in

ირაკლი მირზიკაშვილი – #პირველისამსახური

პირველი სამსახურის ჩემეული აღქმა სამ კომპანიაში მუშაობის ერთობლიობას უკავშირდება. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი სამხედრო მოსამსახურე. გამიმართლა და მოვხვდი კიდეც ოცნების სამსახურში, თუმცა იქამდე ორ კომპანიაში მივიღე გამოცდილება. პირველად მუშაობა, ESM-ის ბიზნესსკოლაში სწავლის პარალელურად, დაახლოებით, ათი წლის წინ დავიწყე. სასწავლებელში, პერიოდულად, სხვადასხვა ორგანიზაციის ვაკანსიის შესახებ გვატყობინებდნენ და მეც ვცადე ბედი. პირველად, საქართველოს ეროვნულ ბანკში მოვხვდი სტაჟირებაზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. მაშინ გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში სამსახურის ცნება. სწორედ იქ გავიაზრე ქვეყნისთვის მიკრო და მაკრო ეკომონიკის მნიშვნელობა. ცხადი გახდა იმ მანამდე უცხო ტერმინების არსი, როგორიცაა ვალუტა, ინფლაცია და სხვა. ჩემს ფუნქციებში შედიოდა ინდუსტრიებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის კვლევის რედაქტირება. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ სრულიად სხვა მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე.

რამდენიმე თვის შემდეგ, BDO-ში გადავინაცვლე, მარკეტინგის სპეციალისტად. ამ ვაკანსიის შესახებაც ESM-დან შევიტყვე. გავიარე შერჩევის სტანდარტული ეტაპები და დავიწყე მუშაობა. BDO საერთაშორისო კომპანიაა და ონბორდინგის ძალიან კარგი აქვთ. კარგად იაზრებენ თანამშრომლის ღირებულებას და მას ადაპტაციაში ეხმარებიან. ეს კულტურა ჩემთვის დღესაც სამაგალითოა.

BDO-ში ერთი წელი გავატარე და ბავშვობის ოცნების სამსახურში აღმოვჩნდი. ეს იყო სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. უნივერსიტეტის დასრულების პარალელურად, ორგანიზაციის მარკეტინგის სამმართველოს ხელმძღვანელობა ჩავიბარე. „დელტა“ სამხედრო პროდუქტების შექმნასა და გაყიდვაზე იყო ორიენტირებული. ძალიან საინტერესო პროცესი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიის შეფუთვაზე ზრუნვა, გაყიდვების არხების მოძიება და გაცნობა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გამოყენება. შევკრიბეთ მარკეტინგის გუნდი და ერთობლივად ვმუშაობდით. თიმბილდინგის პროცესების გამართვის კუთხით, ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო. სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიის გამო, სამუშაოს ტემპი ისეთი არ იყო, როგორსაც ვისურვებდი. „დელტაში“, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე. მიხარია, რომ მქონდა ბედნიერება ჩემივე ჰობი ყოფილიყო ჩემი სამსახური.

ირაკლი მირზიკაშვილი – „ექიმოს“ დირექტორი

რაც შევუკვეთე, ის ჩამოვიდა! – ბეკოს ახალი ვირტუალური სივრცე

ნახეთ: 50 წლის ვინილის განახლებული ვერსია