in

მონაცემთა დიზაინერი – ირაკლი ჭუმბურიძის პროფესიის მთელი ხიბლი

„ბალანსის ძიებაა მთავარი გამოწვევა – იყოს მარტივი, თან მიმზიდველი და თან ფუნქციური“.

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

ირაკლი ჭუმბურიძე, მონაცემთა დიზაინერი

M: ირაკლი, რას აკეთებს მონაცემთა დიზაინერი? როგორ აღწერთ სამუშაო პროცესს?
მონაცემთა დიზაინერები ამბებს ვიზუალური ხერხებით ვყვებით: ინფოგრაფიკების, ვებგვერდების, თამაშების, ანიმაციების მეშვეობით… რასაც დიზაინი სჭირდება და მონაცემებს შეიცავს.

დიზაინი ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების ძალიან კარგი ხელსაწყოა. 

Პროცესი კი ასეთია: ინფოგრაფიკზე, როგორც წესი, 2 ადამიანი ვმუშაობთ – მე და მკვლევარი. დამკვეთს მოაქვს კვლევა, რომელსაც ჩვენი Მკვლევარი ეცნობა და მასთან თანამშრომლობით, აუდიტორიისთვის შესაბამისი, ყველაზე საინტერესო ინფორმაციები ამოაქვს. ამის შემდეგ ვერთვები მე, როგორც დიზაინერი. ვეცნობი, ვალაგებ, გამოსახვის ფორმებს ვარჩევ, დიაგრამებს, მონახაზებს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ერთ მთლიანობად აღვიქვა. Შემდეგ დამკვეთს ვუგზავნით და დასტურის შემდეგ, მის გაციფრულებას, უფრო ზუსტად, პროგრამაში (მაგ. ილუსტრატორში) დახატვას ვიწყებ. გამოქვეყნებამდე ვცდილობთ, ნამუშევარი შიდა ჯგუფში ჩვენს თანამშრომლებსაც ვაჩვენოთ, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომა, ვიზუალური გადატვირთვა, ან ასეთივე გაურკვევლობა.

M: რა ფორმალური თუ არაფორმალური განათლებაა საჭირო თქვენს პროფესიაში?
Ზოგადი ვიზუალური დიზაინის პრინციპების ცოდნა, რაც ყველა დიზაინისთვის საერთოა და ამას დამატებული მონაცემთა ვიზუალიზაციის საკითხები, როგორიცაა: სიდიდეების სიზუსტით გამოსახვა, სხვადასხვა ტიპის ჩარტების შერჩევა და გამოყენება და ა.შ.

მონდომება თუ არის, აქ ზღვარი არ არსებობს! დიზაინში ფანტაზია და ხელსაწყო ამოუწურავია. Შემაკავებელი მხოლოდ ჩვენი გონება, ბიუჯეტი და დროის სიმცირე შეიძლება, იყოს. 

როგორც დიზაინერს, ფიქრი გიწევს აუდიტორიაზე, რომ შემთხვევით, ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანო რეალური მონაცემების თვალის ზომით დახატვით. ხელსაწყოები, რასაკვირველია, სიზუსტით გამოსახვისთვისაც არსებობს, ვთქვათ, დიაგრამას ექსელში ააგებ და ილუსტრატორში გადაიტან. უამრავი ონლაინ ინსტრუმენტიც არსებობს: Datawrapper, Piktochart, Tableau Public. კიდევ უფრო რთული ვიზუალიზაციის დროს, დეველოპერის ჩარევაც შეიძლება, საჭირო გახდეს, ან ისეთი პროგრამული ენების ცოდნა, როგორიცაა: D3.js, WebGL, R, Processing… 

თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მხოლოდ ხელსაწყოებია და მთავარი ამოცანის გადაწყვეტის გზები ჩვენს მოხერხებაზეა. შეგვიძლია, მხოლოდ ფანქარი და ფურცელი გამოვიყენოთ. მაგალითად, 1854 წელს, ლონდონში ექიმ ჯონ სნოუმ ქოლერის ეპიდემია შეაჩერა. დაღუპული ადამიანების რუკაზე დატანით, მიზეზი იპოვა, რომ დაავადების გავრცელების წყარო დაბინძურებული წყლის ჭები იყო.

M: უმეტესად რა პროფესიული გამოწვევების წინაშე დგება მონაცემთა დიზაინერი?
Მთელი გამოწვევა მონაცემების ვიზუალურად გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზის მიგნება და ამით აუდიტორიის დაინტერესებაა. დღეს, ინფორმაციით გადატვირთულ სამყაროში, უფრო და უფრო რთული ხდება ადამიანების ყურადღების მიპყრობა და თუ ეს შეძელი, ესე იგი, რაღაც სწორად გამოგივიდა.

