in

„სცენა ჩემთვის ხალხთან ურთიერთობის პლატფორმაა”, – ირაკლი კირკიტაძე

ამ რუბრიკის ფარგლებში ახალ და საინტერესო მუსიკოსს რომ გავიცნობ, მერე ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მოვუყვები მის შესახებ ჩვენს მკითხველსაც…

Psychonaut 4 – ამ ბენდს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ქართველ მელომანებს, განაკუთრებით, ანდერგრაუნდის, როკის, მეტალის მოყვარულებს, ის არავისში ეშლებათ. ბენდს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ამ ჟანრით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, უკვე თითქმის ორი წელია, საკმაოდ ინტროვერტი ვოკალისტი ჰყავს, ირაკლი კირკიტაძე. სხვა რესპონდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ვერ მალავენ ემოციებს და ამბობენ, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ირაკლის პასუხები ძალიან დამაფიქრებელი იყო. მან გვითხრა, რომ ჰქონია ისეთი მომენტები, როცა საერთოდ არ უნდოდა მუსიკის კეთება, მეტიც – ამის გარდა სხვა ინტერესებიც არსებობს მის ცხოვრებაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ინტერვიუ მკითხველსაც დაარწმუნებს, რომ არსებობს რაღაცები, რის გარეშეც ცხოვრება მართლაც არ გამოგვდის და სადაც არ უნდა წავიდეთ, ის საქმე თავად გვპოულობს…

ირაკლი კირკიტაძე:

ბავშვობიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა აუდიოკასეტები იყიდებოდა, კლასიკურ მუსიკას ვუსმენდი, რაშიც დედაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე, დეიდა უკრავდა ფორტეპიანოზე და ხშირად ჰქონდა ჩართული რადიო, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. იმდენად, რომ, მართალია, ზუსტად რას უკრავდა და მღეროდა, დღეს არ მახსოვს, მაგრამ ის ხმა მეხსიერებაში ახლაც ჩარჩენილი მაქვს.

თინეიჯერობის ასაკში დავინტერესდი რეპით და უკვე თავად გავჭერი გზა მუსიკისკენ. ეს ეტაპი იქამდე გაგრძელდა, სანამ მეტალჟანრსა და System Of A Down-ს არ გავეცანი და გამიჩნდა ოცნება, რომ როკვარსკვლავი უნდა გავმხდარიყავი. დავიწყე გიტარაზე დაკვრა, თუმცა ჩემმა გიტარისტობამ დიდხანს არ გასტანა ჩემი სიზარმაცის გამო. მერე კი, რადგან მანამდე რეპში ვცადე ბედი, სადაც სულ რეჩიტატივებია, გადავწყვიტე, სიმღერის წერაც მეცადა უკვე როკჟანრში. 

M: ირაკლი, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ და დავალაგოთ – სხვადასხვა დროს სად იყავით და რა პროექტებში მონაწილეობდით?

ბავშვობაში ქუთაისში ვცხოვრობდი, სკოლაც იქ დავასრულე და თავიდან ბევრ მეტალისტს არ ვიცნობდი. მერე, როცა უნივერსიტეტში სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი, გავიცანი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც ბევრჯერ დამიკრავს ქუჩაში. ამ დროს დავწერეთ სიმღერა „რეანიმაცია” და შევხვდი ჩემი მომავალი ბენდის წევრებსაც. ეს იყო Evidence The Lost, რომელიც ჩემს მისვლამდეც არსებობდა და მე მათი აქტიური მსმენელი ვიყავი. როდესაც მეგობარმა რეკომენდაცია გამიწია და მოსმენა დამინიშნეს ამ ჯგუფში, სიხარულისგან შოკში ვიყავი. გამიმართლა და ამიყვანეს.

თუმცა გარკვეული დროის მერე დამეწყო დეპრესია, მქონდა რთული პერიოდი და ნელ-ნელა მივხვდი, რომ ვეღარ ვმღეროდი. ალბომი „შიზოფრენია”, რომელიც, წესით, მე უნდა ჩამეწერა, როგორც ფრონტმენს, ვერ ჩავწერე და გიტარისტის ვოკალი იქნა გამოყენებული. ამის მერე ბენდი მალე დაიშალა, სამწუხაროდ.

შემდეგი ეტაპი იყო, როცა მუსიკოსმა, რატი შენგელიამ მომწერა და მითხრა, რომ ბენდი X-MachinE ეძებდა ვოკალისტს. მაშინ ძალიან მჭირდებოდა სახლიდან გასვლის მოტივაცია და ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი. 

2016 წელს დავტოვე ეს ბენდი და ჩემმა მეგობარმა, გიორგი კორძახიამ შემომთავაზა საერთო პროექტში მონაწილეობა, Every dog has its day, სადაც სრულმასშტაბიანად ჩავერთე, ჩავწერეთ ალბომი, 2018 წელს მოვიგეთ Wacken Open Air-ის ბატლი და მოვხვდით ამ ფესტივალზე, რითაც ახდა ჩემი ბავშვობის ოცნება როკვარსკვლავობაზე – 70 000 ადამიანის წინაშე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სცენაზე წარვდექი.

დღეს ეს ბენდი წერტილოვნად მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე და არა ყოველდღიურად. მაგალითად, 2025 წლის ზაფხულში, როცა Sepultura-მ თბილისსა და ბათუმში კონცერტები გამართა, თბილისის კონცერტზე ამ ბენდთან ერთად დავუკარით ჩვენც. 

2020 წლიდან ისევ წყვეტა მქონდა. ამ დროს ისიც კი ვიფიქრე, რომ მუსიკიდან საერთოდ წამოვედი, თუმცა ეს ხმამაღლა არსად გამიჟღერებია. გადავერთე სხვა ინტერესებზე, რადგან ჩემთვის მხოლოდ მუსიკა არ არის ერთადერთი ამ ცხოვრებაში. 

