in

„სათიბე“ – ირაკლი გაფრინდაშვილის არტ კოლონია, ორბეთში

„ჩემი ოცნებაა, Silicon Valley-ს მსგავსი დასახლება შევქმნა“

დაახლოებით, 2 წლის წინ, ირაკლი გაფრინდაშვილმა რომ მითხრა, ორბეთთან ახლოს მიწა ვიყიდე, სოფელი უნდა გავაშენო და არტ კოლონია შევქმნაო, მოჩვენებას რომ დაინახავ, ალბათ, იმ სახით ვუსმენდი. სოფლის გაშენება წარმოდგენითაც კი რთული წარმოსადგენია. მაგრამ გამოხდა ხანი, უამრავჯერ შეცვლილი პროფესია კიდევ ერთხელ შეიცვალა, დურგალი გახდა და თურმე, „სოფლის შენებასაც“ შეუდგა. და ახლა, 2 წლის შემდეგაც ისეთივე გამომეტყველება მქონდა, როცა გავიგე, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქცია – შექმნა „სათიბე“, ახალი დასახლება, ორბეთის განაპირას, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. აქამდე, ამ მიწებს მარტო სათიბებად იყენებდნენ და ამიტომ დავარქვი „სათიბე“ დასახლებასო.

„ეს ყველაფერი თბილისთან ახლოს, ვაკის პარკიდან, 30 წუთის სავალ გზაზეა. ორბეთის მიმდებარე ტერიტორია გამორჩეულია მდიდარი ეკოსისტემით, არის ნულოვანი განაშენიანება და ძირითადი ნაწილი დაფარულია ტყით.

„სათიბე“ არის ერთიანი ვიზუალური კონცეფციის ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჰარმონიული თანაცხოვრება.

30 ჰექტარზე გაშლილი იქნება მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება მრავალი მოდულისგან: საცხოვრებელი სახლები, გასაქირავებელი კოტეჯები, კვების ობიექტი და ლუდსახარში, საკონფერენციო და საღონისძიებო სივრცეები, გამაჯანსაღებელ/ჰოლისტური ცენტრი, სახელოსნოები, გალერეა.

ჩემი მიზანია, „სათიბე“ გახდეს შემოქმედებისა, კოლაბორაციის, პროდუქტიულობის და დასვენების ერთიანი სივრცე“.

აქ მიწა, დაახლოებით, 120-მა ადამიანმა უკვე შეიძინა, მათი უმრავლესობა თანამედროვე არტისტია – მხატვრები, მწერლები, არქიტექტორები, დიზაინერები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები.

„არტისტების სიმრავლე საფუძველს დაუდებს ახალ არტ კოლონიას. ეს იქნება ადგილი, რომელიც მიიზიდავს შემოქმედებით ადამიანებს, გახდება კულტურის გრავიტაციის ცენტრი და გაზრდის ამ ადგილის შინაარსობრივ და ეკონომიკურ ღირებულებას“.

ყველა სივრცეს ეყოლება კურატორი და ღია იქნება საზოგადოებისთვის. მთელი წლის მანძილზე მოეწყობა გამოფენები, ვორკშოპები, ფესტივალები და გამაჯანსაღებელი შეკრებები. ხშირად ეყოლებათ მოწვეული არტისტები.

„გარდა ამისა, „სათიბე“ იქნება ერთიანი ტურისტული პლატფორმა. ყველა ოჯახი შეძლებს, გახდეს მასპინძელი და ჩაერთოს ტურიზმში, რომლის უდიდესი პოტენციალიც ამ რეგიონში ნამდვილად არის, მაგალითად – დაშბაშის კანიონი, ასურეთი, მანგლისი, ბირთვისი, ალგეთის ეროვნული პარკი, სამშვილდე და ბევრი საოცარი ადგილი, ჯავახეთის ჩათვლით.

„შარლოტა“ – „სათიბეს“ მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა

„სათიბეს“ მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა იქნება „შარლოტა“, გერმანული ნასახლარის მასალების ბაზაზე აშენებული მრავალფუნქციური „ქარის წისქვილი”, თავისი, ადგილობრივი ლუდით, ჟრიამულით და სიცოცხლით“.

თუ არტ კოლონიაში ცხოვრება, მუშაობა, იქ არტისტობა ან მეზობლობა გინდათ, შეგიძლიათ, სარეგისტრაციო ფორმა ახლავე შეავსოთ. ან „სათიბეს“ ადმინისტრაციას, უფრო ზუსტად კი მის მამასახლისს, დურგალ ირაკლი გაფრინდაშვილს მიმართოთ.

„იმისათვის რომ არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება, შევქმენით 3 ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელიც მიწას მოჰყვება საჩუქრად. მხოლოდ ამ პროექტებით მოხდება სოფლის განვითარება“.

 

დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი ჩვენი შეგროვებული ემოციებით იქმნება – ქუთაისსა და ბათუმში „მეამა ქოლექთის“ კამპანია „შეაგროვე ემოციების ნაკრები” დაიწყო

ეისითის დიდი ტრანსფორმაცია