in

iPhone-ის 15 ფუნქცია, რომლებზეც აქამდე არ იცოდით

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იყენებთ iPhone-ს, ყოველთვის შეიძლება მასში რაღაც ახლის აღმოჩენა… ახლა კი 15 ასეთ ფუნქციასა თუ ხრიკზე მოგიყვებით, რომელთა შესახებაც, ვვარაუდობთ, რომ არცერთი თუ არა, სულ ყველა მაინც არ გეცოდინებათ… მოდით, დავიწყოთ:

1. ფოტოს გადაღებით მცენარეებისა თუ ცხოველების იდენტიფიცირება

თუ მცენარეს, ყვავილს, ხეს ან ცხოველს ფოტოს გადაუღებთ და შემდეგ Info-ს ღილაკზე გადახვალთ, რომელიც ეკრანზე ქვედა სივრცეშია მოთავსებული, ზუსტად გაიგებთ, რომელ ცხოველთან თუ მცენარესთან გაქვთ საქმე. უფრო კონკრეტულად, თუ თქვენი iPhone ამოიცნობს, რა არის, ვარსკვლავიანი სიმბოლო ფოტოს ქვეშ გამოჩნდება. მეტამონაცემები კი გეტყვით, რა მცენარეა ის და დამატებით ვარიანტსაც შემოგთავაზებთ, რათა მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოთ.

2. ტელეფონის პორტატიული თეთრი ხმაურის დანადგარის მსგავსად გამოყენება

ამისთვის შემდეგი ნაბიჯების გავლა მოგიწევთ: Settings > Accessibility > Audio & Visual > Background Sounds და აირჩიეთ ისეთი ხმებიდან, როგორებიცაა Ocean, Rain და Stream. 

3. Siri-სთვის რაღაცების წაკითხვის თხოვნა

გახსენით Safari-ის აპლიკაცია და შემდეგ Siri-ს უბრძანეთ: Read this / I want to listen to this page. ასევე, შეგიძლიათ, Page Settings-ს დააკლიკოთ, რომელიც მისამართის ჩანართის მარცხნივაა მოთავსებული, შემდეგ კი Listen to Page მიუთითოთ. გაქვთ შესაძლებლობა, საუბრის სიჩქარეც თავადვე აკონტროლოთ და, თუ მოგინდებათ, დააპაუზოთ კიდეც.

4. დაგეგმვა და ტექსტის მოგვიანებით გადაგზავნა

თუ არ გსურთ, სხვებმა გაიგონ, რომ მთელი ღამე გეღვიძათ, დაგეგმეთ შეტყობინებები და სასურველ, სხვებისთვის მისაღებ დროს გააგზავნეთ. გახსენით ჩატი, აკრიფეთ ტექსტი და დააკლიკეთ მარცხენა მხარეს არსებულ + ღილაკს, აირჩიეთ Send Later, შემდგომ კი სასურველი დრო მიუთითეთ.

5. საფარიში პირადი გვერდების პირადად დატოვება

თუ 15 წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც საფარი არ გამოგიყენებიათ, თქვენს iPhone-ს შეუძლია ავთენტიფიკაცია მოითხოვოს მანამ, სანამ თქვენს პირად გვერდებს აჩვენებს. ეს განსაკუთრებით პრაქტიკული ფუნქციაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვებს ტელეფონს ხშირად სთხოვნიან ან უბრალოდ სურთ, რაღაც ინფორმაცია პირადად დაიტოვონ. ამისთვის, ესტუმრეთ Settings > Safari > Require Face ID > Unlock Private Browsing.

6. ჟესტები ხმოვანი ბრძანებისთვის

iOS-ის ხელმისაწვდომობის ფუნქციებს შეუძლია, ხმოვანი ბრძანების საფუძველზე, ჟესტებით, ნებისმიერი ქმედება გაიმეოროს. წარმოიდგინეთ, როცა აპლიკაციაში ყოველთვის ერთი და იმავე ინფორმაციის ხელით შეყვანა გიწევთ ან როცა ხელმოწერაა გასაკეთებელი, ამისთვის ხელით უბრალოდ კონკრეტული ჟესტის გაკეთება მოგიწევთ. თუმცა მანამდე: Settings > Accessibility > Voice Control > Commands > Create New Command — აი, აქ კი უკვე თქვენთვის სასურველი ბრძანების ხმოვანი მოთხოვნა ჩაწერეთ, შემდეგ დააკლიკეთ Action-სა და Run Custom Gesture-ს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ხმოვანი ასისტენტი ნებისმიერი ადამიანის ბრძანებაზე რეაგირებს, ამიტომ როცა აღარ გამოიყენებთ, უმჯობესია, ფუნქცია გამორთოთ.

7. ფოტოებიდან ფონის სწრაფად წაშლა

დააკლიკეთ ნებისმიერ სურათს, რომელიც Files-ის აპლიკაციაში გაქვთ, შემდგომ Quick Actions > Remove Background — iOS ორიგინალი ფოტოს ასლს შექმნის, ოღონდ ფონის გარეშე. ეს კი მშვენიერი შესაძლებლობაა მანამ, სანამ რედაქტირებას სხვა აპლიკაციაში დაიწყებთ.