Ხანდახან შეცდომას ვუშვებთ და ჩვენი დიზაინით ინფორმაციას უფრო ვართულებთ. დიზაინის კეთება როცა დავიწყე, ამ პროცესს უფრო ემოციურად ვუყურებდი, მომწონდა ფერსა და ფორმასთან მუშაობა, Მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ ფუნქციური მხარე უფრო მნიშვნელოვანია. მუშაობის დროს, ძალიან დიდი როლი აქვს სწორი კითხვების დასმას: „რა სარგებელს მოუტანს ასე მიწოდებული ინფორმაცია ადამიანებს? გამოადგებათ, თუ არა?“ ეს, რაღაცნაირად, შემაკავებელი ძალაა ხოლმე, რომ საკუთარი სურვილები შეაჩერო. თუ უბრალოდ, გავაფერადებ, ნიშნავს, რომ მე არსებულ ტექსტურ ინფორმაციას კიდევ სხვა დავამატე. ყოველი ახალი ფერი და სიმბოლო ახალი ინფორმაციაა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და მუდმივად ვცდილობ, ფუნქციური ნაწილი არ გადავფარო. ბალანსის ძიებაა მთავარი გამოწვევა – იყოს მარტივი, თან მიმზიდველი და თან ფუნქციური. ქვემოთ მოცემულ მაგალითში ექსელშივე შეგვიძლია, ზედმეტი ხელსაწყოების გარეშე, ვიზუალი გავამარტივოთ და შედეგი მივიღოთ.
M: თავად ამ სფეროში როგორ მოხვდით?
Ხატვა ბავშვობიდან მიზიდავდა, თუმცა მისი შესწავლის საშუალება არ მომეცა და ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ, დიზაინისკენ წავედი. თუმცა დიზაინამდე, ტექნიკურ უნივერსტეტში ინფორმატიკით დავიწყე, შემდეგ IT აკადემიაში ვებტექნოლოგიებზე ჩავაბარე და ვებპროგრამირებასთან ერთად, დიზაინიც ვისწავლე. Პრაქტიკული დავალებების კეთებაში მივხვდი, რომ კოდის წერა ნაკლებად მიზიდავდა (თუმცა ახლა ტექნიკური ცოდნა ვებპროექტებზე მუშაობის დროს მეხმარება). დიზაინ დავალებების კეთებას უფრო მეტ დროს ვუთმობდი და ნელ-ნელა, ლექტორის დახმარებით, ვიზუალის ფუნქციურ ნაწილზე დაკვირვებასაც მივეჩვიე. ამ პერიოდში გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ციფრულ რუკას აკეთებდა. მათი მიზანი საჯარო ვებგვერდის შექმნა იყო. სტაჟიორებს ეძებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ CV ვებდეველოპერის  ვაკანსიაზე გავაგზავნე, დიზაინერის პოზიცია შემომთავაზეს, რადგან ნამუშევრებში ჩანდა, რომ ვიზუალური მხარე უფრო გამომდიოდა და მაინტერესებდა.

აქედან დაიწყო უკვე ჩემი დიზაინერად განვითარება მონაცემებსა და რუკებში – თანამშრომლების, დიზაინერი და დეველოპერი მეგობრების დახმარებითა და საკუთარ თავზე მუშაობით.

დღეს, „ფორსეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და გუნდთან ერთად ვიზუალიზაციებს ვქმნი.

M: რას ურჩევდით მონაცემთა დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამენ?
მნიშვნელოვანია ინტერესი, ასევე ყოველდღიური შრომა და თვითდისციპლინა, რომ მოტივაციაც შევინარჩუნოთ.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ძალიან კარგია არსებული დიზაინების კოპის გაკეთება. Მაგალითად, შევდივართ Dribbble-ზე, მოვძებნით Dashboard, data, charts, ვარჩევთ ნამუშევარს, რომელიც მოგვწონს და ვქმნით ასლს. პროცესში ვეცნობით და თან ვიაზრებთ, რა, რატომ და როგორ არის გაკეთებული. ეს ტექნიკის განვითარებაში გვეხმარება. ამის შემდეგი ეტაპი უკვე ინტერპრეტაცია და გაუმჯობესებაა. აქ უკვე მთავარია, იპოვო ის, რაც გაწუხებს, გიყვარს, ან არ მოგწონს და ფიქრს მის გაუმჯობესებაზე იწყებ – რით შემიძლია, უკეთესი გავხადო? ამასთანავე, თეორიული მასალების გაცნობა და სიახლეების კითხვა, ასევე ამ სფეროში მომუშავე გამოცდილ ადამიანებთან კომუნიკაციაც ძალიან სასარგებლოა.

