in

ირაკლი დოლიძე: თეატრი – ბავშვობის შთაბეჭდილებიდან საიუბილეო დიზაინამდე

„პრაქტიკულად, ესაა ვიზუალი, რომელშიც გურული ლაკონიურობით, მინიმალისტურადაა თავმოყრილი თეატრის იდენტობისთვის განუყოფელი სიმბოლოები“.

ირაკლი დოლიძე სარეკლამო სააგენტო idolize-ის დამფუძნებელია და გვიზიარებს, როგორ შექმნა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის საიუბილეო დიზაინი:

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა იმ ქალაქის სახე და სავიზიტო ბარათია, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ფონდი „ქართუს“ დახმარებით, 2021 წელს თეატრი რულიად რეაბილიტირებული შეხვდა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, „გურიასა და ქართულ თეატრს ლამაზი სიზმარი აუხდა“. 

შენობა, რომლის რეაბილიტაციაშიც ამდენი წელი და რესურსი გაიხარჯა, 1961 წელსაა  აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსითაც საგებლობს. მე-60 წელი მშვენიერი სიმბოლო აღმოჩნდა მის საიუბილეო აქტივობაზე სამუშაოდ. 60 წლისთავისთვის შექმნილი ვიზუალური იდენტობა ლოგიკურად პასუხობს თეატრის განახლების პროცესს. 

გარდა იმისა, რომ თეატრი ტერიტორიულად ახლოა ჩემს სახლთან, მის სცენაზე გამოსვლაც  მოვასწარი, ჯერ კიდევ, ბავშვობაში.

7-8 წლის პირველ ხმას ვასრულებდი მიხეილ შავიშვილის ფოლკლორულ ანსამბლში (კული სებში მოშვერილ ფოტოკამერაზე რეაქციით: „მაგის დროია ახლა?!“)

სწორედ ბავშვობაში მიღებული ემოციების ანარეკლია ყველა ის მუხტი და ჟინი, რომელიც ამდენი წლის შემდეგ ისევ აინთო და მოსვენებას არ მაძლევს. 

მსგავს თემაზე მუშაობის მხნეობას მიმატებს ისიც, რომ 1988 წელს, თეატრისთვის საიუბილეო სამახსოვრო მედალი დამზადდა, რომელიც დღეს უკვე მისსავე მუზეუმში ინახება.

სხვადასხვა სიმბოლოზე მუშაობისას ამბიგრამული იდენტობის შექმნის შინაგანი განწყობა ხშირად მაქვს (გამოსახულება, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ერთნაირად იკითხება) და ამის რამდენიმე მაგალითიც მაქვს:

ხელწერა, ჩვევა თუ სტილი, რომელიც პროფესიონალი არტისტის ნამუშევრებში შეიძლება, ამოვიკითხოთ, ხშირად ქვეცნობიერში დალექილიდანაა ნასაზრდოები. სწორედ ამ შთგონებას მიჰყვება ხოლმე გონება შემოქმედებით პროცესში. როგორც იქნა, მივაგენი საწყის წერტილს, საიდანაც ჩემი ამბიგრამებით აღფრთოვანება დაიწყო: თეატრის შესასვლელში მისი აშენების თარიღი 1961 ზუსტად ამბიგრამის სახითაა დატანილი.

სულ რამდენიმე წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე. მახსოვს, მშობლებმა მიმიყვანეს, მიჭირს, გავიხსენო, რა ღონისძიება იყო. ქვეცნობიერში წლების წინ აღბეჭდილი „კოდის“ აღმოჩენის გარდა, ისიც მხიბლავს, თუ როგორ შემოქმედებითად მიუდგა ავტორი აღნიშნულ თარიღს: იგი ისეა დატანილი შენობის შესასვლელში, რომ სტუმარს თეატრიდან გამოსვლისასაც სრულფასოვნად ახსენებს თავს. უფლება არ მქონდა, სხვისი ეს ნაფიქრი დამეიგნორებინა, მეც ხომ „2-ვე მხრიდან“ მაქვს თეატრი ნანახი?! 

გარდა პასუხისმგებლობისა, ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას უამრავი მასალის გაცნობა,  ინფორმაციის აგროვება, სკეტჩები და ვერსიებია საჭირო.

მშვენიერი სიმბოლოა ისიც, რომ სწორედ 1961 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიხეილ შავიშვილსაც, რომელიც ჩემი საწყისი ლინკია შემოქმედებით გურიასთან. 1961 წლის საკრალურობა განუყოფელი და ორგანულია როგორც თავად თეატრისთვის, ისე ჩემი შემოქმედებისთვის

შედეგად, შეიქმნა სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია: 

  • ტრაგედიისა და კომედიის ნიღბები; 
  • შენობის აშენების თარიღი 1961;

(შენარჩუნებულია ამბიგრამის პრინციპი) 

  • სასცენო ფარდები.

პრაქტიკულად, ესაა ვიზუალი, რომელშიც გურული ლაკონიურობით, მინიმალისტურადაა თავმოყრილი თეატრის იდენტობისთვის განუყოფელი სიმბოლოები. გამოსახულება, რომელიც მზადაა, საიუბილეო წლის განმავლობაში (და მის შემდგომაც) ხელი შეუწყოს ოზურგეთის თეატრის პოზიციონირებასა და პოპულარიზაციას შიდა და საერთაშორისო ასპარეზზე. 

NASA მთვარეზე წყლის მოსაძებნად განკუთვნილ როვერს გაგზავნის!

THE Crossroads ახალ პლატფორმას წარადგენს