8. ორი თითით ყველაფრის მონიშვნა

უბრალოდ ჩამოსქროლეთ ორი თითით და ასე ყველა ფაილს მონიშნავთ Messages-ის, Mail-ის, Notes-ისა თუ Reminders-ის აპლიკაციაში. ეს ქმედება ზოგიერთ მესამე მხარის აპლიკაციაზეც მუშაობს, მათ შორის კი Telegram-იც გვხვდება, თუმცა ამას ვერ ვიტყვით Gmail-ზე. 

9. დაკოპირება და ტექსტის თარგმნა კამერით

გახსენით კამერის აპლიკაცია და ლინზები ტექსტისკენ მიმართეთ. ეკრანზე სამხაზიანი ნიშნული გამოჩნდება ქვედა მარჯვენა კუთხეში, დააკლიკეთ და იგი დააფიქსირებს ტექსტის დაკოპირების, ძიების, ყველას არჩევის, თარგმნისა თუ გაზიარების ვარიანტებით.

10. ტანსაცმლის მოვლის სიმბოლოების ძიება

მას შემდეგ, რაც თქვენს ტანსაცმელზე დატანილ მოვლის ინსტრუქციებს გადაუღებთ ფოტოს, დააკლიკეთ გვერდის ბოლოში არსებულ Info-ს ღილაკს და შემდგომ აირჩიეთ Look Up Laundry Care — შედეგები გაჩვენებთ, რომელი სიმბოლო, რას ნიშნავს. 

11. აპლიკაციების Face ID-ით ჩაკეტვა 

კონკრეტული აპლიკაციები Face ID-ით შეგიძლიათ, დაიცვათ, ეს კი გამოსადეგია იმ შემთხვევებისთვის, როცა, მაგალითად, ბავშვს სთხოვნით ტელეფონს. ამისთვის, დიდხანს დააკლიკეთ აპლიკაციას, შემდგომ კი Require Face ID აირჩიეთ. 

12. წვდომის მიცემა მხოლოდ ერთ აპლიკაციაზე 

პარამეტრებში არსებული Guided Access თქვენს ტელეფონს მხოლოდ ერთი აპლიკაციით წარადგენს, რაც კვლავ იმ შემთხვევებისთვისაა კარგი, როცა ბავშვებს iPhone-ით თამაშის შესაძლებლობას აძლევთ. ფუნქციის გასააქტიურებლად კი შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings > Accessibility > Guided Access — ასე ვერავინ გამოვა კონკრეტული აპლიკაციიდან და ვერც რაიმე სხვას მოიმოქმედებს თქვენს ტელეფონში. თუმცა, როცა ტელეფონს დაიბრუნებთ, ფუნქციის გამორთვა არ დაგავიწყდეთ.

13. ფოტოების სწრაფად გადაღება

თუ ტელეფონის დაბლოკილ ეკრანს ხელს გადაუსვამთ, პირდაპირ კამერის აპლიკაცია გაიხსნება, რომელიც რამდენიმე კადრს სწრაფად გადაიღებს — ეს კი განსაკუთრებით პრაქტიკულია მაშინ, როცა კადრის სწრაფად დაფიქსირება გვინდა.

14. ეკრანის დროის შეზღუდვა კონკრეტული აპლიკაციებისთვის

ტიკტოკის ან ინსტაგრამის სქროლვისას ძალიან ბევრი დრო გვეკარგება, ამის მოგვარება კი მარტივად, iPhone-ითვეა შესაძლებელი — Settings > Screen Time > Add Limits > Add Limit — შეგიძლიათ, მთლიანი კატეგორია მიუთითოთ და სოციალური ქსელების გამოყენების დრო შეზღუდოთ ან კონკრეტული აპლიკაცია აირჩიოთ ნებისმიერ კატეგორიაში. დააკლიკეთ Next-ს მარჯვენა ზედა კუთხეში, შემდეგ კი აირჩიეთ, რამდენი ხნით მისცემთ საკუთარ თავს აპლიკაციის გამოყენების უფლებას. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა, შაბათ-კვირას უფრო მეტი დრო მისცეთ საკუთარ თავს სქროლვისთვის, ამას კი Customize Days-ზე გადასვლით მოახერხებთ.

15. აპლიკაციების ერთად გადატანა მთავარ გვერდზე

როცა iPhone-ის ეკრანს ალაგებთ, აპლიკაციების გვერდებზე გადანაწილება ხშირად არცთუ ისე კომფორტულია. ეფლი კი აპლიკაციების ერთი გვერდიდან მეორეზე ერთიანად გადატანას გთავაზობთ, ამისთვის დიდხანს დააკლიკეთ აპლიკაციას, შემდეგ აირჩიეთ Edit Home Screen და გადაიტანეთ აპლიკაცია იქ, სადაც გსურთ. როცა ეკრანზე კვლავ თითი გექნებათ დადებული, დააკლიკეთ თითოეული აპლიკაციის ნიშნულს, რომელთა გადაადგილებაც გინდათ, და iPhone მათ ერთბაშად გადაიტანს. 

სულ ეს იყო და თუ თქვენც იცით რაღაც ასეთი ფუნქციისა თუ ხრიკის შესახებ, გაგვიზიარეთ.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი Porsche Marketing Award-ის გამარჯვებულია

Uncommon-მა მიაგნო იმას, რაც გორდონ რემზის დაამშვიდებს