M: როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო გარემო? აქვს თქვენი პროდუქტიულობისთვის რაიმეს არსებობა-არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა?
Ნაკლებად მაქვს მიჯაჭვულობა ფიზიკურ სივრცეებზე. ლეპტოპი ინტერნეტით, აბსოლუტურად, საკმარისია, თუმცა მჭირდება ხოლმე ისეთი გარემოც, რომელიც დადებითი ენერგიით დამმუხტავს, მაგალითად, ყვავილები, სიმწვანე, ბუნებასა და ცხოველებთან ახლოს ყოფნა ძალიან მავსებს. ასევე, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები. განსაკუთრებით, პანდემიაში დავინახე ამის საჭიროება, როცა ჩაკეტილ სივრცეებში დიდი დროის გატარება გვიწევს, თბილისში, ამ მხრივ, ცუდი მდგომარეობაა. ამიტომ, კარგია ქალაქიდან ხშირი გასვლა და გარემოს შეცვლა.

M: როგორია თქვენი პროფესიის ადამიანური მხარე? ამ კუთხით, რა გამოცდილება გახსენდებათ?
ვაშინგტონსა და ბალტიმორში ამერიკის საელჩომ, Open World გაცვლითი პროგრამით, 2 დიზაინერი და 3 კურატორი გაგვიშვა. მიზანი იყო, გავცნობოდით, როგორ კეთდება გამოფენები, როგორ მუშაობს ეს სფერო იქ და შემდეგ, გამოფენა ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრებით, საქართველოშიც მოგვეწყო. ვხვდებოდით მარკეტერებს, კურატორებს, დიზაინერებს. თითქოს შიგნიდან დავინახე, მუზეუმში რა შრომის ფასად უწევდათ შედეგის მიღება. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი გულანთებული ადამიანი, იქაური ტექნოპარკის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც საკუთარ სტუდენტობაზე გვიყვებოდა, როგორ არ აძლევდნენ უფლებას, სადიპლომოდ თავისი სურათები გამოეფინა, რადგან იმ უნივერსიტეტში პირველი შავკანიანი სტუდენტი ქალი იყო. დღეს, თავად შექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს უნარ-ჩვევების განვითარებასა და რეალიზებაში ეხმარება. 30-40 წელია, მუშაობს იმისთვის, რომ კონკრეტული სივრცე ამ ფორმით არსებობდეს. ყველაზე დიდი შთაგონება იმ ადამიანებისგან მივიღე, ვინც იბრძვიან, რომ საკუთარი ყოველდღიურობა რაღაცით უკეთესი გახადონ. როცა ხედავ, რომ რაღაც ისეთი გინდა, რაც არ არსებობს და იწყებ თანამოაზრეების პოვნასა და მიზნისკენ სვლას…

M: გაქვთ, თუ არა თქვენი მეთოდები/ტაქტიკები, რომელიც სამუშაო პროცესში გამოიმუშავეთ და შედეგის მიღებას გიმარტივებთ?
Სტუდენტებს ხშირად ვეუბნები, რომ დიზაინის კეთება პირდაპირ პროგრამაში არ უნდა დავიწყოთ. იდეას აუცილებლად სჭირდება ჯერ დალაგება, მონახაზი, რომ ვიზუალურად წარმოვიდგინოთ, რას ვაკეთებთ. პირდაპირ პროგრამაში მუშაობა დამიწყია, მიჯახირია და უფრო მეტი დრო დამიხარჯავს. ამ დროს, შეიძლება, საერთოდ არ ვარგოდეს იდეა და ფორმა. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქმის ეტაპებად დაყოფა, ასევე, გარშემომყოფების აზრის მოსმენა, დატესტვა და შენიშვნების მიღება.

M: რომელ პროგრამებსა თუ აპლიკაციებს იყენებთ?
გრაფიკული პროგრამები – Illustrator, XD, Photoshop. Slack კომუნიკაციისთვის. Google sheet და Doc მონაცემების მიღებისთვის. Dribbble შთაგონებისა და ვიზუალური შიმშილის დასაკმაყოფილებლად, Medium-ის ბლოგები nightingale და uxcollective სიახლების გასაცნობად და აუცილებლად Spotify განწყობისთვის.

გონებრივი სიფხიზლის ვარჯიში სამსახურში – გვვნებს, თუ გვჭირდება?

27 მარტს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს