in

ირაკლი მიქიაშვილის ახდენილი ამერიკული ოცნება

ირაკლი მიქიაშვილს სან-ფრანცისკოში, სანსეტ უბანში, პატარა კაფეში შევხვდი. მანამდე რომ არ გვესაუბრა ფბ-ზე და არ მცოდნოდა, დაახლოებით, როგორ გამოიყურება, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ქართველია – ატმისფერი შარვლით, ფერადი პერანგითა და საყურეებით, – სახელიც, რომელიც მხოლოდ ფბ-სთვის შეცვლილი მეგონა, თურმე, სინამდვილეშიც შეცვლილი აქვს – მაიკ ვილი, – ამბობს, რომ ასე უფრო მარტივია ამერიკაში კომუნიკაცია და ზედმეტი კითხვებისთვის თავის არიდება.

დაახლოებით ოთხი წლის წინ, 4finance-ში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, კარგად უხდიდნენ, ბევრს ამოგზაურებდნენ და განვითარების საშუალებასაც აძლევდნენ. ამის მიუხედავად, ერთ დღეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: „სამსახურში ვიჯექი და გადავწყვიტე დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი. წამოვსულიყავი და წავსულიყავი ამერიკაში. არავის სჯეროდა. მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები აეროპორტში რომ ამბობდნენ, „ვახ, ეს მგონი მართლა მიდისო“.

ახლა ფიქრობს, რომ მისი ისტორია ტიპური ამერიკული ისტორიაა – 1200$ ჰქონდა, აქედან 800$-ით ბილეთი იყიდა. დანიშნულების ადგილი მარტივი კრიტერიუმებით შეარჩია: „ნიუ-იორკი არასდროს მომწონდა. ლოს ანჯელესი ზედმეტად სნობური იყო ჩემთვის, სან-ფრანცისკო ავირჩიე და არ ვნანობ“.

თავიდან რთული იყო. რამდენიმე დღე ოჯახის ახლობლებთან ცხოვრობდა. „სხვის ხარჯზე ვერ ვიცხოვრებდი, ამიტომ ვუთხარი ბინაც და სამსახურიც ვიპოვე-მეთქი და წამოვედი“. 200$ -ით, რომელიც კვებისთვის ჰქონდა გათვლილი, მანქანა იყიდა, რაღაც პერიოდი იქ ეძინა; პირველი სამსახური კი „ნეტვორკინგით“ იპოვა – ელექტროობასთან დაკავშირებულ საქმეებში ეხმარებოდა ბორიას, დღეში 11 საათს მუშაობდა და 70$-ს უხდიდნენ.„კავკასიის სამართლის სკოლა მქონდა ახალი დამთავრებული, ინგლისში ვსწავლობდი, გართობა მიყვარდა, უამრავ წვეულებას ვაწყობდი, არასდროს ფიზიკური შრომით არვყოფილვარ დაკავებული. სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. დეპრესია დამეწყო. ექვსი თვის გამავლობაში საერთოდ არ ვეკონტაქტებოდი ოჯახს. იმიტომ, რომ კარგი არაფერი მქონდა სათქმელი. მიჭირდა ისიც, რომ ბევრი ადამიანისგან ვიგრძენი უყურადღებობა, ერთხელ, საქართველოში ველაპარაკებოდი მეგობრებს, კითხვაზე, „რას შვრები, მანდ რას აკეთებო“, რომ ვუთხარი, დღისით ელექტრიკის მტვერს ვწმენდ და საღამოს რესტორანში წყალი დამაქვს დილის 2 საათამდე და ღამეში მხოლოდ საათ-ნახევარი მძინავს-მეთქი, დამცინეს, ამერიკაში მაგისთვის წახვედიო? უცბად მივხვდი, რომ ჩვეულებრივი „ლუზერი“ ვიყავი. მაგრამ მაშინაც კი, როცა ჩემი თავი 0 მეგონა, ჩემი და, სოფო, გამუდმებით მიმეორებდა, რომ მე ყველაფერი გამომივიდოდა და ეს გახდა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია. მიხვდი, რომ მიღწეულით არასდროს უნდა დავკმაყოფილებულიყავი და თუ მოვინდომებდი, ყველაფერს შევცვლიდი“.ცოტა ხანში, საშობაო წვეულებაზე მარიოს შეხვდა, რომელსაც ბროკერული კომპანია ჰქონდა. „მიუხედავად იმისა, რომ ტრეიდინგში არანაირი გამოცდილება არ მქონდა, ვუთხარი, რომ მაგრად გამომივიდოდა და მანაც მომცა შანსი. სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობამდე რომ მივედი, ერთი ქართველი, ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გავიცანი, მისი ისტორიაც ჩემსას ჰგავდა, ოღონდ მან ტაქსის მძღოლობიდან დაიწყო. მკითხა, რას შვრებიო, რომ მოვუყევი, აი, თვეში 3000$ გამოვიმუშავებ, კარგად ვარ-მეთქი, ასეთი რაღაც მირჩია, როგორც კი კმაყოფილებას იგრძნობ ხელფასით, იმ დღესვე წამოდი და უფრო დიდი რამ დაისახე მიზნად, იპოვე ის, რაც გაგაბედნიერებსო. რჩევა გავითვალისწინე და იმ სამსახურიდანაც წამოვედი“.

რადგან მანქანები უყვარდა, Stewart Chrysler Dodge Jeep Ram-ში მივიდა – მანქანები მინდა გავყიდოო. სტანდარტულ კითხვას, „რატომ უნდა აგიყვანოთ შენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გაქვსო“, ასე უპასუხა – ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდა ამიყვანოთ არის ის, რომ თუ არ ამიყვანთ, ინანებთო. აქაც აიყვანეს. ორ თვეში კალიფორნიის საუკეთესო გაყიდვების მენეჯერი გახდა, რამდენიმე თვეში ისევ დააწინაურეს და ახლა, ორი წლის შემდეგ, ამავე კომპანიის სამივე კორპორაციის გენერალური დირექტორის სტატუსი აქვს. „ბებო მეუბნებოდა, ყოველთვის გქონდეს backup გეგმაო. მაგრამ მე არასდროს მაქვს ასეთი გეგმა იმიტომ, რომ არ განვიხილავ წარუმატებლობას. მჯერა, რომ გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული“.

თუმცა იცის, რომ გამარჯვება მარტივად არ მოდის – “Hustling is all it takes to be successful“. ამბობს, რომ მთავარია შრომა, თავდადება, თავმდაბლობა და ნამდვილი ღიმილი, რომელიც არასდროს ეზარება, მაგრამ იღიმის მხოლოდ მაშინ, როცა მართლა იღიმის და ეს მომხმარებელთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ავტორი: მერი ქაჯაია

ფოტოს იმიტომ გიღებ, რომ ლამაზი ხარ! – Samsung-ის ემოციური ექსპერიმენტი

ავტომობილად ქცეული გოგრა და რბოლა სასახლეში – კონკიას ზღაპრის ალტერნატიული ვერსია Audi-სგან