5
Dec
2019

„გამარჯობა, მე ვარ ირაკლი გაფრინდაშვილი, დურგალი“.

5 Dec 2019

„გამარჯობა, მე ვარ ირაკლი გაფრინდაშვილი, დურგალი. შეიძლება, ცოტა ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მომწონს. ზოგჯერ, საკუთარი თავისგან აბსოლუტურად განსხვავებული ვჩანვარ. რეალურად, ირაკლი გაფრინდაშვილი არის ის, ვინც ახლა ვარ. ამ ამბავს მოვყვები Spotlight-ზე – ეს იქნება ჩემთვის რაღაცის დასასრულის, წერტილის დასმის და ახალი ირაკლის წარდგენის დღე. მე მოვყვები ადამიანურ ისტორიებს საკუთარ თავზე, რომელიც ვიღაცისთვის, შეიძლება, დამაფიქრებელი აღმოჩნდეს, ან სიახლეების მიმართ უფრო გაბედული გახადოს“.

„გამარჯობა, მე ვარ ირაკლი გაფრინდაშვილი, დურგალი“.

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight, 15 დეკემბერს, სასტუმრო Radisson-ში ტარდება. წლევანდელი თემაა „ერთიანობა“, რომლის ინსპირაციადაც წინა „სფოთლაითზე“ ნიკა გუჯეჯიანის ნათქვამი სიტყვები გახდა: „გამარჯვების ძალა ერთობაშია და არა – ერთნაირობაში“.

Spotlight-ზე, წელს, ამ ერთიანობასა და ერთობაზე, თავის გამარჯვების ამბავს მოჰყვება ირაკლი გაფრინდაშვილიც.

„ნიკა გუჯეჯიანი რომ არა, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა წელს Spotlight-ის სპიკერი. ზოგადად, მის მიმართ მაქვს ძალიან დიდი თანა-მოქალაქეობრივი სიამაყის განცდა. სწორედ იმ ხალხთან ერთობა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვისთანაც მსგავსი განცდა მაკავშირებს, მხოლოდ ასეთ ერთობას მოაქვს დიდი გამარჯვებები.”

„ეს ნამუშევარი ნიკა გუჯეჯიანს მივუძღვენი“

ამ ამბავზე უფრო ბევრს, ირაკლი გაფრინდაშვილი, „სფოთლაითზე“ მოყვება. ახლა კი, როცა ღონისძიებამდე რამდენიმე დღე დარჩა, სხვა სპიკერებთან ერთად, გვინდა, ის უკეთ გაგაცნოთ.

„2017 წელს, ჩემს ცხოვრებაში გარდამავალი პერიოდი დადგა – გამეგრძელებინა საჯარო სამსახურში მუშაობა, თუ სხვა საქმე დამეწყო?! ხელოვნებასთან სულ მქონდა შეხება და იმაზეც სულ ვოცნებობდი, კომბინიზონი მცმოდა და ჩემი სახელოსნო მქონოდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, რისი სახელოსნო. ხან სანათებს ვაკეთებდი, ხან – ვხატავდი, ხან – ვხაზავდი. დალაგების და გადაფასების პროცესში, შემთხვევით, ბრიტანელი არტისტის, კირსტი ელსონის ნამუშევრები ვნახე და მივხდი, რომ დურგლობა ძალიან კარგი საქმეა. განსაკუთრებით კი გამოუსადეგარი, სხვადასხვა ძველი ნაწილებით მინიატურების კეთება. ზოგადად, არ მიყვარს ახალი, პრიალა ნივთები. მომწონს მეორადი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებ და შეგიძლია, ერთმანეთთან დააკავშირო, ახალი რამ შექმნა. საოცარი შეგრძნებაა. მივხვდი, რომ თვითონ ეს პროცესიც თერაპიაა. ამას ჰობის დონეზე ვერ დავტოვებდი – ასე შეიქმნა „Durgali“ “.

„ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც რაღაცით მგავს კიდეც“

„ეს ჩემი პირველი შეკვეთა იყო. „შატო მერეში“ ჩიტის 13 სახლი გავაკეთე“

სახელოსნო სახლის ქვევით, მეზობლის ოთახში მოაწყო, იტალიურ ეზოში. მალე პირველი გამოფენაც ჰქონდა, „მოძრაობის თეატრში“. ამბობს, რომ სცენამ და განათებამ კიდევ უფრო ჯადოსნური გახადა ნამუშევრები.

„მიხვდი, რომ ჩემი საქმე, ჩემი თავი ვიპოვე და ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. პარალელურად, ჰოსტი ვარ – ჩემს სახლში, რომელსაც სახლ – მუზეუმად ვასაღებ, უკვე რამდენიმე წელია, მთელი ჩემი ნამუშევრები გამოვფინე და როგორც დურგლის მუზეუმი, ისე ქირავდება Airbnb.com-ზე. საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ახლა დავისახე მიზანი – ქალაქგარეთ, ტყის პირას, სოფელ ორბეთში, სადაც მიწა უკვე ვიყიდე, გავაკეთო სასტუმროს ტიპის პატარა სახლები, საერთო სივრცე – ჩემი სასახელოსნო და პროფესიული სასწავლებელი, სადაც დურგლობას ვისწავლი და ვასწავლი. დარწმუნებული ვარ, 1 წელიწადში, პირველი სტუმარი უკვე მეყოლება“.

„სტამბოლი“, Durgali-ს პირველი გამოფენა/ლოკაცია – „მოძრაობის თეატრი“

Durgali-ს პირველი გამოფენა/ლოკაცია – „მოძრაობის თეატრი“

Durgali-ს მეორე გამოფენა/ბათუმი

მაგრამ მანამდე მოსაყოლი არც ისე ცოტაა. ამიტომ, მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან.

„სკოლა რომ დავამთავრე, არქიტექტორობა მინდოდა. ოთარ არჩვაძესთან ვემზადებოდი ხატვაში. პირველ წელს ყველაზე სულელური მიზეზის გამო ვერ ჩავაბარე, საბუთების მიღებაზე დამაგვიანდა. სამაგიეროდ არ დააგვიანდა კომისარიატს და ჯარში გამიწვიეს. სამხედრო რეფორმა მაშინ ახალი დაწყებული იყო და გულანთებული წავედი. ამ გულანთებულობით მოვხვდი 28 კაცში, რომელიც 900 ჯარისკაცში აგვარჩიეს და 8 თვით გაგვიშვეს კოსოვოში სამშვიდობო მისიით. ძალიან გამიმართლა, პირველად გაუშვეს სავალდებულოს ჯარისკაცები კოსოვოში. გამიმართლა, იმიტომ რომ მქონდა კარგი ანაზღაურება და საინტერესო წვრთნა. ჯარის დამთავრების შემდეგ, ასე მეგონა, 19 წლის უკვე სხვანაირად დიდი ვიყავი. პრობლემებს მას შემდეგ ძალიან მარტივად ვუმკლავდები და ჩემთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა . შემდეგ გამიტაცა დეკორატიულმა მებაღეობამ, არქიტექტურა და ლანდშაფტის დიზაინი სულ მიზიდავდა. თეორიული ნაწილი ვისწავლე და პრაქტიკაში ფრთებს ჩემს ბაღში გავშლი. რაღაც პერიოდი ძალიან განვიცდიდი, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, შემდეგ პირიქით, მივხდი, რომ ახლა სხვა არაფორმალური განათლების და შენი უნარების მოკლევადიანი კურსებით განვითარების ეპოქა დგას. პროფესიული განათლება უფრო მნიშვნელოვანია და მინდა ეს ყველას ესმოდეს – დროა, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და უბრალოდ, ვაკეთოთ ის საქმე, რაც გიყვარს და გვაბედნიერებს“.

ირაკლი გაფრინდაშვილი კოსოვოში, სამშვიდობო მისიით

ირაკლი გაფრინდაშვილი – ტელეწამყვანი

შემდეგ მის ცხოვრებაში იყო უამრავი პროფესია. ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით – პოეზია, კომუნიკაციის სპეციალისტი, ტელე-წამყავნობა, ფოტოგრაფია, სოციალური მედიის მენეჯერი, ინფლუენსერი.