თუმცა გასულ წელს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ აკეთებდა პროექტს Zombie Orchestra და სჭირდებოდა ჩემი ხმა. თავიდან უარზე ვიყავი, თუმცა, რადგან შემოთავაზება განმეორდა, მივედი და პირველივე რეპეტიციაზე ვიგრძენი, რომ მომნატრებია სარეპეტიციოც, სიმღერაც, ენერგიის მუსიკაში დახარჯვაც, ამიტომ პროექტს ვუთხარი „კი”. წეღან რომ Sepultura-ს ლაივები ვახსენე, ბათუმში უკვე ამ ბენდთან ერთად ვიყავი მეც წასული, ანუ ჯამში, ორივე დღეს გამოვედი, უბრალოდ, სხვადასხვა ბენდით.

გარდა ამისა, ალბომიც ჩავწერეთ, რომლის მიქსინგიც მიმდინარეობს და მალე გამოვა.

M: Psychonaut 4-ზეც ვისაუბროთ. საკმაოდ პოპულარული ბენდია. როგორ დაიწყო თქვენი ეს მოგზაურობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნეთ, რომ მუსიკაში მობრუნებას აღარც ფიქრობდით?

ყველაფერი ერთიანად დაემთხვა. იმ ბენდების პარალელურად, დამირეკა გიორგი კორძახიამ, Psychonaut 4-იდან და შემომთავაზა ბენდის ვოკალისტობა უკვე დაგეგმილი ტურებისთვის აზიაში. იმ დროს Black Metal-ში ნაცადი არ მყავდა თავი, ამიტომ ვუთხარი, რომ დავფიქრდებოდი, მაგრამ ტელეფონი როგორც კი გავთიშე, უკვე ვიცოდი, რომ მე ამას შევძლებდი. 

ასე გავხდი ამ ბენდის ვოკალისტი, წავედით ჩინეთში, სადაც ოთხი კონცერტი ჩავატარეთ და გადავედი ინტენსიურ რეჟიმზე, რადგან ევროპის მასშტაბით 18 ლაივი გვქონდა ყოველდღიურად. ამან ყველა შემოქმედებითი პაუზა ამანაზღაურებინა.

M: როგორია თქვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის შემოქმედებითი პროცესი?

ჩემთვის ინსპირაციის ორი წყაროა: გარემოფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს და სხვა გზას არ გიტოვებს, რომ რაღაცით არ უპასუხო და მეორე – მუსიკის აღქმა, როგორც ჩაღრმავება. ამის გამოხატულებაა პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობ გიორგი კორძახიასთან ერთად ცალკე, ანუ ორკაციანი პროექტია და ჰქვია „სამარე”. ესაა მუსიკა, როგორც იმ ყველაფრის გახსენება, თუ როგორ მოვედი აქამდე, ერთგვარი კვლევის პროცესია. 

უშუალოდ სიმღერებზე მუშაობისას უფრო დაფიქრებული ვარ, ნელა ვმუშაობ. შეიძლება ხუთი სიმღერისთვის ლექსის დაწერას რამდენიმე წელიც კი მოვანდომო. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ მანქანით მივდივარ სადმე, უცებ მომივიდა რაღაც ფრაზა თავში და ავტომობილი გავაჩერე, რომ ეს აზრი ჩამეწერა და არ დამვიწყებოდა.

საერთო ჯამში, მე პირადად ვერ დავაწესე მუსიკაში ის წესი, რომ მათემატიკურად სწორად ვიმუშაო, თავისით მოდის იდეები და პროცესიც ამას მიჰყვება.

M: რამდენად მოქმედებს თქვენზე მსმენელთან ურთიერთობა და ის უკუკავშირი, რასაც მათგან იღებთ?

ჩემთვის, როგორც ინტროვერტი ადამიანისთვის, სცენა აღმოჩნდა პლატფორმა, რომელიც გარემოსთან ურთიერთობისთვის ყველაზე კომფორტულია. თუკი სახლში ან სტუდიაში მუშაობისას უბრალოდ გამოკეტილი ვარ, სცენაზე შემიძლია, ბოლომდე გამოვხატო ემოციები, ის ხდება ჩვენი, ყველას გამაერთიანებელი და შემიძლია, მსმენელს ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მეც მტკენია, მეც მესმის მისი, მაგრამ ეს არაფერია, გაივლის.

M: ამჟამად რაზე მუშაობთ და რა უახლოესი გეგმები გაქვთ?

როგორც ვახსენე, ვმუშაობ პროექტზე „სამარე”, რომელიც ძირითადად ქართული ტექსტებით იქნება წარმოდგენილი, თუმცა შიგადაშიგ ინგლისურენოვანიც გამოერევა. ეს მუსიკა არაა კონკრეტული ჟანრის, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო აღმოჩნდება ბევრი ადამიანისთვის.

რაც შეეხება Zombie Orchestra-ს, ვგეგმავთ კონცერტებს ევროპაში, ხოლო  Psychonaut 4-თან ერთად უკვე დაანონსებულია მინიტური ბრიტანეთში და თებერვალში გვექნება ლათინური ამერიკის ტური.

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით ჩვენს მკითხველს?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკას ვუსმენ და ამ ეტაპზე, ბოლო პერიოდში, რაღაცნაირად, ცხოვრების ჰიმნივით მექცა ჰამლეტ გონაშვილის „გაფრინდი შავო მერცხალო”, ამიტომ მკითხველს ამას დავუტოვებ.

რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი

Audi-მ სრულად ელექტრო სპორტული ავტომობილის კონცეფცია წარადგინა