in

ირაკლი გაგნიძე – #პირველისამსახური

საინტერესოა, რომ ჩემი პირველი სამსახური სწორედ წიგნებს უკავშირდება. კარიერა მათი დისტრიბუციით დავიწყე, 2000 წელს. ჯერ კიდევ, სტუდენტი ვიყავი, ვსწავლობდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ეკონომიკაში და ოჯახის შექმნის შემდეგ, სამსახურის დაწყება გადავწყვიტე. როგორც იმ პერიოდში ხდებოდა, ვაკანსიის შესახებ ნაცნობისგან შევიტყე. სამსახური მინიმალური პოზიციით დავიწყე, სახელფასო განაკვეთიც სასაცილო იყო – პირველი ანაზღაურება 50 ლარი ავიღე. სამსახურს და სწავლას ერთმანეთს ვუთავსებდი. ჩემს ფუნქციებში მომხმარებლების დაინტერესება შედიოდა. ძირითადად, კორპორაციული გაყიდვებით ვიყავი დაკავებული. თავისუფალი ვიყავი არჩევანში, თუ სად მოვიძიებდი კლიენტებს – კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებში.

ძნელი, პირველ რიგში, ის გახლდათ, რომ კომპანიაში არავინ მეგულებოდა, ვინც დამაკვალიანებდა და მირჩევდა, როგორ მემუშავა. თავიდან ბოლომდე მე მიწევდა გზის გაკვლევაც, საკუთარი თავის მოტივირებაც, კონკრეტული მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა გზის მოსინჯვაც, რაც ყველაზე რთული იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ საქმეში, ახალი მუხტისა და პერსპექტივის დანახვა. ამიტომ, ვსწავლობდი ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან მუშაობის ტაქტიკას. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შეხება მქონდა კომერციის ნაწილთან და დავინახე, რა ქმედებებია საჭირო მოლაპარაკებების წარმოებისას. ვაკვირდებოდი, როგორ მიმიკებსა და სიტყვებზე რეაგირებდნენ ადამიანები. ეს მეხმარებოდა გამეანალიზებინა და გამეუმჯობესებინა გაყიდვების პროცესი.

სამსახურში მიღებისას, გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ, ყველაზე დიდი საქმე ჩემმა დიდმა სურვილმა და ენთუზიაზმმა შეასრულა. მახსოვს, პირველ გასაუბრებაზე, ხელმძღვანელი სწორედ ჩემმა მონდომებამ დააინტერესა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ დამსაქმებელმა შემიქმნა თავის გამოჩენის საშუალება. მუდმივად ვცდილობდი ახალი გზების მონახვას, შესწავლას და ხელმძღვანელი ხელს მიწყობდა, ამ კუთხით. ვფიქრობ, ადამიანს უნდა ჰქონდეს მოთხოვნილება, ყოველდღიურად გაიზარდოს, გადადგას ნაბიჯები წინ და მუდმივად იფიქროს განვითარებაზე.

ირაკლი გაგნიძე – „ბიბლუსი ჯგუფის“ პარტნიორი და გენერალური დირექტორი.

Mymarket-ის აპლიკაცია „გაეშვა“

ნუ უგულებელყოფთ იღბლის ძალას წარმატებულ ბიზნესში