ირაკლი ბუგიანი – დაიბადა თბილისში, 19 . . წელს. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (2001) და კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემია (2006). შემდეგ დიუსელდორფის Heinrich Heine University-ის ხელოვნების ისტორიის მაგისტრის ხარისხი (2010) მიიღო. ცხოვრობს გერმანიაში, დიუსელდორფში და საქართველოში, თბილისში. ეს მხოლოდ ბიოგრაფიული ცნობებია. მისი თვალით დანახული ირაკლი ბუგიანი კი ასეთია:
„ძირითადად, ვხატავ ზეთში. ჩემთვის ზეთი სხვანაირი მასალაა. საკუთარ თავს ვერ ვუწოდებ მხოლოდ ფერმწერს. სულ სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებ. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ინსტალაცია. სხვა დარგებშიც მიმუშავია და იქნებ, მომავალში დადგეს პერიოდი, რომ ისევ ვცადო. ახლა ძირითადი ჩემი საქმიანობა მართკუთხა სიბრტყეზე ფერების წასმაა. მინდა, მოვახერხო და მარტივი ოთხკუთხედი სივრცე საინტერესო გავხადო. ეს არის ჩემი მიზანი. ბოლო დროს განსაკუთრებით შემიყვარდა „თრეში“, ტილოზე უწესრიგოდ დატანილი ფერები. არ მიყვარს კრისტალური, ზედმეტად დალაგებული ფორმები. არის ხოლმე მოტივები, დავიწყებ ხატვას, არ გამომდის და ვტოვებ. ხშირად ასეთ ნამუშევარზე სხვა რამ გადამიხატავს, 2 – 3 ფენადაც კი“.

„გასაქცევი არსაით“ – ეს ირაკლი ბუგიანის გამოფენაა, რომელსაც 2019 წლის 8 თებერვლამდე გალერეა Project ArtBeat მასპინძლობს. ძირითადად, 2017-2018 წლის ნამუშევრებია. ფერწერა. ტილო. ზეთი.
„ეს არის პოზიცია, სამყაროში ჩემი ადგილი. ის ფაზაა, სადაც ახლა ვარ ცხოვრებაში. ეს ნამუშევრები ბევრს გამოხატავს ჩემთვის – ცოტა არეული, ბევრი რამის მიმართ შეუთავსებელი“.

ამბობს, რომ ხელოვნების აქტი მაშინ დგება, როცა ნამუშევრები სახელოსნოდან გამოდის.
„ხელოვნება მნახველის გარეშე არაფერია. როდესაც არტისტი სახელოსნოში მუშაობს და რაღაცას ქმნის, ეს მისი პირადული, ძალიან ინტიმური დამოკიდებულებაა, აზრთა სვლა. მაგრამ საჭიროა კომუნიკაცია.როცა დამთვალიერებელი გამოფენაზე მიდის და ნამუშევარს ნახულობს, ნიშნავს, რომ ხელოვნების აქტი შედგა“.

ზოგადად, არ თვლის, რომ მხატვრობა ან ხელოვნების რომელიმე დარგი, შეიძლება, იყოს პროფესია.
„მხატვრობა არის, ერთგვარი, ცხოვრების სტილი. პროფესია როცა გაქვს, სამუშაოს ასრულებ დღის რაღაც მონაკვეთში, შემდეგ სხვა საქმეზე გადაერთვები. ხელოვანისთვის ასეთი რამ არ არსებობს. შემოქმედი სულ ხელოვნებაზე ფიქრობს, მუშაობს, პროცესები გონებაში ავტომატურად მიდის, უმართავია. მე რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. არც მიფიქრია და დიდად არც შეკითხვა დამისვამს, მეხატა თუ – არა. მაგრამ გარანტირებული ცხოვრებაში არაფერია. არ ვიცი, რა იქნება ხვალ. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და რადიკალურად განსხვავებული რამის კეთება მომინდეს“.

მაგრამ ახლა ამით ცხოვრობს. დღეს მისი საქმე მხატვრობაა, ოღონდ გამიზნულად არასოდეს იწყებს ხატვას.
„მე, საერთოდ, ბევრი რაღაც არ ვიცი, რასაც ვაკეთებ. მირჩევნია, ნამუშევარმა თვითონ დახატოს თავისი თავი. ძირითადად, ვიწყებ გაფერადებას, მერე თავისით მიდის. ისე, ყველაზე მაგარი იქნებოდა, პატარა ბავშვივით რომ შემეძლოს გაფერადება, რომ არაფერი ვიცოდე და უბრალოდ სათამაშო იყოს ჩემთვის საღებავი. ძნელია, დაივიწყო, რომ შენ რაღაცები იცი და ზრდასრული ხარ. თუ შეძლებ, გათიშო აზრთა სვლა, მაშინ იქნები ნამდვილი. ეს ძალიან რთულია. სულ ამას ვცდილობ, აქეთკენ მივდივარ. მაგრამ მუდმივად ძიების პროცესში უნდა იყო. თუ ჩათვალე, რომ შენი ხაზი იპოვე, მაშინ ყველაფერი დამთავრდება. თუ მიღეწულით დაკმაყოფილდი და თქვი, ჩემს სტილს მივაგენი, რაღა აზრი აქვს ხელოვნებას?! ყველაფერი არის ძიება და ძველის უარყოფა, ახლის ცდა, ექსპერიმენტი“.

