in

iPhone-ის მოდელებს, შესაძლოა, USB-C პორტი დაემატოს!

ახალი წინადადებით ევროკომისია წარსდგა

veon
veon

ევროკომისია ახალი წინადადებით წარსდგა, რომლის თანახმადაც, ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს საერთო USB-C დამუხტვის პორტი უნდა ჰქონდეს. შედეგად, ადამიანები შეძლებენ, ძველი დამტენები ახალ მოწყობილობებზეც გამოიყენონ. ეს ნაბიჯი ძირითადად Apple-ს შეეხება, რომელიც USB-C-ის ნაცვლად Lightning კონექტორს იყენებს.

გარდა მობილური ტელეფონებისა, წესები ვრცელდება პლანშეტებზე, კამერებზე, ყურსასმენებზე, პორტატიულ დინამიკებსა და ხელის სათამაშო კონსოლებზე. ასევე, ახალი წინადადება სწრაფი დამუხტვის სტანდარტების ჰარმონიზაციას მოითხოვს, რათა მომხმარებელს შეეძლოს, ახალი მოწყობილობები დამტენის გარეშე შეიძინოს და დამუხტვის სტანდარტებზე მკაფიო ინსტრუქცია მიიღოს.

ცხადია, ვიდრე ახალი იდეა კანონად იქცევა, ევროპარლამენტში შესაბამისი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. ხოლო მოწყობილობის მწარმოებლებს 24 თვე ექნებათ ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის.

“ევროპელი მომხმარებლები დიდი ხანია, იმედგაცრუებულნი არიან უჯრებში დაგროვილი შეუთავსებელი დამტენებით. ჩვენ ინდუსტრიას საკმარისი დრო მივეცით საკუთარი გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ახლა დროა, ზოგადი კანონი მივიღოთ დამტენებისთვის” – განაცხადა ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარგარეტ ვესტაჯერმა.

განცხადებას Apple-ც ეხმიანება – კომპანიის თქმით, იგი იზიარებს ევროკომისიის ვალდებულებას გარემოს დაცვის წინაშე. შესაბამისად, 2030 წლისთვის იგეგმება, რომ ეფლის ყველა მისი მოწყობილობა ნახშირბადისგან თავისუფალი გახდეს.

“ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ მხოლოდ ერთი ტიპის კონექტორის გამოყენების მკაცრი წესები აფერხებს ინოვაციას. ეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზიანს აყენებს მომხმარებლებს” – ამბობს Apple-ის წარმომადგენელი.

Tabletop პროდაქშენი – „მადისაღმძვრელი“ გადაღებების საიდუმლო

Tegeta „გაეროს გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის წევრი გახდა