iPhone-ის ოპერაციული სისტემის მომდევნო განახლება — iOS 17.4 — Battery Health მენიუში მეტ მონაცემს გააჩენს. უფრო კონკრეტულად, ბატარეის სიჯანსაღის პროცენტთან ერთად, ახალი მენიუ აჩვენებს, რამდენად ნორმალურ მდგომარეობაშია ის. თუკი გსურთ, რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნოთ მისი კარგი ფუნქციონირება, სტატიაში იმ ხრიკებს გაგიზიარებთ, რომლებიც თავიდან აგარიდებთ სმარტფონის გადახურებას თუ ელემენტის სასიცოცხლო ციკლის შემცირებას.
წაშალეთ ვიჯეტები, რომლებიც დაბლოკილ ეკრანზე ჩნდება
ყველა ვიჯეტი, რომლებიც დაბლოკილ ეკრანზე ჩანს, აპლიკაციებს ავტომატურ მუშაობას აიძულებს. თითოეული მათგანი მუდმივი განახლების პროცესშია, რაც შესაბამის დატვირთვას მოითხოვს — შესაბამისად, ენერგიაც პირდაპირპროპორციულად იხარჯება.
თუ გსურთ, ბატარეის უფრო დიდხანს შენარჩუნებაზე იზრუნოთ, უბრალოდ წაშალეთ ეს ვიჯეტები. დააკლიკეთ დაბლოკილ ეკრანს, შემდეგ Customize, აირჩიეთ Lock Screen, შეეხეთ ვიჯეტის ველს და დააჭირეთ ღილაკს „—“.
ასევე, შეგიძლიათ, მთავარი ეკრანიდანაც წაშალოთ ვიჯეტები, რაც კიდევ უფრო დაზოგავს ელემენტის მუშაობას.
გამორთეთ კლავიატურის ვიბრაცია
iOS 16-მდე აიფონის კლავიატურას ვიბრაციის ფუნქცია არ ჰქონია. ამ ოპერაციული სისტემის გააქტიურების შემდეგ კი, კლავიატურის ხმასთან ერთად, ვიბრაციაც მოქმედებს. უბრალოდ, ეფლის თქმით, ამას შეიძლება ბატარეის ხანგრძლივობაზეც ჰქონდეს გავლენა. დაკონკრეტებული არ არის, ზუსტად რამდენად მოქმედებს პროცენტულ მაჩვენებელზე, თუმცა ზოგჯერ მცირედი გავლენაც რაღაცას ნიშნავს. ამიტომ, თუ ბატარეის დაზოგვა გსურთ, მისი გამორთვა უმჯობესი იქნება.
საბედნიეროდ, ეს ფუნქცია ნაგულისხმევად ჩართული არაა. თუ თავად გაქვთ გააქტიურებული, გამოსართავად გადადით პარამეტრებში > Sounds & Haptics > Keyboard Feedback. აქვე გამორთავთ Haptic-ს.