მისთვის მნიშვნელოვანია, შეძლოს და მუშაობის პროცესში, ნახატზე არ იფიქროს.
„მინდა, გავთიშო ფიქრთა სვლა და მე თვითონ ვიყო იმ პროცესში. რაც უფრო გათვლი, პირადად, ჩემთვის, უფრო მიუღებელია. წინასწარ მოფიქრებულის დახატვა უბრალოდ რაღაცის შესრულებაა, ძალიან მარტივია. რაც გამომდის – აღარ მინდა. ბევრჯერ რომ რაღაცას გავაკეთებ და ვატყობ, უკვე კარგად გამომდის, აღარ მაინტერესებს. როცა ვამჩნევ, უკვე ჩემი სტილი ხდება, უნდა გავწყვიტო კონტაქტი და უნდა შევეცადო, სხვა მიმართულებით წავიდე. ზოგჯერ, საერთოდ, პაუზა მაქვს, კონკრეტული პრობლემების გამო ან სულაც, უმიზეზოდ. პაუზის შემდეგ ავტომატურად სხვანაირად ვხატავ. ამას ძალით არ ვაკეთებ. მაგრამ, მგონია, რომ კრიზისი კარგია. მერე თავისით სრულდება და როგორც წესი, რაღაც ახალი იხსნება ჩემთვის მხატვრობაში. მით უმეტეს, თუ დიდი პაუზაა. საერთოდ, ყველაფერი ახდენს შემოქმედზე გავლენას, რაც მის გარშემო ხდება.

„სათაური ცალკე სამუშაოა“ . . .
„აქამდე ძალიან დიდი სურვილი არ გამჩენია. თავისთავად თუ რამე მოვიდოდა, ვარქმევდი ჩემს ნამუშევრებს, თორემ ამაზე არ ვფიქრობდი. მე უბრალოდ ვხატავ. წინასწარ ისიც არ ვიცი, რას ვხატავ. ნამუშევარი თვითონ მკარნახობს. ვატყობ, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი გახდა სათაურები, უფრო დავიწყე ფიქრი. მაგრამ უსათაუროც რომ არის ნამუშევარი, რაღაც მომენტში, ესეც განაცხადია. ანუ არაფერს არ არქმევ. ზოგადად, სათაური, ერთგვარი საშუალებაა, მნახველს მიმართულება მისცე, დაინახოს და აღიქვას ნამუშევარი. თითქოს, მინიშნებას აძლევ, როგორ გაიგოს იდეა, შენი ჩანაფიქრი, რაღაც თავისი იპოვოს შიგნით და საერთო ენა გამონახოს.

მის პეიზაჟებში, რატომღაც, ყველაზე ნაკლებად ადამიანები ჩანან.
„არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. აკადემიაში სწავლისას, ხშირად ვხატავდი. მერეც მიყვარდა პორტრეტებზე მუშაობა. მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ შევწყვიტე ადამიანების ხატვა. მართლა არ ვიცი, რატომ.
ახლა აღარც ფოტოებს იღებს და არც არქიტექტურულ პეიზაჟებს ქმნის. ამბობს, რომ ეს უკვე გავლილი ეტაპია და არ უნდა უკან დაუბრუნდება, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ფიქრობს.
„ჩემთვის, თუნდაც, 2 წლის წინანდელი რაღაცები უკვე ძალიან ძველია. ასეთ დროს ვსვამ წერტილს და მასთან ყველანაირ კავშირს ვწყვეტ“.

სამაგიეროდ, მის ნამუშევრებში არის ძალიან ბევრი ფერი.
„ მხატვრობაში ფერები იგივეა, რაც მუსიკაში – ხმა. შეიძლება, ფერი იყოს ძალიან ხმამაღალი. ფერები გაძლევს ყველაფრის საშუალებას, ფერით შეგიძლია შენი გრძნობები გამოხატო. ხანდახან არის მომენტი, რომ ყველა ფერი ერთდება, ერთიანია. შეიძლება, ჩემდა უნებურად, ჩემს ნამუშევრებში არის ფერები, რომელსაც ხშირად ვიყენებ, მაგრამ მე ვერ ვხდები. ყველა ფერი მნიშვნელოვანია, ასე ცნობიერის დონეზე ვერ გამოვარჩევ.

