებულია ისეთი პროდუქტის შექმნით, რომლებიც სტუდენტებს ტექნოლოგიების შესწავლისკენ უბიძგებს, ხოლო დეველოპერებს – ახალი აპლიკაციების შექმნისკენ. ასევე, კომპანია ფულის დაბანდებას პერსპექტიული სტარტაპების განვითარებაში აპირებს.