„ზოგადად, არ ვუჩივი იღბალს. რაზეც ვოცნებობ, ხშირ შემთხვევაში მიხდება-ხოლმე. შეიძლება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, ბევრსაც ვშრომობ და კოსმოსთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი, რასაც მიზნად დავისახავ, ადრე თუ გვიან, ჩემთვის ხელშესახები ხდება“.

ირაკლი გაფრინდაშვილი თავისი პოეტური კრებულის „ოცდა 13 მარგალიტი“ პრეზენტაციაზე

„ეს ჩემი გადაღებული ფოტოა. ერთი პერიოდი ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული“

„ფოტოხელოვნებას დათო ცხადაძე მასწავლიდა“

სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ მისი ცხოვრება ასე განვითარდა: დაიწყო ლექსების წერა და როგორც თვითონ ამბობს, პოეტობით საკმაოდ პოპულარული გახდა. მერე პიარ სკოლაში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგაც პირველი დაკვეთა მიიღო: „საირმის წყლის“ კამპანია იყო, რუსთაველზე პოეტების ძეგლებთან მათ პოეზიას ვკითხულობდით“. ამ ჰონორარით სწავლის ფული გადაიხადა. და ახალი საქმეც გამოჩნდა – ენერგეტიკის სამინისტროს პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შესთავაზეს. იფიქრა, რომ ცდად ნამდვილად ღირდა და საბოლოოდ, საჯარო სამსახუში 5 წელი იმუშავა​.

ირაკლი გაფრინდაშვილი – ენერგეტიკის სამინისტროს პიარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო, ბევრი რამე ვისწავლე და გამოვიარე. ბოლოს მიხვდი, რომ ცვლილებების დრო დადგა და უნდა განმესაზღვრა, საით წავსულიყავი. პრინციპში, არც არასოდეს ვყოფილვარ სტანდარტული საჯარო მოხელე – არც დრესკოდით ჩამიცვამს და არც შეზღუდვები დამიწესებია, ქცევის თვალსაზრისით. უბრალოდ კარგი კომუნიკაციის უნარით გავდიოდი ფონს, იოლად. ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან კარგად ვალაგებდი ურთიერთობას. დღეს, საქართველოში, კომუნიკაციის სპეციალისტი მაშინ არის, თუ ამბავს კარგად აშუქებს. სწორედ ამ ურთიერთობებით მოვედი დღემდე. ურთიერთობები ხომ არსად მიდის? პირიქით. ამიტომ, ახლა დროა, ეს სოციალური კაპიტალი, ძალიან კეთილშობილურ საქმეს მოვახმარო და თანაც ვაკეთო ის, რაც მინდა – დურგლობა და ჰოსტობა“.

ყველა იმ პროფესიას და საქმეს, რაც 18 წლიდან 33 წლამდე უკეთებია, ამბობს, რომ ერთი რამ აკავშირებს – კომუნიკაცია.

„ყველგან კომუნიკაციაში ვარ. თუ Facebook-ზე ვაქტიურობ, ბევრ რამეს ვპოსტავ, ზოგჯერ სისულელესაც – მაქვს აქტიური კომუნიკაცია, პოეტობაც კომუნიკაციაა – ადამიანებს შენს ემოციებს კონკრეტული ფორმით უზიარებ. საჯარო სამსახურშიც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი. დურგლობაც კომუნიკაციაა ჩემთვის“.

ამდენი წასვლა – წამოსვლის, პროფესიის და აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესის შეცვლის შემდეგ ფიქრობს, რომ ცხოვრების მთავარი საქმიანობა იპოვა და ეს დურგლობაა.