როგორც წესი, აზრი, სათქმელი და გემოვნება ნაკლებად ეცვლება.
„ფორმები – კი. მე სულ ექსპერიმენტებს ვატარებ. ნამუშევრები იმის მიხედვით იცვლება, როგორ მიდის ჩემი ცხოვრება. ვთქვათ, მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც გარდატეხა გამოიწვია, ავტომატურად აისახება ნახატებში. შეიძლება, ეს იყოს დრამატული ფაქტი ან პირიქით. ზოგადად, შემოქმედებაში ყველაფერს ცხოვრების კონკრეტული ფაზა განსაზღვრავს. მაგალითად, როცა მხატვარი ცხოვრობს ტოკიოში და შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გადავა, წარმოუდგენელია ერთნაირად ხატავდეს“.

თავად ინსპირაციის სხვადასხვა წყარო აქვს.
„ჩემი ხელოვნებისთვის სხვა სფეროებიდან უფრო ვიკვებები, ვიდრე, იგივე, ფერწერიდან. სხვა დარგებიდან უფრო ვიღებ შთაგონებას. გააჩნია პერიოდს. ამის მიხედვით იცვლება წყარო და იცვლება მუსიკალური ჟანრები ჩემს მხატვრობაში. ამ ეტაპზე, მგონია, რომ ჩემი ნახატები უფრო ფანკია“.

ამბობს, რომ ხელოვანი აუცილებლად გულახდილი უნდა იყოს.
„ისე არაფერი არ გამოვა. გულახდილი არ არის ხელოვანი, რომელიც ქმნის კონკრეტული მიზნისთვის, ამით რაღაცის მიღწევა უნდა, ან მისგან მოელის რამეს. მაგრამ თუ უბრალოდ გემღერება და მღერი, გეხატინება და ხატავ, აუცილებლად იქნები გულახდილი. მგონია, რომ სწორედ ეს არის ხელოვნება“.
ხელოვნება და კომერცია
„ხელოვნებაში და მათ შორის, რა თქმა უნდა, მხატვრობაში ორი მიმართულებაა ერთი ეს არის ხედვა, რაც ხელშეუხებელი, წმინდა და აბსოლუტურად განცალკევებითაა. სახელოსნოში არ არსებობს კომერცია, ტრენდები, რა არის მოდაში და ა.შ. მეორე არის სტრატეგია. ანუ გზა, როგორ უნდა მიიტანო საზოგადოებამდე ის, რაც ხედვით შევქმენი. ამ ორ რამეს თუ არ განაცალკევებ, არაფერი გამოვა. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რა დაემართება ნამუშევარს მერე. ამაზე თუ ვიფიქრე, უბრალოდ, ვერ დავხატავ, ვერ შევძლებ გულწრფელი და გულახდილი ვიყო, იმიტომ რომ უკვე რაღაც მოცემულობა მექნება. რამდენიმე ნახატი არის, რომელიც მინდა შევინახო. ეს ისეთი ნამუშევრებია, მოსახვევს, გარდატეხას რომ აღნიშნავს ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, მგონია, ხელოვნება სახელოსნოში ნამდვილად არ უნდა ჩაკეტო. მაგრამ მე მხოლოდ ვხატავ. დანარჩენი უკვე გალერისტების საქმეა“.
დასასრულს, ისევ საწყისს რომ დავუბრუნდეთ, მაინც რა არის ხელოვნება?
„ხელოვნება უნდა იყოს პროტესტი. ეს მოდის ტკივილიდან, შეგრძნებებიდან. ხელოვანი, ის ადამიანია, ვინც რაღაცებს ძალიან მძაფრად აღიქვამს – ცხოვრებას, გარე სამყაროს. მხოლოდ ასე ქმნის რაღაც ღირებულს. ერთმა – ორმა ადამიანმაც რომ დაინახოს აზრი მის ნამუშევარში და თუნდაც, თავისებურად გაიგოს, ე.ი. აქტი შედგა. ხელოვანის მიზანია, რაღაცნაირად, დააფიქროს და შეკითხვები მოუმატოს მნახველს და არა პასუხები გასცეს ან პრობლემები გადაუჭრას. ნამდვილ ხელოვნებაში პასუხები საერთოდ არ არის, პირიქით, ის დამატებით შეკითხვებს აჩენს.
ეს ირაკლი ბუგიანია, მხატვარი, რომელიც თბილისში, 19 . . წელს დაიბადა. ცხოვრობს გერმანიაში, დიუსელდორფში და საქართველოში, თბილისში.