„აღარსად წასვლას არ ვაპირებ. ზოგადად, თუ ხვდები, რომ შენი საქმე ისე აღარ გაბედნიერებს, რაღაცნაირად მიეჩვიე და თითქოს, შენი თავი ამოწურე, ე.ი, ცვლილებების დროა. თუმცა, ეს მარტივი სულაც არ არის. ცვლილებები ყოველთვის გამართლებული და კარგია. მე ამის მომხრე ვარ. ბედნიერი ვარ, რომ 33 წლის ასაკში ვიპოვე საკუთარი თავი. და საკუთარ თავთან ერთად –  ჩემი ცოლი და კიტა, რომელიც, დღეს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და მის სამყაროში ვცხოვრობ. [ჩემი ცოლი] ამ ცვლილებების გზაზე სულ გვერდით მედგა და მამხნევებდა. ჩვენი ერთობა დიდ ჰარმონიას ქმნის. საქმეშიც ძალიან კომფორტულად ვართ, ის გრაფიკული დიზაინერია, მე დურგალი. შეგვიძლია, სულ ერთად ვიყოთ და რაღაცები ვაკეთოთ. მისი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. უფრო გიმარტივდება რაღაცების შეცვლა, როცა კარგი მეგობარი და მეგზური გყავს გვერდით. ბევრი რამ უფრო მარტივია“.

სამომავლო გეგმებიც უკვე დალაგებული აქვს.

„33 წლის ასაკში ვიპოვე საკუთარი თავი. და საკუთარ თავთან ერთად –  ჩემი ცოლი და კიტა , რომელიც, დღეს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და მის სამყაროში ვცხოვრობ“ – ირაკლი გაფრინდაშვილი

„ორბეთში, სადაც მიწა ვიყიდე, გერმანელების აშენებული 200 წლიანი სახლები დგას. სოფელი მაღალ მთიან რეგიონშია. ადგილობრივებს არ უნდათ თბილისში ცხოვრება, მაგრამ იქ ძალიან ცუდი პირობები აქვთ. არა და, ამ ადგილს დიდი პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, მინდა, დიდი კომუნა შევქმნა. ყველას ვეუბნები ჩამოვიდნენ, ნახონ, მიწა იყიდონ. თუ სწორად გამოვიყენებთ ამ რესურსს, 5 წელიწადში, ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი იქნება საქართველოში. აქ იქნება ჩემი სასტუმრო და სახელოსნო – სოციალური საწარმოც. ამისთვის, მონაწილეობას ვიღებ „საქართველოს ბანკის“ საგრანტო კონკურსში „სიცოცხლის ხე“. ეს საწარმო იქნება განვითარებაზე ორიენტირებული – დურგლობა რომ დავიწყე, მანქანა დამეჯახა და ფეხი მოვიტეხე. სახელოსნოში ვერ ჩავდიოდი. მაშინ მიხვდი, რა რთულია, როცა შეგიძლია რაღაც აკეთო და იქამდე ფიზიკურად ვერ მიდიხარ. ამიტომ, ახლა მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული – დავასაქმო შშმ პირები, გამოვიყვანო ისინი სახლიდან და ჰქონდეთ თავიანთი საქმე, პროფესია, შეძლონ რეალიზება“.

უცბად ვიფიქრე, ეს კიდევ ერთი, ვითომდა რომანტიული თავგადასავალი ხომ არ არის-მეთქი, „ამბავი ბიჭზე, რომელიც თბილისიდან სოფლად გადავიდა და საკუთრი ბიზნესი დაიწყო, აქვს სოციალური საწარმო და ა.შ.“

„ასე ნამდვილად არ არის. ერთი რომ ამ ქალაქში სუნთქვაც კი რთულია, ისეთი მდგომარეობაა. ეს სოფელი ძალიან ახლოს არის თბილისთან. სულ 25 წუთის გზაა. უბრალოდ, ავდექი და წავედი გონივრულ დროს, რომ ვემსახურო ჩემს სურვილებს და დავიხარჯო მაქსიმალურად. აღარ მინდა სტანდარტული სამსახური, თუნდაც, 24 საათი ვიმუშავებ, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც მაბედნიერებს და მინდა. კარგი დროა ჩემს ცხვორებაში სიახლეებისთვის“.

განხილვა